ანა დოლიძე: "ჩემს წინააღმდეგ დაიწყო ბინძური კამპანია, რომელიც ალბათ, "ოცნების" ოფისში დაიგეგმა"
ანა დოლიძე: "ჩემს წინააღმდეგ დაიწყო ბინძური კამპანია, რომელიც ალბათ, "ოცნების" ოფისში დაიგეგმა"
"ჩემთან დაკავშირებით ჯანეზაშვილის ჰიპერაქტიურობა, სამწუხაროდ, მაფიქრებს, რომ ის სათავეში უდგას მიქაუტაძის, გვრიტიშვილის, მეთოფიშვილის კლანის კამპანიას, რომლის მიზანია, შელახოს ჩემი იმიჯი"

ნაზი ჯანეზაშვილის მოსაზრებას არ იზიარებს ანა დოლიძე და მას ე.წ. სასამართლოს კლანთან ერთად მის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი მიიჩნევს, რომ მისი საჯარო საქმიანობა არ ეწინააღმდეგება კანონს და, შესაბამისად, ეს არ არის თანამდებობრივი შეუთავსებლობა. თუ გადაწყვეტს, კენჭი იყაროს, მაშინ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

- გავიხსენოთ ჩემი საქმიანობა იუსტიციის
საბჭოში. ორი წელია, ტელევიზიით უმწვავესად შუქდება საბჭოში მიმდინარე პროცესები. იყო თავდასხმა, შეურაცხყოფა, ერთხელ ფიზიკურ ძალადობამდეც კი მივიდა საქმე და მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი პრეზიდენტის დანიშნული,­ თანაც - ქალი, სალომე ზურაბიშვილს არც ერთხელ ხმა არ ამოუღია. არც ინსტიტუციურად დაუჭერია მხარი და არც - ადამიანურად. მას
ჟურნალისტებმა არაერთხელ სთხოვეს, გამოეხატა აზრი სასამართლოს კლანთან დაკავშირებით, მაგრამ განაცხადა, სასამართლოს ამბებზე რეაგირების უფლება არ მაქვსო, დღეს კი უსწრაფესად გაა­კეთა განცხადება და პროცესში ჩაერთო. ეს აჩვენებს, რომ ეს პროცესი მართულია. ჩემს წინააღმდეგ დაიწყო ბინძური კამპანია, რომელიც, ალბათ, "ოცნების" ოფისში დაიგეგმა. "ნაცქოცური" ალიანსი დაინტერესებულია, ჰორიზონტზე არ გამოჩნდეს ძლიერი ადამიანი ან ჯგუფი, რომელიც დღევანდელ დღის წესრიგს შექმნის. ეს არის ბინძური­ პოლიტიკური სქემა, რომლის მთავარი ამოცანაა, დააზიანოს ყველა, ვინც შეიძლება "ნაცქოცურ" ალიანსს დაუპირისპირდეს.

- ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ჯერ კიდევ ცხრა თვის წინ ითხოვდნენ თქვენს გადადგომას, მაშინ ამ მოთხოვნით პრეზიდენტსაც მიმართეს.
- ეს განცხადება რომ გაიგზავნა, მაშინაც არაფერი უთქვამს პრეზიდენტს. თუ მაშინ არ ვმონაწილეობდი პოლიტიკურ საქმიანობაში, მას მერე რა შეიცვალა? დავაარსე არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძ­რაობა ხალხისთვის" და ეს იუსტიციის საბჭოს წევრისთვის ნებადართულია. მე კანონს არ ვარღვევ. ალეკო ელისაშვილსა და ლევან კობერიძესთან ერთად თუ გამოვჩნდი­ და ფოტო გადავიღე, ეს ჩემი კონსტიტუციური უფლებაა. გული უსკდება "ოცნებას", რომ სადმე რამე ერთობა არ გამოჩნდეს. ამიტომ არის 24 საათის განმავლობაში ჩემკენ ყურადღება მომართული. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ ჯანეზაშვილის მიერ ელისაშვილის უადგილო შეურაცხყოფა და ამ საქმეში ჩუგოშვილის გარევაც. თურმე ნაზი ჯანეზაშვილი თვითონ ფარავდა დანაშაულს! თუ ერთი წელია, თამარ ჩუგოშვილი მასთან სატელეფონო მოლაპარაკებებს აწარმოებს, რაც ჩემთვის, როგორც თანამებრძოლისთვის, არ უთქვამს და ამას ფარავდა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რა გამოდის?!

- ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ თქვენ მისი პოზიცია აქამდეც იცოდით...
- სამწუხაროა ნაზის საქციელი. მას ჩემს თანამებრძოლად ვთვლიდი. ჩემთან დაკავშირებით ჯანეზაშვილის ჰიპერაქტიურობა მაფიქრებინებს, რომ ის სათავეში უდგას მიქაუტაძის, გვრიტიშვილის, მეთოფიშვილის კლანის კამპანიას, რომლის მიზანია, შელახოს ჩემი იმიჯი. 2017 წელს ირაკლი კობახიძეც იმავე საკითხზე მეკამათებოდა პარლამენტში და ეს პარალელები ძალიან მაფიქრებს. თუ საუბარია სამართლებრივ საკითხზე, მე ველოდები გვრიტიშვილის, მეთოფიშვილის, ჩინჩალაძისა და ჯანეზაშვილის ერთობლივ სარჩელს ჩემს წინააღმდეგ. 21 მაისს დავაარსე ორგანიზაცია, იმის შემდეგ სამჯერ ვნახეთ ერთმანეთი იუსტიციის საბჭოში და მას არც ერთხელ არაფერი უთქვამს ჩემთვის. არც რვა თვის წინ უთქვამს რამე, ესეც ტყუილია. ისიც კი თქვა, ანა უკანონოდ არის საბჭოში დანიშნულიო. აღარ გავყვები მასთან კინკლაობას, რადგან საქმე მაქვს გასაკეთებელი და ბრძოლა მაქვს გასაგრძელებელი.

- ჯანეზაშვილს არასოდეს უთქვამს, რომ ჩუგოშვილი ურეკავდა და ზეწოლას ცდილობდა?
- არც ერთხელ! არადა, თანამებრძოლად მიმაჩნდა...

- მისი ბრალდებით, თქვენ არღვევთ კანონს და იყენებთ კონსტიტუციის ხარვეზს...
- მთელი ცხოვრება ზედმიწევნით ვიცავ კანონებს. მას შევთავაზე, თუ მართლაც კანონი დავარღვიე, დაწეროს სარჩელი და შეიტანოს სასამართლოში, რომ დავინახო სამართლებრივი არგუმენტები და სამართლებრივად ვუპასუხო, მაგრამ მას არ აქვს სამართლებრივი არგუმენტაცია. მე ყველგან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დამყვებიან, იღებენ ჩემს აქციებს და გამოსვლებს. თუ ორი წლის წინ უკანონოდ­ დამნიშნეს, ერთხელ მაინც რატომ არ ამოიღო ხმა? რატომ იბრძოდა ჩემთან ერთად? მაინცდამაინც დღეს რატომ ჰყვება ჩუგოშვილთან საუბრის მასაც ზიანი მიაყენოს?
ეს არის ბინძური სქემა ახალი ძალის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი "ოცნებიდან" მოდის. არ დაგავიწყდეთ, რომ ნაზი ჯანეზაშვილი "ქართული ოცნების" დანიშნულია 108 ხმით, ერთობლივი გადაწყვეტილებით.

- რატომ გადაწყვიტეთ ალეკო ელისაშვილსა და ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პლატფორმის შექმნა, ხომ არ არის მოსალოდნელი თქვენი პოლიტიკაში ჩართვა?
- არაფერს ვმალავ. როდესაც გადავწყვეტ, წავიდე პოლიტიკაში, დავტოვებ თანამდებობას და კანონს არ დავარღვევ. რაც შეეხება ახალ პლატფორმას, ის ჯერ არ არის რეგისტრირებული. ეს არის საკონსულტაციო მაგიდა. უნდა შეიკრიბოს ის ხალხი, ვისაც უნდა, ორმეფობა დაასრულოს.

- ანუ ემზადებით პოლიტიკაში მოსასვლელად?
- არ გამოვრიცხავ. ვფიქრობ მაჟორიტარობაზეც, რადგან მაჟორიტარობა მიმაჩნია ბრძოლის ერთ-ერთ ფორმად, თუმცა ჯერ გაურკვეველია, რა მოხდება.
აქამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის საკითხის გამო ბრძოლა იყო უმნი­შვნელოვანესი და მინდოდა, იუსტიციის საბჭოში ეს ბრძოლა ბოლომდე მიგვეყვანა. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ვარ ამ თანამდებობაზე. როცა გადაწყვეტილებას მივიღებ, განვაცხადებ. ჯერჯერობით ჩვეულებრივად ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას.

- ჯანეზაშვილის აზრით, შესაძლოა, თქვენ იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსს პოლიტიკური საქმიანობისთვის იყენებდეთ... თან ცდილობთ, ხელფასი არ დაკარგოთ...
- თუ ჯანეზაშვილს ჰგონია, იქ ჯდომა, იმ მტრული გარემოს ატანა ამად ღირს, ცდება. მე ამას ორი წელი ვიტანდი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა მისია. თუ ნაზი ამას ხელფასისა და სკამისთვის აკეთებდა, ეს მისი პრობლემაა.

- იმასაც ამბობს, ამ განცხადებებმა­ ჩვენი­ ურთიერთობა არ უნდა დააზარლოს, გავაგრძელებ მასთან ურთიერთობასო. თქვენ შეძლებთ?
- კომენტარის გარეშე დავტოვებ...

- თანამოაზრედ ჩუგოშვილსაც მიიჩნევთ?
- ამ ახალ მემორანდუმში წერია, რომ ჩვენ ვართ სუფთა წარსულის ადამიანები­, რომლებსაც შეგვიძლია ბრძოლა, გვინდა ქვეყნის გაერთიანება ევროატლანტიკურ ოჯახში და ორი პარტიის დამარცხება.
არც "ლელოსთან" გამოვრიცხავ თანამშრომლობას. გამოირიცხება მხოლოდ მმართველი პარტია, "ნაცმოძ­რაობა", "ევროპული საქართველო".

- ანას არ უთქვამს, "მოძრაობა ხალხისთვის" საიდან ფინანსდებაო, გვითხრა ნაზი ჯანეზაშვილმა. ამას რას უპასუხებთ?
- ჩვენს გვერდზე მუდმივად ვაქვეყნებთ ფინანსებთან დაკავშირებულ ანგარიშებს­. ორგანიზაცია ჯერჯერობით ფინანსდება შემოწირულობებით. ამ ეტაპზე 30 პირია შემომწირველი, ეს საჯაროდ განვაცხადე და მათ მადლობაც გადავუხადე. საგრანტო­ განაცხადი შევიტანე და გრანტსაც ველოდები. ორგანიზაცია ჩემს მისამართზეა რეგისტრირებული, რადგან ოფისი არ გვაქვს. ვიკრიბებით ხან ახლობლების ოფისებ­ში, ხან - კაფეებში. ახლა ვაპირებთ ვიქირაოთ ოფისი. პრეზენტაციაც გაიმართება და ჩვენი მიზნებიც გაცხადდება.

- "ლელოს" გარდა ახლა ვინმესთან თუ მიმდინარეობს მოლაპარაკება?
- ამ ეტაპზე მოლაპარაკება არავისთან მაქვს, თუმცა შეიძლება ჩემი თანამოაზრეები მართავენ ასეთი ხასიათის შეხვედრებს.

თამარ ჩუგოშვილი: "გამიჩნდა განცდა, რომ თავის დროზე ჯანეზაშვილის შეფასებაში შევცდი"


ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას კატეგორიულად უარყოფს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ადრე "ქართული ოცნების" აქტიური ლიდერი, ვიცე-სპიკერი თამარ­ ჩუგოშვილი: - ერთადერთი მიზეზი მქონდა, რის გამოც მას მხარს ვუჭერდი - მაშინ ვთვლიდი, რომ პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოექცეოდა და მინდოდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჰყოლოდა დამოუკიდებელი წევრი, რომელიც არ დაემორჩილებოდა პოლიტიკურ გავლენას. ახლა რომ მოვუსმინე, გამიჩნდა განცდა, რომ თავის დროზე მის შეფასებაში შევცდი.

მე და მას ძალიან იშვიათად გვქონდა ურთიერთობა, სწორედ იმიტომ, რომ ის იყო დამოუკიდებელი ორგანოს წარმომადგენელი, მე კი - პოლიტიკოსი და თავს მაქსიმალურად ვარიდებდი.

ჩვენ ვსაუბრობდით მხოლოდ იმაზე, როგორ ყოფილიყო სასამართლო უფრო დამოუკიდებელი, ამიტომ ძალიან გამიკვირდა მისი გამოსვლა... უსიამოვნო სანახავია, როცა ადამიანები შენ თვალწინ სახეს კარგავენ, მაგრამ რას ვიზამთ, ეს არც პირველია და არც - უკანასკნელი. მასთან არც ერთი სატელეფონო საუბარი არ მახსენდება. თუ ვერ ვიხსენებ და ვცდები, არ ვიცი... ჩვენ ერთმანეთს არ ვეთანხმებოდით მხოლოდ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ცვლილებებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობდი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები ჩვენ უნდა აგვერჩია მაღალი კვორუმით და ამას ვამბობდი მაშინ, როცა უმრავლესობის წევრი ვიყავი. ამან ნაზი ძალიან დააფრთხო და აგრესიული გამოხმაურებების ტალღაც წამოვიდა მისგან. სხვა რამ არ მახსენდება, რის გამოც შეიძლებოდა აზრთა სხვადასხვაობა გვქონოდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები