"ნაცმოძრაობა" თავისი განშტოებებით, არის კრიმინალური და დეგრადირებული პოლიტიკური ძალა" - კვირის პალიტრა

"ნაცმოძრაობა" თავისი განშტოებებით, არის კრიმინალური და დეგრადირებული პოლიტიკური ძალა"

თითოეული პოლიტიკური ძალა აცნობიერებს ამ ცვლილებების მნიშვნელობას, გარდა ერთისა, ეს არის რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური ძალა - "ნაციონალური მოძრაობა" თავისი განშტოებებით. ეს არის კრიმინალური და აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური ძალა, რაც კიდევ ერთხელ გამოიხატა დღევანდელ კენჭისყრაში არმონაწილეობით, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიცია ელჩების წინაშე დადებულ პირობას არღვევს.

"ამ საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცება ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პროცესების სტაბილურ განვითარებას. ბუნებრივია თითოეული პოლიტიკური ძალა აცნობიერებს ამ ცვლილებების მნიშვნელობას, გარდა ერთისა, ეს არის რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური ძალა - "ნაციონალური მოძრაობა" თავისი განშტოებებით. ეს არის კრიმინალური და აბსოლუტურად დეგრადირებული პოილიტიკური ძალა, რაც კიდევ ერთხელ გამოიხატა დღევანდელ კენჭისყრაში არმონაწილეობით. მათ დადეს პირობა ელჩების წინაშე და ისინი არ ასრულებენ ელჩების წინაშე დადებულ პირობას, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ ბუნებაზე და მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არიან კრიმინალური და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა", - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ოპოზიცია ეძებს საბაბს, რომ არ შეასრულოს ელჩების წინაშე დადებული შეთანხმება.

"ეს კიდევ უფრო შელახავს მათ ისედაც შელახულ რეპუტაციას საერთაშორისო პარტნიორებისა და ქართული საზოგადოების თვალში. ისინი ამით აზიანებენ საკუთარ თავს, რაც ჩვენთვის ბუნებრივია, არის აბსოლუტურად მისასალმებელი. რაც მეტად დაიზიანებენ ისინი საკუთარ თავს, მით უფრო დაბალი მაჩვენებელი ექნებათ ოქტომბრის არჩევნებზე. 12%-იანი და 3%-იანი პარტიები იმ მაჩვენებელსაც ვერ მიიღებენ, რაც აქვთ დღეს კვლევების შესაბამისად. რურუას საკითხს არანაირი შეხება არ აქვს 8 მარტის შეთანხმებასთან. სასამართლოს ვერავინ განუსაზღვრავს თუ ვინ უნდა დატოვოს ციხეში და ვინ არა. ეს არის სრული დემაგოგია. პოლიტიკური შეთანხმების საგანი ვერ იქნებოდა სასამართლოში ჩარევა. ვინც ამას ამბობს, ის თვითონ ხელყოფს საქართველოში ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. თუ ამ პოლიტიკოსებს არ ესმით, რა არის ხელისუფლების დანაწილება და სამართლებრივი სახელმწიფო, მათ ბუნებრივია არ აქვთ პოლიტიკურ საკითხებზე საუბრის უფლება. არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდა იმის უფლება, რომ შეთანხმებულიყო ვინმესთან სასამართლოს საქმიანობაში უკანონო ჩარევაზე და ეს ვერ მოხდებოდა, მითუმეტეს საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან, თუ რა არის ხელისუფლების დანაწილება", - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მიიღებდა თუ არა დღეს ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას, ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი 115-მა დაუჭირა. წინააღმდეგ კი 3 წავიდა.

"ინტერპრესნიუსი"