"გახარია ერთჯერადი გამოყენების ორთქლმავლის როლს შეასრულებს" - კვირის პალიტრა

"გახარია ერთჯერადი გამოყენების ორთქლმავლის როლს შეასრულებს"

"ფაქტობრივად, ჩვენ პოლიტიკურ პროცესში გვყავს ორი ტიტანიკი, რომლებიც იძირებიან, მაგრამ ერთმანეთისთვის ქვემეხების დაშენას თავს მაინც არ ანებებენ"

2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან, როდესაც ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებდა, რის საფუძველზეც საარჩევნო სისტემა შეიცვლებოდა, ერთი წელი გავიდა და დიდი საერთაშორისო გამოხმაურებისა თუ რთული შიდაპოლიტიკური პროცესების შედეგად პარლამენტმა ცვლილებები პირველი მოსმენით, როგორც იქნა, მიიღო. შეგახსენებთ, შემოდგომაზე პირველი მცდელობა, შეცვლილიყო ე.წ. შერეული საარჩევნო მოდელი პროპორციულით, "ქართულმა ოცნებამ" ჩააგდო. ამჯერად საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველ მოსმენაზე 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 კი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტაციამ, თუმცა ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა "ევროპულმა საქართველომ", ოღონდ იმ პირობით, რომ მეორე მოსმენამდე საპატიმროდან გაათავისუფლებენ გიორგი რურუას, რომელსაც ოპოზიცია პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

- დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე და მესამე მოსმენითაც მიიღებენ, რადგან ეს არის უპირველესად სახელმწიფოს ინტერესებში. ეს მოდელი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მულტიპარტიული სისტემა დამკვიდრდეს და ერთხელ და სამუდამოდ დავაღწიოთ თავი ძალაუფლების უზურპაციის საფრთხეს. მოგეხსენებათ, ამ პროცესს დასავლეთი აქტიურად აზღვევს და სიურპრიზებს, ალბათ, აღარ უნდა ველოდოთ, თუმცა ამ ქვეყანაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რაც შეეხება ოპოზიციას, ვფიქრობ, "ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილება სწორია. ეს მათი ტაქტიკის ნაწილია, მათ არ დააყენეს საფრთხის წინაშე მნიშვნელოვანი ცვლილებები და, იმავდროულად, დღის წესრიგში დატოვეს რურუას საკითხი. არ ვიცი, ხელისუფლება გაათავისუფლებს თუ არა რურუას, თუმცა, თუ ეს არ მოხდა, მიუხედავად იმისა, რამდენად პრინციპულია რაღაც პირობების შესრულება, ბუნებრივია, რომ საკონსტიტუციო პროცესი ამან არ უნდა შეაფერხოს. თითოეული ადამიანის ბედი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი კრიზისი ყველა შემთხვევაში უნდა იყოს აცილებული. ვფიქრობ, ოპოზიციას პოლიტიკური დანაკარგი არ ექნება იმის გამო, თუ ახლა რაღაცას შეცვლიან. ველოდები რურუას განმარტებას ციხიდან, სადაც ის პარტიებს მიმართავს, რომ მისი პირადი ბედი ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს არ დაუკავშირონ. ეს მისთვისაც მომგებიანი პოზიცია იქნება.

- ბოლო დროის ყველაზე ხმაურიან თემაზე გადავიდეთ. მოგეხსენებათ, ცნობილი გახდა, რომ თბილისში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის საქმეზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ შეკვეთის კვალი რუსეთში, კერძოდ, ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვამდე შეიძლება მიდიოდეს. - საქართველოში ისეა მიღებული, რომ საკუთარ პოლიტიკურ გემოვნებაზე აგებენ ამა თუ იმ უმნიშვნელოვანესი საკითხის ანალიზს და სხვისკენ ხელის გასაშვერად იყენებენ. ამ ვითარებაშიც ყველა მხრიდან უკვე ისმის შეთქმულების თეორიები. მოდი, ამ ყველაფერს თავი დავანებოთ და მხოლოდ ფაქტებზე ვილაპარაკოთ. დავიწყოთ მომხდარის სამართლებრივი კვალიფიკაციით. ვფიქრობ, რომ შეკვეთილი მკვლელობის კვალიფიკაცია არ არის სწორი და გეტყვით რატომ. საქმე ისაა, რომ, ჩემი აზრით, მიზანი ამ შეკვეთისა არ იყო მხოლოდ გაბუნიას ლიკვიდაცია, უფრო მეტად ამის მიზანი იყო ჩვენს საზოგადოებაში შიშის დათესვა, აგრესიის გამოწვევა, დესტაბილიზაცია და მასშტაბური კრიზისის შექმნა.

შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობით, ამის კვალიფიკაცია უნდა იყოს არა შეკვეთილი მკვლელობა, არამედ ტერაქტი, რომლის მიზნებიც ერთი ადამიანის მკვლელობას მნიშვნელოვნად სცილდება. ვილაპარაკოთ ფაქტებზე, ამისთვის დავსვათ კითხვები:

1. შექმნა თუ არა გაბუნიამ იმის საფუძველი, რომ რუსეთის ნახევრად კრიმინალურ ხელისუფლებას ეფიქრა შურისძიებაზე? - დიახ, შექმნა იმ ცნობილი განცხადებით, რომელიც შეურაცხყოფდა რუსეთის ხელმძღვანელობას. ამ განცხადების ფორმა და ტონი მეც არ მომეწონა. ვფიქრობ, რომ არა აქვს მნიშვნელობა სხვა იმსახურებს ამას თუ არა, ადამიანმა უპირველესად საკუთარ თავს უნდა სცეს პატივი და ასეთი ფრაზებით არ ილაპარაკოს.

2. შეიძლებოდა თუ არა ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებას ჩაეფიქრებინა გაბუნიას დასჯა? - გამოცდილება აჩვენებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ამგვარი განზრახვა შეიძლება ჰქონოდა.

3. მოვისმინეთ თუ არა კონკრეტული მუქარა რამზან კადიროვისგან, რომელიც ეჭვმიტანილია ამ ტიპის სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაში? - დიახ, მოვისმინეთ.

მოკლედ, ჩვენ თუ ამ მოვლენების ჯაჭვს შევხედავთ, გამოძიების დასრულებამდე მართალია ვერაფრის მტკიცებას ვერ დავიწყებთ, მაგრამ საკმაოდ ბევრი მიზეზია იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლებისა და რამზან კადიროვის მხრიდან გაბუნიას მკვლელობის შეკვეთა ერთ-ერთ მთავარ ვერსიად განვიხილოთ.

გამომდინარე იქიდან, რომ მე ამას ტერაქტად მივიჩნევ, ამ თემას აქვს 2 განზომილება. ერთი - სისხლის სამართლებრივი, რაშიც ბუნებრივია ვერ ჩავერევით. ამ მიმართულებით ბევრი სპეციფიკური თემა შეიძლება იყოს, რაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ხმამაღლა ვერ ითქმება... მეორე - პოლიტიკური განზომილებაა, რისი გამოცდილება ბევრ ქვეყანაში დაგროვდა უკვე. გავიხსენოთ "სოლსბერის საქმე", გამოძიება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო, როდესაც ეჭვი მაღალი ალბათობით მიიტანეს რუსეთის ხელისუფლებაზე და ამის თაობაზე პოლიტიკური განცხადებები მეორე დღიდანვე კეთდებოდა. პოლიტიკოსი იმის პოლიტიკოსია, რომ საჯაროდ ილაპარაკოს ვერსიებზე. ეს უნდა იყოს პოლიტიკური განხილვის თემა და აბსოლუტურად არ ვეთანხმები იმ განცხადებებს, რომ თურმე უნდა დაველოდოთ გამოძიებას. არ მესმის ჩვენი ხელისუფლების დუმილის - მაინც, რას უნდა დაველოდოთ? თუ ვუშვებთ, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო და კვლავაც მოხდეს, პრევენციის ერთადერთი საშუალება ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი და საჯაროობაა...

- პოლიტიკური შეფასებები მაინც ისმის იმავე ხელისუფლებისგან, რომელიც ისრების გადატანას ბოლო დღეების განმავლობაში "ნაციონალურ მოძრაობაზე" ცდილობდა... თუ საკითხს დავსვამთ ასე, რომ შეკვეთილი მკვლელობის უპირველესი მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა შეიძლება ყოფილიყო, ჩნდება კითხვა, ვის სურს დღეს ქვეყანაში არეულობის გამოწვევა ყველაზე მეტად? - ნებისმიერი მხარისკენ შეიძლება ხელის გაშვერა. კი, ხელისუფლება ცდილობს "ნაციონალურ მოძრაობასა" და სააკაშვილზე გააკეთოს მინიშნება და მას დასდოს ბრალი დესტაბილიზაციის სურვილში, თუმცა ამგვარი შეთქმულების თეორიის ადრესატი ხელისუფლებაც შეიძლება იყოს - არსებობს გარკვეული საკითხები, რის გამოც ვიღაცამ შეიძლება დაუშვას, რომ "ქართულ ოცნებასაც" აწყობს არეულობა... მოკლედ, ეს არის ქოთანი, რომელსაც შეიძლება ყური ნებისმიერ მხარეს მოებას. შესაბამისად, თუ ჩვენ შიგაპოლიტიკურ მოტივებზე ვილაპარაკებთ, ეს არ არის მასშტაბურად სახელმწიფო უსაფრთხოების საქმე, შიგაპოლიტიკურ პროცესში ჩვენ რაღაცნაირად დავლაგდებით. გაცილებით სახიფათოა, თუ ეს არის საერთაშორისო ტერორიზმის აქტი, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი უფრო ფართო გაგებით. რუსეთს რომ აქ დესტაბილიზაცია ყველაზე მეტად შეიძლება აწყობდეს, არა მგონია, ამას დიდი მკითხაობა სჭირდებოდეს.

გავიხსენოთ, პარალელურად გერმანიაში მიმდინარეობს ზელიმხან ხანგოშვილის საქმე. ამ ორი თემის პარალელურად განხილვა შეგვიძლია.

კარგი, მესმის, რომ ხელისუფლებას კაპიტულანტური განწყობები და რუსეთის ხელისუფლების ეგზისტენციალური შიში აქვს... კარგი, შეიძლება კრემლისკენ არ გაიშვირო ხელი, მაგრამ კადიროვზე, როგორც ღია მუქარის ავტორზე, ხომ უნდა თქვა რაღაც?! გარდა ამისა, ხანგოშვილის თემაზე ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ, არადა, ხანგოშვილი საქართველოს მოქალაქე იყო. მის მკვლელობაში გერმანიის პროკურატურა პირდაპირ ბრალს სდებს რუსეთის ხელისუფლებას, ამაზე მერკელმაც გააკეთა განცხადება, საქართველოს ხელისუფლება კი გასუსულია.

ეს ყველაფერი აძლიერებს ეჭვებს, ზრდის კითხვების რაოდენობას. მეტსაც გეტყვთ, ჭკვიანი ხელისუფალი ამ ვითარებას სათავისოდ გამოიყენებდა. საქმე ისაა, რომ ჩვენი ხელისუფლება კარგა ხანია დასავლეთის მხრიდან რუსეთთან რაღაც ტიპის ურთიერთობებშია ეჭვმიტანილი და ამაზე ზოგჯერ ღიადაც ლაპარაკობენ უკვე, შესაბამისად, "ქართულ ოცნებას" შეეძლო გაბუნიას საქმის მეშვეობით ჩამოერეცხა ეს იმიჯი. პირდაპირ კოზირი დააჭერინეს ხელში, რომ ამაზე აეგოთ, ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკური ალიბი, მაგრამ ამას არ იყენებენ, მეტიც, არანაირ განცხადებას არ აკეთებენ... რასთან გვაქვს საქმე? ასეთ ვითარებაში, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ან მძევალი ხარ რაღაცის და ამიტომ ვერაფერს ბედავ, ან უსაშველოდ მშიშარა ხარ.

- 20 ივნისს ერთი წელი გავიდა შარშანდელი მძიმე პოლიტიკური პროცესებიდან. როგორ შეიძლება შეფასდეს ამ გადასახედიდან მომხდარი? - სამწუხაროდ, ისტორიული გამოცდილებიდან ჩვენ ვერაფერს ვსწავლობთ. ასეთი დრამატული დღეები, როგორიც იყო 7 ნოემბერი თუ 20 ივნისი, საზოგადოებისთვის უფრო გამაერთიანებელი უნდა იყოს, ვიდრე გამყოფი, არადა, ასე არ მოხდა...

უკვე რამდენჯერ ვნახეთ მსგავსი პროცესები, როდესაც თავიდან თითქოს ხელისუფლება მოქმედებს საკუთარი უფლებების ფარგლებში, ასრულებს ლეგიტიმურ ფუნქციებს, რეაგირებს რაღაც უკანონობაზე, თუმცა მერე ეს გადადის ძალის გადამეტებაში, საბოლოო ჯამში კი ძალის ბოროტად გამოყენებად იქცევა. არც ოპოზიცია გამოიყურება ხოლმე წელში გამოყვანილად, ისინიც მზად არიან, რომ გარკვეულწილად ხელისუფლება პროვოკაციაზე წამოაგონ. ეს მეორდება ისევ და ისევ და ერთხელ დაშვებული შეცდომისგან ვერაფერს ვსწავლობთ.

დავსვათ კითხვა, 20 ივნისის პროტესტს ჰქონდა თუ არა ლეგიტიმური საფუძველი? - რა თქმა უნდა, ჰქონდა. გავრილოვის პარლამენტში დანახვისთანვე ადამიანები გავიდნენ ქუჩაში, აქცია დაიწყო სპონტანურად და თუ გახსოვთ, თავიდან პოლიტიკოსებს ტრიბუნაზეც არ უშვებდნენ. ყველაფერი დაიწყო ანტისაოკუპაციო პროტესტით და პოლიტიკური მოთხოვნა იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს აეღო პასუხისმგებლობა და გადამდგარიყო, მოგვიანებით მიემატა პროპორციული არჩევნების მოთხოვნა, ანუ პროტესტის მოთხოვნებიც იყო სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი. საბოლოოდ ეს ორივე მოთხოვნა შესრულდა, გადადგომამ მოუწია კობახიძესაც, სახელმწიფოში აბსოლუტური ძალაუფლების პირისგან კი მოვისმინეთ საკონსტიტუციო ცვლილებების დაპირებაც, მერე ეს როგორ გადათქვეს, სხვა საქმეა, მაგრამ იმ ეტაპზე აქციის მოთხოვნები შესრულდა... შესაბამისად, ეს უნდა ყოფილიყო საზოგადოების გაერთიანების, გამთლიანების საფუძველი, ჭკვიანი ხელისუფლება ამას გამოიყენებდა სახელმწიფოს სასარგებლოდ, თუნდაც საკუთარი იმიჯისთვის და დასჯიდა ყველას, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა და კანონს არღვევდა, როგორც ოპოზიციისგან, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ოღონდ ადეკვატურად დასჯიდა... ანუ არა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, რაც სისულელე იყო და პროცესში ესეც დადასტურდა, ამ მუხლით არავინ გასამართლებულა... ხელისუფლებას მიეცა კიდევ ერთი შანსი საზოგადოების კონსოლიდაციის და მან ეს შანსი არ გამოიყენა. სამაგიეროდ, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდება, თუმცა ასევე ტრადიციულად, მომხდარის გამო არავინ დაისაჯა... ხელისუფლებები იცვლება, სამწუხაროდ, მეთოდები იგივე რჩება... სისტემა, რომელიც მუშაობს თვითგადარჩენის პრინციპით, დღესაც მძვინვარებს.

- ოპოზიციური გაერთიანება, რომელიც ლეიბორისტული მაგიდის გარშემო იკრიბება ხოლმე, მივიდა გარკვეულ შეთანხმებამდე და თბილისის 6 ოლქში წარადგინა ერთიანი კანდიდატები... რამდენად შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს ეს ტაქტიკა გაერთიანებული ოპოზიციისთვის? - თუ გავითვალისწინებთ დასახელებული კანდიდატების ცნობადობას, ციტირების ინდექსს, სადებატო უნარებს და პოლიტიკურ გამოცდილებას, ისინი პერსონალურად ნამდვილად ძლიერად გამოიყურებიან და მათ საპირწონედ კანდიდატების შერჩევა, ვფიქრობ, რომ "ქართულ ოცნებაში" გაუჭირდებათ. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ გაერთიანებაში მოქმედებს ე.წ. ტიტანიკის პრინციპი...

- რას გულისხმობთ? - იმას, რომ ეს გაერთიანება ასოცირდება კომპრომეტირებულ წარსულთან, რაზეც მუდმივად პედალირებს "ქართული ოცნება", მაგრამ უბედურება ისაა, რომ აწმყოც გვარიანად არის კომპრომეტირებული. ფაქტობრივად, ჩვენ პოლიტიკურ პროცესში გვყავს ორი ტიტანიკი, რომლებიც იძირებიან, მაგრამ ერთმანეთისთვის ქვემეხების დაშენას თავს მაინც არ ანებებენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევამაც აჩვენა, რომ ჩვენს საზოგადოებაში სიახლეზეა მოთხოვნა, ამომრჩეველს არც კომპრომეტირებული წარსული, ანუ "ნაციონალური მოძრაობა" და მის ორბიტაზე მოძრავი პოლიტიკური ძალები უნდა და არც კომპრომეტირებული აწმყო "ქართული ოცნების" სახით და ეძებს ალტერნატიულ არჩევანს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ისევ არ ჩანს ეს ალტერნატიული არჩევანი და ისევ ნეგატიურ პოლიტიკურ ციკლში შევდივართ, როდესაც ამომრჩეველი ან არ წავა არჩევნებზე, ან მოუწევს ისევ ცუდსა და უარესს შორის გააკეთოს არჩევანი... როდესაც ასეთი ნეგატიური არჩევანის წინაშე დგას ამომრჩეველი, აქ პოლიტიკური ძალის რესურსებს ენიჭება დიდი მნიშვნელობა. ამიტომ ოპოზიციის ეს კანდიდატები პერსონალური პოლიტიკური წონით შეიძლება უფრო ძლიერები იყვნენ, ვიდრე ხელისუფლების სავარაუდო კანდიდატები, თუმცა, საბოლოოდ რესურსის კომპონენტი ხელისუფლებას აუცილებლად მისცემს გარკვეულ უპირატესობას.

- ოპოზიციას თბილისის ორ ოლქში ჯერ კიდევ არ დაუსახელებია თავისი კანდიდატები, ამბობენ, ერთ-ერთი, ვისთანაც მოლაპარაკება მიმდინარეობს, არის ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი... - მივესალმები გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურ გააქტიურებას, მაგრამ მიმაჩნია, რომ თუ გადადგამს ამ ნაბიჯს, ის უნდა იყოს ზეპარტიული კანდიდატი და არანაირად ამ ჯგუფის წარმომადგენელი.

- საზოგადოება ელოდა, რომ "ლელო" მოახერხებდა ძლიერ მესამე პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას, თუმცა ჯერჯერობით ეს პოლიტიკური ძალა დიდად შთამბეჭდავად ვერ გამოიყურება... - დიახ, "ლელოს" ნამდვილად აქვს რესურსი, ჩამოყალიბდეს ალტერნატიულ ძალად, ვგულისხმობ როგორც მატერიალურ, ასევე იმის შესაძლებლობასაც, რომ ტექნიკური ინფრასტრუქტურა განავითაროს ქვეყნის მასშტაბით, ანუ უზრუნველყოს არჩევნებში მონაწილეობა როგორც მატერიალური, ისე ორგანიზაციული თვალსაზრისით. ჩვენ რასაც ახლა ვუყურებთ, ცხადად ჩანს, რომ "ლელოს" შეუძლია კარგი პოლიტიკური შემადგენლობის შეკრება, მაგრამ მას აკლია ორთქლმავალი - გამწევი ძალა, რომელიც ამ კარგ შემადგენლობას ჩაიბამს და წავა დანიშნულების ადგილისკენ. ეს ამოცანა არ არის მარტივი, მაგრამ მისი შესრულების შანსი ჯერ კიდევ არსებობს...

- ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან კობერიძემ შექმნეს ახალი პოლიტიკური პლატფორმა, თუმცა მათი შემოსვლა პოლიტიკურ არენაზე საკმაოდ სკანდალურად მოხდა. მოგეხსენებათ, ანა დოლიძე კვლავ რჩება იუსტიციის საბჭოს წევრად, რასაც ბევრი უკანონობად მიიჩნევს... - პოლიტიკურ ასპარეზზე რაც უფრო მეტი ახალი მსგავსი ჯგუფი გაჩნდება, ეს აუცილებლად წაადგება პოლიტიკურ პროცესს. ბოლოს და ბოლოს, მივალთ იმ მულტიპარტიულ მოდელამდე, რაც საქართველოსთვის ამ ეტაპზე აუცილებელია. ჩვენ უნდა დავაზღვიოთ ძალაუფლება უზურპაციისგან, არადა, აქამდე ძირითადად ასე ხდებოდა - ვინც მოვიდა ხელისუფლებაში, ყველამ ძალაუფლების უზურპაცია სცადა... ამისგან თავის დაღწევის საშუალება ევროპული მულტიპარტიული დემოკრატიაა. შესაბამისად, ახალი პარტიების გაჩენის პროცესი მისასალმებელია... მაგრამ, ვფიქრობ, ეს განაცხადი მათი მხრიდან, არ იყო კარგად მომზადებული. შესაბამისად, წარდგენის დღესვე სკანდალი და შესაბამისად ზიანიც მიიღეს...

მეც ვფიქრობ, რომ მინიმუმ პრეზენტაციის წინადღეს, ანა დოლიძე უნდა გადამდგარიყო იუსტიციის საბჭოს წევრობიდან და მხოლოდ ამის მერე გამოეხატა პოლიტიკური ამბიცია. არგუმენტი, რომ თურმე ფორმალურად კანონს არ არღვევს, პოლიტიკურად წამგებიანია...

- ყველა ინტერესით ელის, ვინ იქნებიან "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები და როგორი იქნება საარჩევნო სია. გავრცელებული ინფორმაციით, სიაში პირველი პრემიერი გიორგი გახარია იქნება... - მოდი, თავშივე ვთქვათ, რომ "ქართული ოცნება" არის ერთი ადამიანი, ანუ ეს პოლიტიკური ძალა უდრის ბიძინა ივანიშვილს. ამ ეტაპზე გაჩნდა ახალი ფაქტორი - გახარია, რომელიც სიის პირველი ნომერი იქნება თუ პრემიერ-მინისტრი, ნებისმიერ შემთხვევაში შეასრულებს ერთჯერადი გამოყენების ორთქლმავლის როლს. მისი კარიერის პერსპექტივაზე ოპტიმისტურად განწყობილი ვერ ვარ. ბიძინა ივანიშვილს ახლა მის მიმართ აქვს კოგნიტური დისონანსი. ერთი მხრივ ის ხვდება, რომ მას ამ არჩევნების მოსაგებად გახარია სჭირდება, მეორე მხრივ გახარია, როგორც პოლიტიკური ავტორიტეტი, არღვევს მისი, როგორც აბსოლუტური მმართველის "რელიგიას". შესაბამისად, გახარია იქნება მთავარი ფიგურა ამ არჩევნებზე, შემდგომ კი შედარებით რბილი ან შესაძლოა მძიმე ფორმით, გაუშვებენ.