"პოლიტიკურ მხარეებს შორის პოლარიზაცია იმდენად ძლიერი იყო, რომ დიპლომატების გარეშე შეხვედრა და კომპრომისის მისაღწევად მუშაობა ვერ შეძლეს" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკურ მხარეებს შორის პოლარიზაცია იმდენად ძლიერი იყო, რომ დიპლომატების გარეშე შეხვედრა და კომპრომისის მისაღწევად მუშაობა ვერ შეძლეს"

"საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის პოლარიზაცია იმდენად ძლიერი იყო, რომ დიპლომატების იქ ყოფნის გარეშე შეხვედრა და კომპრომისის მისაღწევად მუშაობა ვერ შეძლეს, ამიტომ შევითავსეთ ეს როლი", - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, ჰუმბერტ ქნირშმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, თუ რა იყო ყველაზე დიდი პრობლემა 8 მარტის შეთანხმების მიღწევამდე მთავრობასა და ოპოზიციას შორის და თვლის თუ არა, რომ შესაძლოა, ეს პრობლემა კვლავ წინ წამოიწიოს პოლარიზაციის კუთხით, ელჩმა უპასუხა, რომ პრობლემას პოლარიზაცია წარმოადგენდა, თუმცა მოლაპარაკებების პროცესში აღმოჩნდა, რომ ის არცთუ მძლავრი ყოფილა.

"მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც დავდექით, იყო ის, რომ საქართველოში პოლარიზაცია პოლიტიკურ მხარეებს შორის იმდენად ძლიერი იყო, რომ დიპლომატების იქ ყოფნის გარეშე მათ ვერ შეძლეს შეხვედროდნენ ერთმანეთს და კომპრომისის მისაღწევად ემუშავათ - სწორედ ამიტომ შევითავსეთ ეს (მედიატორების) როლი. დისკუსია საარჩევნო სისტემაზე იყო კონცენტრირებული, პირდაპირ არჩეული პარლამენტის წევრების რიცხვთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ ცვლილებაზე. საბოლოოდ, შეთანხმება 30 მაჟორიტარზე მოხერხდა, მაგრამ რიცხვი ინტენსიურად განიხილებოდა მთელი თვის განმავლობაში. სხვათა შორის, დიალოგის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ არსებული პოლარიზაცია არც ისე მძლავრი იყო და ადამიანებს, დიპლომატების თვალწინ, დასაბუთებული დიალოგი ჰქონდათ, იყენებდნენ რაციონალურ არგუმენტებს. ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოს პოლიტიკაში ეს შესაძლებელია. გარკვეული მოთმინებით 8 მარტის შეთანხმებას მივაღწიეთ", - განაცხადა ქნირშმა.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ქნირშმა იმედი გამოთქვა, რომ 29 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას ყველა მხარე მიიღებს.

"ორშაბათი გადამწყვეტი დღე იქნება შესრულების კუთხით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 8 მარტის შეთანხმხების ყველა მონაწილე ხმას მიცემს და დაუჭერს მხარს იმ კონსტიტუციურ ცვლილებებს, რაზეც შეთანხმება მოხდა. როგორც ფასილიტატორების ჯგუფმა, ჩვენ ნათელი მოვფინეთ, თუნდაც, ერთი კვირის წინ, დამატებითი განცხადებით, რომ გვსურს, ყველა ძალამ დაუჭიროს მხარი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ჩვენი ხანგრძილივი დისკუსიის შედეგს. ბატონი რურუა შეთანხმებაში არაა მოხსენიებული, ეს ძალიან ნათელია, ყველას შეუძლია წაიკითხოს. ცოტა გაკვირვებული ვარ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიმდინარეობს დისკუსია, რომლითაც ისინი ცვლილებების მიღების შესაძლო ჩავარდნის შესახებ ერთმანეთზე დანაშაულის მიწერას ცდილობენ: ოპოზიცია ამბობს, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში ჩავარდება, მაშინ უმრავლესობის ბრალი იქნება და უმრავლესობა ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, შესაძლო ჩავარდნა ოპოზიციის ბრალი იქნება, რომელიც მონაწილეობას არ იღებს ხმის მიცემაში. მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი არ ეხება ბრალს, არამედ დამსახურებას: თუ, როგორც ვიმედოვნებ, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნება, მაშინ ქებას ექსკლუზიურად ისინი დაიმსახურებენ, ვინც ამას პარლამენტში დაუჭირა მხარი", - განაცხადა ქნირშმა.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ქნირშმა განაცხადა, რომ უგულავა, უქრუაშვილი და რურუა ოფიციალურად მოხსენიებულები არ იყვნენ შეთანხმებაში, თუმცა მოლაპარაკებების დროს მათი გვარები გაჟღერდა.

"როგორც ფასილიტატორებს და დიპლომატებს, გვსურდა, პატივისცემა გამოგვეხატა ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ და არ გვსურს, შევიდეთ მათთან დავებში. უნდა შევეგუოთ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა თუ პარტია თავის ინტერპრეტაციას აკეთებს და რაღაცებს ამბობს ამ შეთანხმების შესახებ. ქართველ ხალხს უნდა მივანდოთ იმის გადაწყვეტა, როცა ერთი ადამიანი კის ამბობს, მეორე - არას, ეს შეთანხმებაა თუ შეუთანხმებლობა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური დიალოგის პროცესში 8 მარტამდე, ეს სახელები მოხსენიებული იყო, და ოპოზიციური პარტიების შეშფოთების ნაწილს წარმოადგენდა. უგულავას და ოქრუაშვილის შემთხვევაში ეს შეწყალება იყო, ის, რაც შეიძლება, ნებისმიერ ქვეყანაში სამართლებრივად მოხდეს, და ასევე, პოლიტიკურ პარტიებს შორის დაძაბულობის შემსუბუქებაში წვლილის შეტანის მცდელობა - ჩვენ ეს ასე დავინახეთ და მივესალმეთ კიდეც", - აღნიშნა ქნირშმა.

"ინტერპრესნიუსი"