თინა ბოკუჩავა: "ელისაშვილმა საშოვარზე გამოსული ხალხი "ოცნებაში" ეძებოს" - კვირის პალიტრა

თინა ბოკუჩავა: "ელისაშვილმა საშოვარზე გამოსული ხალხი "ოცნებაში" ეძებოს"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა არასერიოზულად მიიჩნევს ყოფილი სპიკერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც მან მაჟორიტარების საერთო კანდიდატებზე ოპოზიციის შეთანხმების თაობაზე გააკეთა: "სააკაშვილი, ბოკერია, ბურჯანაძე, ინაშვილი, ნათელაშვილი, გუბაზ სანიკიძე - ერთობლივ კანდიდატებს აყენებენ და წარმოიდგინეთ, როგორია ასეთი კანდიდატების წარმატების შანსი... ამ გადაწყვეტილებით "ქართული ოცნება" თბილისის რვავე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს", - ასეთი იყო კობახიძის განცხადება.

- კობახიძე ემსახურება ივანიშვილს, რომელსაც პუტინის პაიკად მიიჩნევს მთელი დასავლური სამყარო.

- კობახიძის მიერ ჩამოთვლილი პერსონების ერთი ნაწილის შესახებ ცოტა ხნის წინ არც თქვენ გქონდათ დადებითი განწყობა. - ეს კრიტიკა რომ მომდინარეობდეს ისეთი პირებისგან, რომელთა საგარეო კურსი კითხვის ნიშნებს არ აჩენდეს, მაშინ მათი პოზიცია შეიძლება განიხილო. პუტინის პაიკებისგან რა შეკითხვები და მით უფრო, შენიშვნები უნდა მოვისმინოთ?

- ასეთი შეკითხვები საზოგადოების ნაწილსაც აქვს... - თუ აქვთ ასეთი შეკითხვები, ეს საარჩევნო ყუთთან აისახება. მათ საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი ექნებათ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ თქვენი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე თქვეს უარი ოპოზიციურ ერთობაში მონაწილეობაზე ძალებმა, რომლებსაც სურთ ამომრჩეველს ორპოლუსიანობის ალტერნატივა შესთავაზონ? - ძალიან უცნაურად მეჩვენება მათი პოზიცია. წარმოდგენილი 6 კანდიდატიდან მხოლოდ ორია ჩვენი წარმომადგენელი. ეს არ არის არჩევნები პარტიული ადგილებისთვის, ეს ბრძოლაა ქვეყნის გადარჩენისთვის.

- დარჩენილი ორი ადგილიდან ერთს გიორგი მარგველაშვილს შესთავაზებთ?

- დიახ, ჯერ არ დაგვისახელებია დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქების კანდიდატები. "ნაციონალების" სურვილია ამ ორმა ადგილმა მაქსიმალურად ასახოს ჩვენი პოზიცია მრავალპარტიულობასთან დაკავშირებით. მარგველაშვილი იქნება, "ლელოს" წარმომადგენელი თუ ელისაშვილი, ჯერ არ ვიცით.

- მას შემდეგ, რაც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ოპოზიციურ ერთობაში რუსეთუმეები და პოლიტიკაში საშოვარზე გამოსული ხალხიაო, გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ უკან მოსასვლელი ხიდი ჩატეხა. ესე იგი, ახლა არჩევანი მარგველაშვილსა და "ლელოზეა? - საშოვარზე გამოსული ხალხი "ოცნების" რიგებს შორის ეძებოს, სადაც სოციალურად დაუცველის სტატუსით მოდიან და შემდეგ მილიონერები ხდებიან.

- ოპოზიცია ელოდა, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ სატელიტ პარტიებს გაააქტიურებდა. ნაწილი "ევროპულ საქართველოზეც" ეჭვობდა, რომ შესაძლოა ისინი ივანიშვილთან არიან შეკრული. თქვენი პოზიცია როგორია? - არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ივანიშვილი ფსევდოოპოზიციურ პარტიებს შექმნიდა. სურს, მონურ მორჩილებაში ჰყავდეს ყველა, სახელისუფლებო გუნდიდან დაწყებული, ოპოზიციით დამთავრებული. თუმცა არ ვუშვებ იმას, რომ ხალხმა ვერ განჭვრიტოს ივანიშვილის ტრიუკი. ყველა ხედავს, ვინ ვინ არის და ვის რა ამოძრავებს. ჩემი ან სხვა ოპოზიციონერისგან ახლა ამაზე საუბარი საერთო იდეას დააზარალებს.

ხათუნა ბახტურიძე