"სააკაშვილის პოლიტიკური წონის გარეშე ივანიშვილს ძვრას ვერავინ უყოფს - ბოდიში მომითხოვია და ნურავინ ნუ იბრიქება" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის პოლიტიკური წონის გარეშე ივანიშვილს ძვრას ვერავინ უყოფს - ბოდიში მომითხოვია და ნურავინ ნუ იბრიქება"

მიხეილ სააკაშვილი არის ეპოქის გმირი, თავისი პლუსებით და მინუსებით, თავისი ღირსებებით, თავისი უღირსობებით, თავისი შეცდომებითა და თავისი ფანტასტიური რეფორმებით, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის პერსონისა და პოლიტიკური წონის გარეშე ბიძინა ივანიშვილის ძვრას ვერავინ ვერ უყოფს.

"ქვეყანაში სააკაშვილის მიმართ რაღაც კომპლექსია ჩამოყალიბებული, სხვათა შორის ოპოზიციაშიც. ჩემთვის, მაგალითად, გაუგონარია, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი გამოდის და საუბრობს სააკაშვილი არცერთ შემთვევაში არ უნდა ჩამოვიდესო და გვერდზე ბოკერია უზით. მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, არც ბოკერიასთან, ყველას თავისი პოლიტიკური გზა აქვს, მაგრამ, როდესაც იძახი, რომ სააკაშვილი არ უნდა ჩამოვიდესო და ძალიან ახლო ურთიერთობაში ხარ მის გუნდთან, ეს რანაირი პრიციპულობაა ვერ გავიგე. სააკაშვილი მსხვერპლად შესაწირია თუ როგორ არის ? მასზე მეტად ვის აქვს უფლება, რომ ქართულ პოლიტიკაში იყო? ის არის ეპოქის გმირი, თავისი პლუსებით და მინუსებით, თავისი ღირსებებით, თავისი უღირსობებით, თავისი შეცდომებითა და თავისი ფანტასტიური რეფორმებით. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის უდიდეს ნაწილს, თითქმის სრული შემადგენლობით, სააკაშვილის კომპლექსი აქვთ. ახლოსაც ვერ მიდიან მასთან. ძველები, ახლები, ყოფილები, ჯერჯერობით მომავლები, ასე ჩანს. რატომ არის ამოჩემებული ასე მიხეილ სააკაშვილი? იმიტომ, რომ მისი კომპლექსი აქვთ. მე ერთი რამ ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილის პერსონისა და პოლიტიკური წონის გარეშე ბიძინა ივანიშვილის ძვრას ვერავინ ვერ უყოფს. ბოდიში მომითხოვია და ნუ იბრიქება ნურავინ. აღმოსავლეთ ევროპაში ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი ფიგურაა. ეს არის ფაქტი, ეს არის მოცემულობა. ის დიდი პოლიტიკური პროცესის ერთ-ერთი მთავარი სოლისტია, მორჩა და გათავდა",- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გარდა ამისა, სანიკიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ფაქტორსაც შეეხო და აღნიშნა, რომ, დიდი ალბათობით, ის "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის სათავეში იქნება.