"ადამიანის დაბარება მოწმედ რატომ უნდა იყოს ისტერიკის საფუძველი, გაუგებარია" - კვირის პალიტრა

"ადამიანის დაბარება მოწმედ რატომ უნდა იყოს ისტერიკის საფუძველი, გაუგებარია"

ამერიკელი კონგრესმენების აღშფოთების პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე ლაპარაკობს. შენარჩუნდება თუ არა ორი ქვეყნის მჭიდრო კავშირი და რას ფიქრობს ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებზე, თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელს ვესაუბრეთ.

- შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობა გაცილებით ფუნდამენტური და შინაარსიანია, ვიდრე ხელისუფლებისა და კონკრეტული სენატორების. ამიტომ ჯერჯერობით ეს ამბავი ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის. ეს იყო გაფრთხილება და იმედია, უფრო დიდ ფლანგზე არ გადაიზრდება და ორი ქვეყნის ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენს, თუმცა ამის საფრთხე არსებობს.

- სუს-მა დაკითხვაზე ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების დაბარება დაიწყო. - პრობლემა მაშინ ჩნდება, თუ ამას რამე ქმედება და გართულება მოჰყვება. ადამიანის დაბარება მოწმედ საგამოძიებო ორგანოში, რატომ უნდა იყოს ისტერიკის საფუძველი, გაუგებარია.

- მაგრამ სიუჟეტსა და ფეისბუკპოსტებზეა ლაპარაკი და ეს ნორმალურია?

- სტატუსების გამო კი არა, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში შეიძლება ქუჩაში გაღიმების გამო დაგიბარონ მოწმედ, თუკი საჭიროდ ჩათვლიან. ჩვენ გამოძიებისგან ვითხოვდით, და ეს კანონშიც გვიწერია, რომ თუკი საჯაროდ რამე გახდება ცნობილი, გაარკვიონ. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოძიებამ დაიწყო თავისი ფუნქციის შესრულება. როგორ შეასრულებს, ამას მოგვიანებით ვნახავთ და სწორედ ამის მერე გაირკვევა, გვაქვს თუ არა მართლაც საპანიკო.

- ოპოზიციური გაერთიანება, რომელიც ლეიბორისტული მაგიდის გარშემო იკრიბება ხოლმე, მივიდა შეთანხმებამდე და თბილისის 6 ოლქში ერთიანი კანდიდატები წარადგინა. რამდენად შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს ეს ტაქტიკა გაერთიანებული ოპოზიციისთვის? - იყო ერთი პოლიტიკური პარტია "ნაციონალური მოძრაობა", მერე ის დაიშალა პატარ-პატარა "ნაციონალებად" და ახლა 2020 წლის არჩევნებისთვის ისევ გაერთიანდნენ. ასე რომ, ამაში სიახლე არ არის. ახლა ამოცანა გვეკითხება, რას იზამენ დანარჩენი პარტიები?

- საზოგადოება ელოდა, რომ "ლელო" მოახერხებდა ძლიერ მესამე პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას. - ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე რამდენიმე პოლიტიკური ძალაა, მათ შორის "ლელოც", რომელიც მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრია და ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მოინდომებს ქართული პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც არ სურს აითქვიფოს "ქართულ ოცნებაში" ან "ნაციონალურ მოძრაობაში", პოზიციები "ლელოსთან" შეაჯეროს ან ერთმანეთს მაინც არ ერჩოდნენ. ეს იქნებოდა ამ ცენტრის წარმატების საფუძველი.

- თქვენი აზრით, რას მოუტანს "ლელოს" გიორგი მარგველაშვილი, თუ მართლაც პირველ ნომრად ჩაწერენ? - გიორგი მარგველაშვილი ჩემთვის ძალიან ღირებული ადამიანია და მისი პოლიტიკური გემოვნება რომელ პარტიასაც მხარს დაუჭერს, მისასალმებელი იქნება.

- დოლიძისა და ელისაშვილის ტანდემზე რას ფიქრობთ? - ძალიან საინტერესო კონფიგურაციაა. ანა დოლიძეს პატივს ვცემ, მაგრამ რა იქნება მისი პოლიტიკური ფასი, ამას აჩვენებს ის გადაწყვეტილებები, რომელთაც მიიღებს.

- როგორია მთლიანობაში ოპოზიცია, რამდენად აღმოჩნდა წინა არჩევნები მისთვის მწარე გაკვეთილი?

- ოპოზიციის ერთგვაროვნად დახასიათება შეუძლებელია. მათ შორის ძალიან დიდი განსხვავებებია. ოპოზიციაშია ყველა, ვინც ხელისუფლებას არ ეთანხმება, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა პოლიტიკური ამოცანები.