"შეშინებულმა ოპონენტებმა გაავრცელეს ჭორი, თითქოს ივანიშვილს გახარიას მოხსნა უნდა"
"შეშინებულმა ოპონენტებმა გაავრცელეს ჭორი, თითქოს ივანიშვილს გახარიას მოხსნა უნდა"
"მაჟორიტარების საკითხზე კონსულტაცია არ არის დასრულებული. ყველაფერს თავისი დრო აქვს..."

"მე მახსოვს 20 ივნისი, ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ძალიან მძიმე დღე. ვწუხვარ, იმიტომ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, მათ შორის პოლიციელები, მძიმედ დაშავდნენ, მაგრამ ასევე, ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ თქვენისთანა პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანაში დასაშვებია 3 საათის განმავლობაში პოლიციელს რკინას ურტყამდე, რიგებიდან გამოგყავდეს და ბრბოში სცემდე... ", - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე. დღეს არსებულ პოლიტიკურ გარემოზე, მისი შეცვლის შესაძლებლობებზე, ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე ირაკლი სესიაშვილი გვესაუბრება.

- როდესაც პარლამენტში პრემიერი მოდის, დღის წესრიგში კი სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად პანდემიის გამო შექმნილ პრობლემებზეა საუბარი, ნორმალური ოპოზიცია ეკონომიკაზე, სამუშაო ადგილებზე, სოფლის მეურნეობაზე, ინვესტიციებზე, ჯანდაცვასა და ევროპულ ინტეგრაციაზე დასვამდა
შეკითხვებს.

პრემიერმა ძალიან კონკრეტულ თემებზე ისაუბრა, მაგრამ ოპოზიციას შეკითხვები არ დაუსვამს. ეს, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ მთავრობის წარმატებულ მუშაობას აღიარებენ.

- ხომ იცოდა პრემიერმა, რომ ოპოზიცია აუცილებლად შეახსენებდა 20 ივნისს, რატომ არაფერი თქვა თავად?
- ბოლო ერთი თვის განმავლობაში პრემიერი ორჯერ მოვიდა პარლამენტში: პირველად პანდემიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, ხოლო მეორედ ანტიკრიზისულ გეგმაზე სასაუბროდ. პრემიერი სამივე მოსმენაზე მოწოდების სიმაღლეზე იყო. 20 ივნისის თაობაზე ერთხელ უკვე იყო პარლამენტში და ყველამ ყველაფერი თქვა, ვისაც რა სათქმელი ჰქონდა. ამ ამბავმა წარმოაჩინა, რომ ოპოზიციას 20 ივნისის გარდა სალაპარაკო არაფერი აქვს. 20 ივნისი ჩემთვის და "ქართული ოცნებისთვის" ძალიან მძიმე დღეა, ოპოზიციონერები კი უბრალოდ თავხედები არიან და თან ამნეზია სჭირთ. ნახეთ, როგორია მათი პოლიტიკური კულტურა - ერთად არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ერთ დროს ერთმანეთისთვის ძალიან მძიმე ბრალდებებს არ იშურებდნენ. მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილი ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას უკვეთდა. თავის მხრივ, სააკაშვილმა ოქრუაშვილს ოფიციალურად წაუყენა ბრალი, თითქოს საქართველოს საზღვარზე რუსულ სპეცრაზმთან ერთად შემოდიოდა და თავდასხმას აპირებდა; ნინო ბურჯანაძეს დღესაც რუსეთუმეს ეძახის მთელი "ნაციონალური" კლასტერი; ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც "ნაციონალების" აქტიური სამოქალაქო აქტივისტი იყო და საკუთარ თავზე იწვნია მათი სისასტიკე და სადიზმი. დღეს ეს ხალხი ერთ მაგიდასთან ზის და სწორება აქვთ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც საერთაშორისო დონეზე ცნობილია როგორც მწამებელი და მძარცველი. როდესაც ასეთი ოპოზიცია გყავს, მისგან ადეკვატურ დიალოგს და შეკითხვებს კი არა, დესტრუქციულ გამოხდომებს უნდა ელოდე და ვნახეთ კიდეც.

- ცოტა ხნის წინ კახა კალაძემ განაცხადა, რომ ფეიკნიუსების გამო ოპოზიციას სიმართლის მუშტი მოხვდება ცხვირში. ხომ არ ფიქრობთ, რომ ფეიკნიუსები უფრო ფართომასშტაბიანი პრობლემაა ქვეყნისთვის, ვიდრე ოპოზიციის მიერ გავრცელებული ტყუილი თუ მართალი. რატომ არ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი უფრო ადრე, თუნდაც მაშინ, როდესაც პრობლემის მსხვერპლი ოპოზიციონერებიც აღმოჩნდნენ?
- ეს ძალიან საშიში იარაღია. შესაძლოა საზოგადოებას ტყუილი ვერ დააჯერო, მაგრამ ეჭვს მაინც გაუჩენ. თუ ყველასა და ყველაფერზე - ხელისუფლებაზე, მედიაზე, ეკლესიაზე, სასამართლოზე - ეჭვი გაგვიჩნდება, ეს ხელს შეუწყობს პოლარიზებას, დაძაბულობასა და დესტაბილიზაციას. უკვე ფაქტია, რომ ოპოზიციას სწორედ იქით მივყავართ.

- გახარიას მიმართ ბიძინა ივანიშვილის არაერთგვაროვანი დამოკიდებულების შესახებ ხშირად ვრცელდება სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია. დღეს ვრცელდება მოსაზრება, რომ გახარია შესაძლოა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში პირველი ნომერი იყოს. თქვენ რას იტყვით, სად არის სიმართლე?
- თქვენ ახლა ფეიკნიუსის კარგი მაგალითი დაასახელეთ. მთავრობამ რომ გახარიას მეთაურობით პანდემიას ძალიან კარგად გაართვა თავი, ქართველ ხალხთან ერთად საერთაშორისო საზოგადოებრიობამაც დაინახა. ჩვენი ოპონენტები ამან ძალიან შეაშინა და გადაწყვიტეს გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს ივანიშვილს გახარიას მოხსნა უნდა. რა იყო ამ ჭორის მიზანი? ადამიანებს, რომლებსაც გახარია მოსწონთ, ივანიშვილის მიმართ უნდა გასჩენოდათ უარყოფითი დამოკიდებულება. ამ ფეიკნიუსმა ჩაიარა, მაგრამ საზოგადოებაში ეჭვი მაინც დატოვა.
რაც შეეხება გახარიას პირველობას საარჩევნო სიაში, მე ასე ვიტყვი - ის საარჩევნო პროცესის ლიდერი და ლოკომოტივია.

- როდესაც ოპოზიციურმა ერთობამ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს კანდიდატები პირველივე ტურში "ოცნების" უპირობო გამარჯვებას უზრუნველყოფენ. მართალია, ოფიციალურად ჯერ არ ასახელებთ თქვენი კანდიდატების ვინაობას, მაგრამ იქნებ რომელიმე მაინც გაგვიმხილოთ?
- ამ საკითხზე კონსულტაცია არ არის დასრულებული. ყველაფერს თავისი დრო აქვს, მათ შორის კანდიდატების დასახელებასაც.

- ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტის შესწორების მიხედვით, საქართველოსთან თანამშრომლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ მთავრობა უარს იტყვის ხელისუფლების ცდუნებაზე და ხელს შეუწყობს 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ ჩატარებას. ეს რეალური ინფორმაციაა თუ ფეიკნიუსი?
- დიახ, ასეთი შესწორების ინიციატივით გამოვიდა ერთ-ერთი კონგრესმენი. თავდაცვის სფეროში ჩვენ უაღრესად მჭიდრო, უმაღლესი დონის ურთიერთობა გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი შეიცვლება.

- გინდათ თქვათ, რომ სტრატეგიული პარტნიორების განცხადებები და ინიციატივები ჩვენს ხელისუფლებას და ოპოზიციას სხვადასხვაგვარად ესმით?
- არა, განცხადებები ძალიან მკაფიოა და ყველას ყველაფერი ძალიან კარგად ესმის, უბრალოდ, ჩვენს ოპონენტებს უყვართ ამა თუ იმ განცხადების საკუთარი ვერსიების მიხედვით თარგმნა. მაგალითად, ძალიან მკაფიო იყო გერმანიის ელჩის განცხადება, რომ 8 მარტის შეთანხმებაში რურუაზე საუბარი არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ ეს ელჩი ამ მოლაპარაკების ფალისიტატორი იყო.

- რატომ ჯიუტობს ხელისუფლება რურუას საკითხზე, როდესაც მას პოლიტიკური კაპიტალი არა აქვს და შესაბამისად, მისი გათავისუფლება პოლიტიკურ პროცესებშიც არაფერს ცვლის?
- პასუხი ძალიან მარტივია - საქართველოს ხელისუფლება არ ერევა სასამართლოს საქმიანობაში.

- გერმანიის ელჩმა ისიც თქვა, რომ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში რუსეთის როლი ნათლად გამოიკვეთა. ოპოზიცია ყოველთვის გსაყვედურობთ, რომ არასდროს ხართ რუსეთის მიმართ კრიტიკული, მაშინაც კი, როდესაც საქმე ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის უფლებას ეხება. ამჯერად როგორი იქნება თქვენი პოზიცია?
- "ნაციონალური მოძრაობისთვის" კრიტიკული განცხადებები რომ იყო პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობაში, იმიტომ მივიღეთ სავალალო შედეგი.

- სწორ მოქმედებაში რას გულისხმობთ?
- ნატოსკენ, ევროკავშირისკენ სწრაფვას. ამ მხრივ გვაქვს უმაღლესი დონის ურთიერთობა. გვაქვს გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ოკუპაციის წინააღმდეგ, გვაქვს კონკრეტული რეზოლუციები და დეკლარაციები, რომლებიც აისახა მთელ რიგ საერთაშორისო ინსტიტუტებში.

- როდესაც გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, გამოითქვა მოსაზრება, რომ ამ დაკვეთის უკან შესაძლოა რუსეთი დგას, მისი მიზანი კი ქვეყანაში დესტაბილიზაციაა. ახლა თუ შეგიძლიათ ამ საქმეზე რაიმეს თქმა?
- გამოძიების დასრულებამდე ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ რუსეთისგან კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. ძალიან კარგად იმუშავა უსაფრთხოების სამსახურმა, მივესალმები მათ ეფექტურ მოქმედებას. სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს არ ეყოთ გამბედაობა, რომ ეს წარმატება შესაბამისად შეეფასებინათ.

- რას იტყვით ოპოზიციის რეკომენდაციაზე, რომ საქმის გამოძიებაში ჩვენი პარტნიორი ქვეყნის შესაბამისი სამსახურები ჩაერთონ?
- ჩვენი უსაფრთხოების სამსახურს ურთიერთობა აქვს პარტნიორი ქვეყნის შესაბამის სამსახურებთან და თუ მათი დახმარება საჭირო გახდება, გამოიყენებს კიდეც.

ხათუნა ბახტურიძე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები