კახიძე გახარიას: "... და ეს როგორ არის? 20 ივნისი - დაგავიწყდათ ეს დღე? ამოიგდეთ მეხსიერებიდან თუ კალენდრიდანაც ამოშალეთ" - კვირის პალიტრა

კახიძე გახარიას: "... და ეს როგორ არის? 20 ივნისი - დაგავიწყდათ ეს დღე? ამოიგდეთ მეხსიერებიდან თუ კალენდრიდანაც ამოშალეთ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა. ამჯერად მას კითხვებს დეპუტატები უსვამენ. ერთ-ერთი კითხვის ავტორი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი ოთარ კახიძეა, რომლის შეკითხვაც 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.

"ბატონო გიორგი, ყურადღებით გისმენდით თქვენი ანგარიშის პრეზენტაციის დროს და არ გიხსენებიათ არცერთხელ 20 ივნისი, და ეს როგორ არის? დაგავიწყდათ ეს დღე? ამოიგდეთ მეხსიერებიდან თუ კალენდრიდანაც ამოშალეთ, თუ ის დაგავიწყდათ ამ თანამდებობაზე როგორ აღმოჩნდით? თუ დაგავიწყდათ, მინდა, გაგახსენოთ, რომ ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად, შინაგან საქმეთა მინისტრი როცა იყავით, ოკუპაციის კანონის დარღვევით შემოუშვით ქვეყანაში გავრილოვი, მერე სამართლიანად აღშფოთებულ ჩვენ მოქალაქეებს დაუყენეთ პარლამენტის ღობის გარეთ თქვენი დანაყოფები, რითაც პირდაპირ ფიზიკური კონტაქტის პროვოცირება მოახდინეთ, მერე ძალის გამოყენებას, რომ აპირებდით ამის გაფრთხილების ნაცვლად, პირიქით გაფრთხილება მიეცით მოქალაქეებს, რომ ჩვენი ხელწერა არ არისო რეზინის ტყვიების გამოყენებაო თქვენი წინამორბედის პირით და ამის შემდგომ, დაიწყეთ რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზების ჭურვების სროლა მომიტინგეებისთვის, რომლებიც არათუ პოლიციასთან კონტაქტში არ იყვნენ, არამედ, საერთოდ ვერც ხედავდნენ პარლამენტის კიბეებს, ამის შემდეგ, გააჩაღეთ ნადირობა მომიტინგეებზე, რომლებიც აპროტესტებდნემ თქვენ მოქმედებას, გავრილოვის ჩამოყვანას და ქართველი ხალხის შეურაცხყოფას, ამ ყველაფრის შემდგომ, არ ახსენებეთ თვალებდათხრილ ახალგზრდებს - მაკო გომურს, გიორგი სულაშვილს და მაინტერესებს, დაგავიწყდათ ეს დღე რომ მოხდა? დაგავიწყდათ თქვენი პასუხისმგებლობა? არ გრძნობთ პასუხისმგებლობას? თუ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას, მაშინ აქ, რა უფლებით დგახართ? ამ ტრიბუნიდან როგორ გვმოძღვრავთ კიდევ? და თუ არ გრძნობთ ამ პასუხიმსგებლობას, რატომ არ გრძნობთ?" - მიმართა ოთარ კახიძემ გიორგი გახარიას.