ელისაშვილი ბოკერიას: "ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები?" - კვირის პალიტრა

ელისაშვილი ბოკერიას: "ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები?"

წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? - ასე ეხმაურება "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას, რომელმაც ელისაშვილი "პოლიტიკურ ვაჭრობაში" დაადანაშაულა.

როგორც ელისაშვილი წერს, მას და მის გუნდს "ფეხებზე კიდიათ ბოკერიასა და მისნაირი "ცეხავიკების" დალაგებული საქმეები და გარიგებები".

"ბოკერია ისე გამწარებული იწყევლებოდა გუშინ, ცოტა შემეცოდა კიდეც. რაო გიგა, სტამბოლის ბაზარი რომ გაქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე და ორღობის დედაკაცივით წყევლა - კრულვაზე გადახვედი ეს ამხელა "პოლიტიკოსი კაცი"?! წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? ვიცი ვერაფრით იჯერებთ შენ და შენი ამფსონები, მაგრამ მართლა ხალხის პრობლემები გვაწუხებს მე და ჩემ გუნდს და მართლა ამ ქვეყნის წინსვლისთვის ვართ პოლიტიკაში. ასევე მართლა ფეხებზე გვკიდია შენი და შენნაირი "ცეხავიკების" დალაგებული რაღაც სქემები და გარიგებები. თქვენ რაც პოლიტიკა გგონიათ, იმაზე გვერევა ზუსტად გული და იმის შესაცვლელად ვართ მოსულები.

ლევან იოსელიანს კაცის კაცი რომ უძახე, უნდა იცოდე, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარია. 30 წელია ცხოვრებას მხარდამხარ მოვუყვებით და ჩემზე ბედნიერი კაცი არაა, რომ ამ ჭუჭყიან პოლიტიკაში ლევანი გვერდით მიდგას და მაძლიერებს. შენი მექრთამე და ხალხის ფულის ქურდი მეგობრებისგან განსხვავებით, ლევან იოსელიანი არის წესიერი, პრინციპული და პატრიოტი კაცი",-წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

იხილეთ ასევე: "ალეკო ელისაშვილი უსინდისო ადამიანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება"