"გიორგი გახარია იმსახურებს იყოს სიის პირველი ნომერი, რაც შეეხება ჩემს ადგილს, ვარჩევდი, სიის სათავეში არ ვიყო" - კვირის პალიტრა

"გიორგი გახარია იმსახურებს იყოს სიის პირველი ნომერი, რაც შეეხება ჩემს ადგილს, ვარჩევდი, სიის სათავეში არ ვიყო"

ვთვლი, რომ გიორგი გახარია იმსახურებს იყოს "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, ხოლო რომელი ნომერი ვიქნები მე სიაში, ჩემთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით საარჩევნო სიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არაა. არჩილ თალაკვაძე საზოგადოების წინაშე განახლებული გუნდით და პროგრესული პროგრამით წარდგენას აანონსებს.

"მე პირადად ვთვლი, რომ გიორგი გახარია იმსახურებს იყოს "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი. ეს გადაწყვეტილება გუნდის მისაღებია. ჯერ სიასთან დაკავშირებით არ არის გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ ივლისის მეორე ნახევარში, აგვისტოში საზოგადოებას უკვე წარვუდგენთ საარჩევნო სიას, ისევე როგორც მაჟორიტარებს. რაც შეეხება პირადად ჩემს ადგილს, რომელი ნომერი ვიქნები სიაში, ჩემთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მეტსაც გეტყვით, მე რომ მკითხონ, ვარჩევდი, რომ სიის სათავეში არ ვიყო და ჩემზე გამოცდილ, ჩემზე დაფასებულ, ღვაწლიან ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მოწინავე ადგილები. ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის და ჩვენი გუნდი მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა მომავალზე, დარწმუნებული ვარ, ძალიან პროგრესული პროგრამით, განახლებული გუნდით წარვსდგებით და მჯერა ჩვენი მოქალაქეების, რა არჩევანსაც მოქალაქეები გააკეთებენ, ამ არჩევანს ვენდობით. რა თქმა უნდა, არ გვაქვს დაკომპლექტების პრობლემა. გარწმუნებთ, არათუ საპარლამენტო სიის, ჩვენ არცერთ დონეზე მომავალშიც არ გვექნება პრობლემა და კიდევ უფრო ეფექტური გუნდით შევთავაზებთ საზოგადოებას ჩვენს პროგრამას," - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

"ინტერპრესნიუსი"