"არ გამოვრიცხავ, კოალიცია "ნაცმოძრაობამ" და "ოცნებამ" შექმნან" - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, კოალიცია "ნაცმოძრაობამ" და "ოცნებამ" შექმნან"

"ივანიშვილი იძულებული იქნება კოალიციაში შემავალ პარტიებს ანგარიში გაუწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ან ახალი კოალიცია შეიქმნება, ან ხელახალი არჩევნები დაინიშნება"

საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობა ძალზე დაიძაბა, იზრდება ბრალდებების სიაც. მმართველი გუნდის ლიდერის, პრემიერ გიორგი გახარიას აზრით, ოპოზიცია ეგოისტური მიზნების დასაკმაყოფილებლად ფეიკნიუსებით, მოდელირებული რეალობით, ხელოვნურად შექმნილი ისტორიებით იბრძვის და ცდილობს სტრატეგიულ პარტნიორებთან საქართველოს ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. "ეს ბოროტებაა. ზოგიერთს ტაშს დავუკრავდი და ვეტყოდი, ბატონებო, თქვენ ხართ ჩემპიონები ქვეყნის მტრობაში, ქვეყნისთვის ბოროტების ჩადენაში", - ამბობს პრემიერი.

თავის მხრივ, ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს ქვეყნის მტრობაში, რუსეთის მაამებლური პოლიტიკის გატარებასა და დემოკრატიული ინსტიტუციების ჩამოშლაში. ბოლო დროს ოპოზიციის ნაწილი მედიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკოსებზე სუს-ის ზეწოლაზეც ლაპარაკობს. "მაშინ, როდესაც რეჟიმი ბოლო წუთებს ითვლის, სუს-ი, ყველაზე რეპრესიული და პოლიტიკური სამართალდამცავი უწყება, დაშინებითა და შანტაჟით ცდილობს ხალხში შიშის დათესვას. ბოლო დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტისახელმწიფოებრივი და კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებები უკავშირდება კრიტიკული და თავისუფალი მედიის, ასევე სოციალურ ქსელში აზრის დაფიქსირების გამო ჟურნალისტების დაშინების ცდას", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე. ვინ რა ტიპის სტრატეგიას გამოიყენებს წინასაარჩევნო მარათონში, როგორ გადანაწილდება ძალთა ბალანსი, ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

- თუ გადავხედავთ წინასაარჩევნო პერიოდების ისტორიას, ოპოზიცია ყოველთვის ლაპარაკობდა მმართველი გუნდის ზეწოლაზე, დაშინებაზე... ხელისუფლება კი პირიქით, ოპოზიციას გადატრიალების მცდელობასა და დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებდა. ამ ურთიერთბრალდებებში ზოგჯერ იყო სიმართლე, ზოგჯერ კი არა. დღესაც იგივე ვითარებაა, იმ განსხვავებით, რომ ახლა ხელისუფლებას შეუძლია ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლებაში ყოფნის 9-წლიანი პერიოდი დააყვედროს.

ხელისუფლება ცდილობს ოპოზიცია ერთ ქვაბში მოხარშოს, ოპოზიციური ფლანგი კი ახლა ყალიბდება, ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასარკვევი და გადასალაგებელი. რა და როგორ იქნება, ეს მალე გაირკვევა, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.

- თქვენ რას ელით, როგორი იქნება კენჭისყრის შედეგი? - დიდი ალბათობით, კონსტიტუციაში შესწორებები შევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ქვეყნის სტაბილურობა, საერთაშორისო ასპარეზზეც მძიმე შედეგს მივიღებთ.

- ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნით ოპოზიცია აქციებს მართავდა. მალე შესაძლოა გავხდეთ მოწმე, თუ როგორ მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს მმართველი გუნდი ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე. ოპოზიცია შეცდომას ხომ არ უშვებს, როდესაც კენჭისყრაში მონაწილეობაზე რურუას გამო უარს ამბობს? - 8 მარტის შეთანხმების ინტერპრეტაციას ორივე მხარე თავისებურად ახდენს. რურუას საქმე გასცდა პოლიტპატიმრის გათავისუფლების ჩარჩოებს და პიარის თემა გახდა.

ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში მონაწილეობაზე უარის თქმას პიარისთვის იყენებს, რათა უთხრას ამომრჩეველს, ჩვენ დასავლეთის მხარდაჭერით ვაიძულეთ ხელისუფლება გაეთავისუფლებინა რურუა, აი, დასავლეთი ჩვენთან არისო.

მმართველი გუნდიც იმავე სიტუაციაშია. ეშინია, რურუას გათავისუფლება ამომრჩეველმა სისუსტეში არ ჩაუთვალოს. არ გამოვრიცხავ, რურუა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ გაათავისუფლონ. თუმცა ოპოზიციისთვის ეს ვეღარ იქნება იმ პოლიტიკური კაპიტალის მომტანი, ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს და იტყვის, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა მათ ინტერესებში ნამდვილად შედიოდა, ოპოზიციას კი ცვლილების ჩავარდნა და დესტაბილიზაცია უნდოდაო.

- სწორედ დესტაბილიზაციის მცდელობაზე ისაუბრა პრემიერმა გახარიამ პარლამენტში, რასაც საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კამათი მოჰყვა. - დიახ, ამ ამბავში ძალიან საინტერესო იყო ერთი მომენტი - პრემიერმა 2019 წლის მოვლენების შეჯამებისას გვერდი აუარა 20 ივნისის მოვლენებს. არა მგონია, გახარია ისეთი გულუბრყვილო იყოს, ეფიქრა, ოპოზიცია ამაზე თვალს დახუჭავსო. მან მიზანმიმართულად აუარა გვერდი ამ თემას. ამჯობინა, ოპოზიციის კითხვებისთვის ეპასუხა. ოპოზიციას მეტი გარჯა სჭირდებოდა, რათა თემები შეერჩია. სამჯერ მივიდა გახარია პარლამენტში და ოპოზიციამ სამივე ჯერზე ერთი და იგივე კითხვები დაუსვა. უკვე ერთი წელია ვამბობთ, რომ გავრილოვი საქართველოში არ უნდა ჩამოსულიყო...

- რა კითხვები უნდა დაესვა ოპოზიციას და არ დასვა? - ამაზე ოპოზიციამ თავად უნდა იფიქროს. ოპოზიციონერ ლიდერებს ჰგონიათ, არჩევნებს აუცილებლად მოიგებენ. მე ასე მარტივად არა მგონია საქმე. ოპოზიციური სპექტრი ძალიან ბევრ საკითხზე უნდა შეთანხმდეს.

- ოპოზიციის ნაწილი ხომ შეთანხმდა ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების საკითხზე. თქვენი ვერსიით, ვის დაუპირისპირებს მათ ხელისუფლება? - ოპოზიციამ ძალიან იჩქარა. რა საჭირო იყო კანდიდატების ორი თვით ადრე დასახელება, როდესაც ექვსივე მათგანს ისედაც კარგად იცნობს საზოგადოება? თანდათანობით უნდა მიჰყოლოდნენ პროცესებს. ორი თვით ადრე რომ წარადგენ კანდიდატებს, პიკში რას სთავაზობ ამომრჩეველს, რით ინარჩუნებ მუხტს?! მგონი, ხელისუფლება არ იჩქარებს და თავის კანდიდატებს ბოლო მომენტში დაასახელებს. ეს ბევრად მომგებიანი იქნება.

დღეს კიდევ ერთი საინტერესო მოცემულობა გვაქვს - ადრე ყოველთვის ორპოლუსიანი არჩევნები გვქონდა. შესაბამისად, ამომრჩეველიც ორპოლუსიანი იყო. ივანიშვილმა 2012 წელს კი თქვა, შუა უნდა გაიკრიფოსო, მაგრამ სინამდვილეში შუა ისედაც გაკრეფილი იყო.

დღეს ამომრჩეველთა დიდ ნაწილს აღარც "ქართული ოცნება" უნდა და აღარც "ნაციონალური მოძრაობა", გაჩნდა მოთხოვნა მესამე ძალაზე. ახლა საინტერესოა, რას იზამს, ვისთან ითანამშრომლებს ეს მესამე ძალა. ეს ბევრ რამეს შეცვლის პოლიტიკურ სპექტრში.

- მესამე ძალის ამომრჩეველსაც ფართო არჩევანი აქვს: "ლელო", თავისუფალი დეპუტატები, ალეკო ელისაშვილის გუნდი, ეკა ბესელია... რამდენად სწორი სტრატეგიაა, რომ ეს პროდასავლური პარტიები, რომლებსაც "შუაშისტობაზე" აქვთ პრეტენზია, დამოუკიდებელ სუბიექტებად აპირებენ მონაწილეობას არჩევნებში? - ჩამოთვლილი პარტიებიდან ერთი პროცენტის აღების შანსი ყველას აქვს. თუმცა კარგი იქნება, თუ კოორდინირებულად იმოქმედებენ. ეს არჩევნების შემდეგაც კარგ შედეგს მოიტანს. თუ საერთო ჩრდილოვან კაბინეტსაც შექმნიან, ძალიან კარგი იქნება.

- თქვენი წარმოდგენით, ვინ შეიძლება იყოს "ლელოს" პრემიერმინისტრობის კანდიდატი? კულუარებში გიორგი მარგველაშვილს ასახელებენ. - მარგველაშვილს არა აქვს შესაბამისი პოლიტიკური კაპიტალი. მართალია, არც უარყოფითი შლეიფი აქვს, მაგრამ აღმასრულებელ ხელისუფალთან საზოგადოებას ცოტა სხვა ტიპის მოთხოვნები აქვს. მარგველაშვილი კარგი იქნება საარჩევნო სიაში, საპარლამენტო ბატალიებში, მაგრამ არა პრემიერის პოსტზე.

- თაკო ჩარკვიანის ინიციატივა პრემიერის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ, მიუღებელი აღმოჩნდა როგორც "ნაციონალებისთვის", ასევე "ევროპული საქართველოსთვის". თუ გავითვალისწინებთ, რომ ოპოზიციურ ერთობაში ყველაზე მეტი ფინანსური და ადამიანური რესურსი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, თანაც ეს თავადაც არაერთხელ დააყვედრეს დანარჩენებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 8 მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ ორს დასჯერდნენ, ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მათი პრემიერობის კანდიდატი "ნაციონალი" იქნება? - ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში პრემიერის კანდიდატურას ყველაზე ძლიერი პარტია აყენებს, ჩვენ კი არაორდინარული ვითარება გვაქვს და შესაძლოა გადახრებიც იყოს, თუმცა ეჭვი მეპარება, პრემიერობის კანდიდატის პოსტი "ნაციონალებმა" სხვას დაუთმონ. თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, პრემიერი თავდაპირველად ვინმე გარდამავალი ფიგურა იქნება "ნაციონალური მოძრაობიდან", ერთ წელიწადში კი მას ჩაანაცვლებს მიხეილ სააკაშვილი.

- შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრემიერს "ქართული ოცნების" სიის სათავეში ვიხილავთ? - ლოგიკას აქეთ მივყავართ - გახარია ნამდვილად არის "ქართული ოცნების" უალტერნატივო ლიდერი და, წესით, სწორედ ის უნდა იყოს ამ არჩევნებში გამწევი ფიგურა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებები ლოგიკას არასდროს ექვემდებარება, გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი.

- უდავოა, რომ მომავალ ხელისუფლებაში "ოცნება" იქნება წარმოდგენილი. კიდევ ვის მოიაზრებთ კოალიციურ ხელისუფლებაში? - ვინაიდან ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ გადანაწილდება ოპოზიციური სპექტრი, ვინ ვისთან შექმნის ბლოკს და რამდენი სუბიექტი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ძნელია ვივარაუდოთ, ვისთან ერთად შექმნის "ქართული ოცნება" კოალიციურ მთავრობას. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ საბოლოოდ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნან და კიდევ აქეთ დაგვამადლონ, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეიქმნეს დისკომფორტი.

ეს არ არის ტრაგედია. საპარლამენტო მმართველობა სწორედ იმით არის კარგი, რომ განსხვავებული პოზიციის მქონე პოლიტიკური ძალები იძულებელი არიან ერთმანეთს დაელაპარაკონ. იქნებ ამან მაინც დაასრულოს 30-წლიანი დაპირისპირება და ფეიკნიუსების კასკადი.

- "შუაშისტურ პარტიებს" რა რესურსი რჩებათ? - თუ ყველა დასავლური "შუაშისტური" ძალა კოორდინირებულად იმუშავებს, შეძლებს იმდენივე ხმის მიღებას, რამდენსაც "ქართული ოცნება" და "ნაციონალები". ამომრჩეველთა ხმები სამ ნაწილად გაიყოფა: ერთი მესამედი "ოცნებას", ერთი მესამედი "ნაციონალებს" და ერთი მესამედიც "შუაშისტურ" პროდასავლურ ძალებს. ასე რომ, "ლელო" და თავისუფალი დეპუტატები კარგად უნდა დაფიქრდნენ.

- ასეთი კოალიციური მთავრობის ერთობლივი მუშაობა როგორ წარმოგიდგენიათ? - ჩვენ დღემდე ერთპიროვნული მმართველობის სავალალო შედეგებს ვიმკით. ერთ პირზე ჩამოკიდებული სახელისუფლებო ვერტიკალი დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებას ხელს უშლის. სწორედ კოალიციურმა მთავრობამ უნდა დაამსხვრიოს ეს მავნე სისტემა. ივანიშვილი იძულებული იქნება, კოალიციაში შემავალ პარტიებს ანგარიში გაუწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ან ახალი კოალიცია შეიქმნება, ან ხელახალი არჩევნები დაინიშნება.

- ესე იგი, შესაძლოა 2024 წლამდე კიდევ მოგვიწიოს არჩევნებმა? - იტალიაში 1945-დან 1985 წლამდე ორმოცჯერ შეიცვალა მთავრობა. თითქმის ყოველ წელს არჩევნები იყო და გაპარტახებული იტალიიდან შეიქმნა ქვეყანა, რომელიც დღეს შვიდეულის წევრია. იგივე შეიძლება ითქვას ისრაელზეც. არჩევანი ჩვენზეა - ან ერთი კაცის ხუშტურებზე გავაგრძელებთ ცხოვრებას და მუდმივად პრობლემებში ვიქნებით, ან ხშირად შევცვლით მთავრობებს და განვვითარდებით.

ხათუნა ბახტურიძე