"არც მთავრობა და არც ბიძინაა გიჟი, რურუას გამო აშშ-სთან ურთიერთობა რისკის ქვეშ დააყენოს" - კვირის პალიტრა

"არც მთავრობა და არც ბიძინაა გიჟი, რურუას გამო აშშ-სთან ურთიერთობა რისკის ქვეშ დააყენოს"

გიორგი რურუას, ალბათ, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ გამოუშვებენ და იტყვიან, ყველაფერი შევასრულეთო და ამით მორჩება. ბიძინა ივანიშვილი გიჟი არ არის, რომ რურუას გამო ამერიკასთან ურთიერთობა რისკის ქვეშ დააყენოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის აქტის შესწორებას, რომელიც საქართველოსთან თანამშრომლობის პირობებს შეეხება. შარაშენიძის შეფასებით, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებამდე იმიტომ არ ათავისუფლებს გიორგი რურუას პატიმრობიდან, რომ ოპოზიციისთვის "ხელების გადაგრეხვას" ცდილობს.

"გიორგი რურუას, ალბათ, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ გამოუშვებენ და იტყვიან, ყველაფერი შევასრულეთო და ამით მორჩება. ამის დრამატიზირება არანაირად არ არის საჭირო. საქართველოს მთავრობაში გიჟები არ არიან და არც ბიძინაა გიჟი, რომ რურუას გამო ამერიკასთან ურთიერთობა რისკის ქვეშ დააყენოს.

ეჭვი მაქვს, ძალის დემონსტრირებას და ოპოზიციისთვის "ხელების გადაგრეხვას" ცდილობს "ქართული ოცნება", რომ აი, საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციის გარეშეც მშვენივრად მიიღებენ, თან იტყვიან: "უყურეთ, ოპოზიცია არ მონაწილეობს, ჩვენ ვიღებთ ცვლილებებს" და ამის შემდეგ გამოუშვებენ რურუას. მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, ხელისუფლება იტყვის, რომ "ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ოპოზიცია კი კენჭისყრების დროს არ შემოვიდა. ჩვენ უფრო კონსტრუქციულად მოვიქეცით". ამიტომ საბოლოო ჯამში, ალბათ ოპოზიცია უფრო დაზარალდება. გასაგებია, ამ შესწორების შენიშვნები, მუქარა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მიიღებენ საკონსტიტუციო ცვლილებებსაც, რურუასაც გამოუშვებენ და ყველაფერი ამით მორჩება," - განაცხადა შარაშენიძემ.

აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტის შესწორების მიხედვით საქართველოსთან თანამშრომლობა იმ შემთხვევაში გაგრძელდება თუ ქვეყანა პირობებს დაიცავს. ცვლილება სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯეიმს რიშს ეკუთვნის.

რიშის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა, თუმცა გიორგი რურუა კვლავ საპატიმროში რჩება. აშშ-ის სენატი საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, უარი თქვან ძალაუფლების ცდუნებაზე და პროცესები უფრო გამჭვირვალე გახადონ.

"ინტერპრესნიუსი"