"იკვეთება, რომ ეს არის სააკაშვილის კომბინაცია და გვარამია-გაბუნია მისი ჭანჭიკები და შემსრულებლები არიან" - კვირის პალიტრა

"იკვეთება, რომ ეს არის სააკაშვილის კომბინაცია და გვარამია-გაბუნია მისი ჭანჭიკები და შემსრულებლები არიან"

ვინ არის კადიროვი, რატომ უწყალობა პუტინმა ამდენი უფლებები და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია გვესაუბრა.

- ჩემი აზრით, ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდება. საუბრის შინაარსიდანაც ჩანს, რომ სააკაშვილმა და ადეიშვილმა იცოდნენ თავდასხმის შესახებ, თვითონ ჩალიჩობდნენ რაღაცას, რადგან ჩანაწერში ისმის, დროზე ადრე გაჟონა ინფორმაციამო. როგორც ჩანს, სააკაშვილი ალაგებდა ურთიერთობას... გაბუნიასაც რომ ჰკითხეს, მანაც არ დამალა, რომ შესაძლოა სააკაშვილსაც სცოდნოდა ეს ამბავი, არ უთქვამს, მონტაჟიაო. დამრჩა შთაბეჭდილება, მისთვის ეს საკითხები არ იყო მოულოდნელი... სააკაშვილს უყვარს ფანტასტიკური სიუჟეტების მოგონება - თვითმფრინავებისა და ზვიგენების ისტორიისა არ იყოს. უკრაინაში მისი მეტსახელია ბარონი მიუნჰაუზენი. იკვეთება, რომ ეს არის სააკაშვილის კომბინაცია და გვარამია-გაბუნია მისი ჭანჭიკები და შემსრულებლები არიან.

- რა დატვირთვა აქვს ამ კომბინაციას?

- მათი საუბარი ადასტურებს ვერსიას, რომელიც მაქვს, თუმცა ჯერ ველოდები სუს-ის განცხადებას, რომელიც რატომღაც არ ჩანს. ვახა მაჩალიკაშვილიც კი ინგუშ ბიზნესმენზე არ ამბობს, რომ კილერობის რამე ეტყობოდა... რის საფუძველზე დააკავეს ბოკოვი? სუს-ს რა კომბინაცია ჰქონდა მოფიქრებული, ვერ გეტყვით, მაგრამ ყველას გამორჩა, რომ ინგუშეთში რთული პროცესები დაიწყო. თვითონ ის ინგუში ბიზნესმენი უთუოდ ინგუშ თანამოძმეებს დაუჭერდა მხარს კადიროვის წინააღმდეგ. ინგუშეთის მოვლენებმა იმდენად შელახა კადიროვის იმიჯი, რომ კრემლი, ფაქტობრივად, მისი შემცვლელის გამონახვას ცდილობდა. როგორც ვიცი, კადიროვმა გასცა ბრძანება და მისმა სპეცსამსახურმა ინგუშ საზოგადო მოღვაწეებზე დაიწყეს ნადირობა. ინგუშს რომ ქართველის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადაედგა, ძალიან მეეჭვება. როცა აფხაზეთში ომი მიმდინარეობდა, ინგუშებმა მაშინ არ გადადგეს ქართველების წინააღმდეგ ნაბიჯი...

- რა კავშირშია ეს ყველაფერი? - საქმე ისე ჩაიხლართა, სად თავია, სად ბოლო, ვერავინ არკვევს. სუს[-ი გაჩუმებულია და არ ვიცი, რატომ. მას დავუსვამდი სამ კითხვას: ოფიციალურად დაგვიდასტურონ ბოკოვის ვინაობა, რა მუხლითაა დაკავებული და გვიჩვენონ მისი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთმტკიცებები.

- სანდოა თქვენთვის გვარამიას ინფორმაცია შეკვეთით განზრახ მკვლელობაზე? - დისკრედიტებული ყოფილი გენპროკურორის მოადგილის ნარატივი არასერიოზულია. ის 2007 წლის 7 ნოემბერს ძმებ ბერძენიშვილებზე, ხაინდრავაზე, ნათელაშვილსა და სხვებზე ამბობდა, რომ იყვნენ აგენტები, რეზიდენტები და დღეს მათთან მეგობრობს... ამას ემატება სააკაშვილადეიშვილის ჩანაწერი. გვარამია თვითონ აცხადებს, რომ ინფორმაციამ სუს-იდან გაიჟონა. საინტერესოა, რა ინფორმაციამ გაჟონა? წინა რეჟიმის დამქაშები ისევ თანამდებობებზე არიან, მაგრამ ამჯერად მნიშვნელოვანია, სახელდობრ რა ამბავმა გაჟონა.

- კადიროვმა ბრალდებას მუქარით უპასუხა. როგორია მისი პოლიტდოსიე? - სამხედრო-სავალდებულო გაწვევის დროს ჩეჩენი ახალგაზრდები არ მიდიან რუსულ არმიაში, ყველა კადიროვის პირად არმიაში მსახურობს. ჩეჩნეთის შეიარაღებული ფორმირებები 2002 წელს ფედერალების მხარეს გადავიდნენ. მანამდე მოქმედებდა ჩეჩნეთის მილიცია, რომელიც შედგებოდა იამადაევებისა და კადიროვის ბოევიკებისგან. 2002 წლის მარტში შეიქმნა სპეციალური ასეული, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სამთო დაჯგუფების კომენდატურას ექვემდებარებოდა. 2003 წელს ის სპეციალურ ბატალიონად გადაკეთდა, სახელწოდებით "აღმოსავლეთი" და 1500 კაცისგან შედგებოდა. ამ დროს, ე.წ. კადიროვცები ჩეჩნეთის პრეზიდენტის ალუ ალხანოვის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურში შევიდნენ. მესამე ჩეჩნეთის ფორმირება - 42-ე მოტომსროლელი დივიზიის სპეცბატალიონი "დასავლეთი" საიდ-მაგომედ კაკიევის მეთაურობით ძველი ოპონენტ-სეპარატისტებისგან შედგებოდა. კაკიევი 1992 წლიდან ჯოჰარ დუდაევთან ერთად იბრძოდა. მათი ხელმძღვანელი იყო უმარ ავტორხანოვი. 1994 წელს მისმა ჯარისკაცებმა დაიკავეს გროზნოს სატელევიზიო ცენტრი, "თავი ისახელეს" რუსეთის ფედერაციის მიერ ჩეჩნეთის დედაქალაქის შტურმის დროს... ჩეჩნების ახალი შემოდინება ძალოვან სტრუქტურებში დაემთხვა 2002 წელს ჩეჩნეთის შსს-ს დაარსებას. იმ დროს აჰმად კადიროვმა დაარწმუნა კრემლი, რომ შეძლებდა იმ ბოევიკების გადმობირებას, რომლებიც ტყეებსა და მთებში იმალებოდნენ. საბოლოოდ, ჩეჩნეთის პოლიცია "მონანიებული" სეპარატისტებით შეივსო. სხვადასხვა წყაროდან ცნობილია, რომ 2002-2005 წლებში აჰმად კადიროვმა შეძლო 7-14 ათასამდე ბოევიკის გადმობირება. ისინი ჩეჩნეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურსა და რესპუბლიკის შსს-ს საპატრულო სამსახურში შევიდნენ. მილიციის დანაყოფი შეადგენდა 4000 კაცს, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ სასროლი იარაღებით, БТР-ებით და სარაკეტო დანადგარებით. 2005 წელს ჩეჩნეთში შეიქმნა ანტიტერორისტული ცენტრი, რომელშიც შევიდნენ ჩეჩნეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. 2006 წელს ცენტრი გაუქმდა და მისი თანამშრომლების ნაწილისა და მილიციისგან შეიქმნა ორი სპეცბატალიონი - "სამხრეთი" და "ჩრდილოეთი", რომელიც 1200 მებრძოლისგან შედგებოდა.

2005 წლისთვის კრემლმა რამზან კადიროვის ჩეჩნეთის რესპუბლიკის "ბელადად" დანიშვნა გადაწყვიტა. 2007 წელს პუტინმა ჩეჩნეთის სამხედრო დაჯგუფება 50 ათასიდან 25 ათას კაცამდე შეამცირა. ამ დროს კადიროვმა ხელში ჩაიგდო ოპერატიულ-საგამოძიებო ბიურო და თავის კონტროლს დაუქვემდებარა შსს, რომელშიც იყო შექმნილი სპეცდანიშნულების პოლკი. მისი ფუნქცია იყო ტერორიზმთან ბრძოლა ჩეჩნეთს გარეთ. რამდენიმე წელიწადში ჩეჩნეთის მილიცია გასამმაგდა. 2003 წელს თუ შტატი 5,5 ათას კაცს შეადგენდა, შემდგომ წლებში ის 16 ათას კაცამდე გაიზარდა. იყო ასევე შსს-ს ცალკე დანაყოფი, რომელიც პირადად კადიროვს ემორჩილებოდა, ე.წ. კერძო დაცვის პოლკი, რომელიც მილსადენებსა და ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას იცავდა. ამ პოლკში 1500-დან 4500 კაცამდე შედიოდა. პირადად კადიროვს, რომელსაც გენერალ-მაიორის წოდება ჰქონდა, ემორჩილებოდა ჩეჩნეთის ომონი, რომელიც 300 მებრძოლისგან შედგებოდა. ჩეჩნეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის ერთადერთი რეგიონია, რომელსაც ოფიციალურმა კრემლმა ადგილობრივი დანაყოფების შექმნის უფლება მისცა. სხვადასხვა საინფორმაციო წყაროდან ცნობილია, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტს 10-30 ათასამდე მებრძოლი ჰყავს - არმია, რომელიც დაკომპლექტებულია ნაციონალური პრინციპით, ყველაზე ძლიერი დაჯგუფება თანამედროვე რუსეთის ფედერაციაში.