რა უპასუხა გიორგი გახარიამ 20 ივნისისა და გავრილოვის შესახებ დასმულ შეკითხვას? - კვირის პალიტრა

რა უპასუხა გიორგი გახარიამ 20 ივნისისა და გავრილოვის შესახებ დასმულ შეკითხვას?

"ქალბატონი სამადაშვილი, ბატონი რატიანი, ქალბატონი ჩხეიძე, ქალბატონი ხოშტარია, ოთარ კახიძე, გიგა ბოკერია, ყველა კითხულობს 20 ივნისის თემას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თემაა, თუმცა გულდასაწყვეტია და არ არის ალბათ სწორი, როდესაც ამ თემის სპეკულირება ხდება", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების დასმულ შეკითხვას 20 ივნისის შესახებ.

"კიდევ ერთხელ გპასუხებთ, ბატონებო, რაც არ უნდა შეფასებები არსებობდეს, სუბიექტური, ობიექტური, მიკერძოებული თუ ა.შ. 20 ივნისის საბოლოო შეფასება იქნება ჩვენი მოქალაქეების შეფასება, რომლებიც, მერწმუნეთ, ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში შეაფასებენ, როგორც სამართალდამცავი სისტემის მიერ პარლამენტის შტურმის აღკვეთა და ამას შეიძლება სჭირდება დრო, მაგრამ ეს შეფასება დღესაც არის, თქვენ არ ნებდებით, უბრალოდ, თქვენ რაღაც წარმოდგენა გაქვთ, მაგრამ საბოლოოდ ასე იქნება.

რაც შეეხება გავრილოვის ამ შენობაში და რომელიღაც ამ სავარძელში ყოფნას, ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი და ეს იყო უდიდესი პოლიტიკური შეცდომა, შეიძლება დანაშაულიც, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური განზომილება, რაზეც პოლიტიკურმა ძალამ პასუხი აგო, პოლიტიკური ფასი გადაიხადა და თუ კიდევ რაიმე დარჩა გადასახდელი, აგერ არჩევანი იქნება და ჩვენი მოქალაქე მოთხოვს პსუხს, მაგრამ, როდესაც პოლიტიკოსები, რომლებიც ბევრი აქ ზიხართ, ორგანიზებას თუ არ უწევდნენ, ახლა პირდაპირ ბრალდებას არ გავაკეთებ, მაგრამ გვერდით იდგნენ და უყურებდნენ როდესაც, ჩვენი მოქალაქეები, აი, ამ პროტესტის დროს, რომელიც მშვიდობიანის შემდგომ გახდა ძალადობრივი, ბატონი ბოკერია, კარგად მახსოვს, ბატონი რატიანი არ მიუთითებდნენ იმას, რომ ეს არის დანაშაულიო? შესაბამისად, პოლიციელებზე თავდასხმა და პარლამენტში შეჭრა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, მეგობრებო და ამიტომ ამას შესაბამისი ფასი ექნება, ერთი რამე გაითვალისწინეთ, თქვენ აქ შეგიძლიათ რამდენიც გინდათ იყვიროთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს იქნება შემთხვევა, როდესაც ქართულმა პოლიციამ შტურმით შეჭრა პარლამენტში არ დაუშვა.

სამწუხაროა, რომ ადამიანები დაშავდნენ, უკიდურესად სამწუხაროა და არავინ ისე ამაზე არ წუხს, რომ გგონიათ რომ თქვენ უფრო წუხართ... თქვენ რატომ არ წუხართ იცით უფრო მეტად? იმიტომ, რომ თქვენ იმდენად ამორალურად იქცევით და ამ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებთ და მე არ ვიყენებ. მაკო გომურის სახელს თქვენ დღეში ასჯერ რომ ახსენებთ, მე არ ვიყენებ და ეს არის ჩვენ შორის განსხვავება, და ეს არის მორალური სხვაობა თქვენსა და ჩემს შორის, ეს დაიმახსოვრეთ კარგად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.