"ერთ თვეში უკვე მესამე 'მასტერკლასი" ჩაუტარა გიორგი გახარიამ ოპოზიციას" - რომელი ქართული ფილმის გმირს შეადარა ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია - კვირის პალიტრა

"ერთ თვეში უკვე მესამე 'მასტერკლასი" ჩაუტარა გიორგი გახარიამ ოპოზიციას" - რომელი ქართული ფილმის გმირს შეადარა ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია

ორი ფილმი გამახსენა დღევანდელმა გამოსვლამ - "ფეოლა" და "სერენადა", ოპოზიცია ძალიან ჰგავს ამ ცნობილი ქართული ფილმის გმირს, რომელსაც ყოველ ჯერზე ცემენ და ძალიან უხარია ეს ცემა , - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის გამოსვლა "ნამდვილი მასტერკლასი" იყო.

"რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გამოსვლას, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს იყო ნამდვილი მასტერკლასი და კიდევ ერთი ნოკაუტი და ნოკდაუნი ამ კრიმინალური ოპოზიციისთვის და მთლიანად ოპოზიციისთვის. მე ორი ფილმი გამახსენა დღევანდელმა გამოსვლამ, ერთი - "ფეოლა", "მოვიგეოთ ფეოლა. გაგიჭირდებოდათ" და მეორე - "სერენადა", ოპოზიცია ძალიან ჰგავს ამ ცნობილი ქართული ფილმის გმირს, რომელსაც ყოველ ჯერზე ცემენ და ძალიან უხარია ეს ცემა, მაზოხიზმში აქვთ უკვე გადასული მათ ის გაუგებარი ქმედებები, რომლებსაც ახორციელებენ პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ", - განაცხადა კობახიძემ.

"ერთი თვის განმავლობაში უკვე მესამე „მასტერკლასი“ ჩაუტარა გიორგი გახარიამ ოპოზიციას და კიდევ ერთხელ ნათელი გახდა ის, თუ სად არის დღეს ხელისუფლება და სად არის ოპოზიცია. ძალიან საინტერესო მიმოხილვა იყო იმ პროცესების, რომელიც საქართველოში ამ ერთი წლის განმავლობაში განვითარდა. რეალურად, ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ "ქართული ოცნება" დაკავებულია საქმის კეთებით და ეს დღეს კიდევ გამოჩნდა პრემიერის წლიურ ანგარიშში. რაც შეეხება ოპოზიციას, ის მხოლოდ და მხოლოდ ლაპარაკით არის დაკავებული, თან არა საუბრით, არამედ წმინდა წყლის დემაგოგიით. ეს ნათელი იყო დღევანდელ სხდომაზეც და ეს აჩვენა იმ მოხსენებამ, რომელიც გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტში გააკეთა"-განაცხადა კობახიძემ.

მან ოპოზიციონერ დეპუტატებს "უნიჭო" და "ამორალური" უწოდა და განაცხადა, რომ მათ არც არაფერი აქვთ სათქმელი. გარდა ამისა, კობახიძემ პრემიერს მადლობა გადაუხადა "უსაგნო საუბრის" ნაცვლად "საქმეზე" ლაპარაკისთვის, რაც, მისივე თქმით, ასეთი ოპოზიციის პირობებში ძალიან რთულია.

"ინტერპრესნიუსი'