"დიახ, კვირიკაშვილმა საბოლოოდ განაცხადა უარი პოლიტიკაში დაბრუნებაზე"
"დიახ, კვირიკაშვილმა საბოლოოდ განაცხადა უარი პოლიტიკაში დაბრუნებაზე"
"რაც უფრო დავუახლოვდებით არჩევნების თარიღს, მით უფრო ინტენსიურად შეეცდებიან ოპოზიციაში ტროას ცხენის შემოყვანას. მთავარია, ჩვენ არ წამოვეგოთ ამ ხრიკებს"

"პრემიერის პარლამენტში გამოსვლა იყო ცარიელი და უშინაარსო", - განაცხადა "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ. მისი თქმით, გიორგი გახარიასთვის დამახასიათებელია გამოთქმით საუბარი, ხოლო მის გამოსვლაში ვერასდროს ხედავს პრობლემის გადაჭრის გზებს. "მისი საუბრიდან ვერ დავინახეთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზები. პრემიერს, ისევე როგორც მთავრობის სრულ შემადგენლობას, ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის უნარი არა აქვს. ეს
ნათელი იყო პანდემიამდე და კიდევ უფრო თვალსაჩინოა ახლა. ამას მიუთითებს ისიც, რომ გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში ქვეყანა 9 ადგილით ჩამოქვეითდა, ეკონომიკის მდგრადობის მიხედვით, სკოუპის შეფასებით, ბოლო 63-ე ადგილზე ვართ", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. "ლელოს" ლიდერი დარწმუნებულია, რომ შემოდგომისთვის ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდება და საზოგადოების დიდი
ნაწილი არჩევანს მისი გუნდის სასარგებლოდ გააკეთებს.

- პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ბევრი ტყუილი თქვა, მათ შორის ისიც, რომ თითქოს პანდემიამდე ქვეყანაში ასეთი სერიოზული პრობლემები არ იყო, რომ კრიზისში მხოლოდ გლობალური საფრთხის გამო აღმოვჩნდით. ასევე მტკნარი სიცრუეა, რომ ვითომ ბიუროკრატიული ხარჯებით საქართველო მე-2 ადგილზეა. სინამდვილეში 88-ე ადგილზე ვართ. რომელი ერთი ჩამოვთვალო? ტყუილი პრემიერისა და მთლიანად "ქართული ოცნების" მთავარი სამუშაო ინსტრუმენტია. ახლა ჩვენი მიზანია ყველაფერი გავაკეთოთ, რომ დარჩენილ ოთხ თვეში ქვეყნისთვის მეტი ზიანის მიყენება არ შეძლონ.

- იქმნება შთაბეჭდილება, რომ საარჩევნო კამპანია შავი პიარის, ნეგატივისა და ფეიკნიუსების ფონზე მიმდინარეობს. თქვენ როგორ აფასებთ ამ ვითარებას?
- ძალიან ცუდია, როდესაც ოპონენტს მოსისხლე მტრად აღიქვამ და ცდილობ ყველა შესაძლო ინსტრუმენტით მიაყენო ზიანი, შეურაცხყო, ავტორიტეტი შეულახო... საშინელი პრაქტიკაა, რომელიც აუცილებლად უნდა შევცვალოთ საგნობრივი, კომპეტენტური პოლემიკით.
ჩვენი შესაძლებლობა, ძალა და ენერგია ქვეყნის ჩიხური სიტუა­ციიდან გამოყვანაზე უნდა დავხარჯოთ და არა ერთმანეთისთვის ზიანის მიყენებაზე.
ჩვენ უარს ვამბობთ ოპონენტების შეურაცხყოფაზე და ვმუშაობთ, რომ ამომრჩეველს ჩვენი შესაძლებლობები, ინიციატივები და გეგმა გავაცნოთ.

- ოპოზიციურ ერთობას 8 მაჟორიტარული ოლქიდან ორი ისევ ღიად აქვს დატოვებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენთვის გახსნილი კარი ისევ არ არის დახურული. რა გადაწყვეტილებას მიიღებთ?
- ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს თავიდანვე ვუთხარით, რომ ოცდაათივე მაჟორიტარულ ოლქში ჩვენს კანდიდატებს დავაყენებდით. ისინიც გაგებით შეხვდნენ ჩვენს გადაწყვეტილებას და განაგრძეს მუშაობა თბილისში საერთო კანდიდატების შესარჩევად. შემდეგ ჩვენ ვთქვით, რომ დავასრულებდით საკუთარი კანდიდატების შერჩევას და ამის მერე განვსაზღვრავდით რომელ ოლქში იქნებოდა შესაძლებელი თანამშრომლობა დანარჩენ ოპოზიციასთან. ოპოზიციურმა ერთობამ რვა ოლქიდან ორში შემოგვთავაზა კანდიდატის დაყენება, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ­. თუმცა ჯერ არ დაგვისრულებია კანდიდატების შერჩევა. დასრულების შემდგომ შევეცდებით თანამშრომლობის ისეთი გზა გამოვნახოთ, რისი საშუალებითაც პირველივე ტურში გავზრდით "ქართული ოცნების" დამარცხების შანსს.

- წარმოდგენილი მაჟორიტარი კანდიდატებიდან თუ განიხილავთ ვინმეს, რომელსაც თქვენს კანდიდატს არ დაუყენებთ?
- ჩვენ გამოკვეთილი სიმპათია გვაქვს ელენე ხოშტარიას მიმართ. თუმცა ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება არც ელენეს შესახებ გვაქვს მიღებული.

- არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი პრემიერობის კანდიდატი შესაძლოა გიორგი მარგველაშვილი იყოს.
- მარგველაშვილთან ამ საკითხზე არ გვისაუბრია. არაერთხელ ვისაუბრეთ ქვეყანაში შექმნილ რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე, კრიზისიდან გამოსვლის გზებზე...

- გიორგი კვირიკაშვილმა საბოლოოდ განაცხადა უარი პოლიტიკაში დაბრუნებაზე?
- დიახ, საბოლოოდ. ის მაქსიმალურად დაიხარჯა ქვეყნის სამსახურში, მაგრამ თანაპარტიელები, ისევე როგორც გუნდის ლიდერი, უღირსად მოექცნენ.

- ალეკო ელისაშვილისა და ანა დოლიძის შესახებ რა გადაწყვეტილება მიიღეთ?
- ალეკოსთან გვქონდა საუბარი, შემდეგ მათ განაცხადეს, რომ სადისკუსიო მაგიდას ქმნიან. ჩვენ მზად ვართ, დაწყებული დისკუსიის გასაგრძელებლად.

- მას შემდეგ, რაც ანა დოლიძე ყოფილმა თანამებრძოლმა ნაზი ჯანეზაშვილმა კანონის დარღვევაში დაადანაშაულა და მისი ორგანიზაციის დაფინანსებაზეც მინიშნება გააკეთა, თქვენ არ დაგებადათ კითხვები?
- ჩემი შთაბეჭდილებით, ანა დოლიძე კანონისთვის მებრძოლი ადამიანია. ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება შემოიტანოს განხეთქილება ოპოზიციურ ძალებში. რაც უფრო დავუახლოვდებით არჩევნების თარიღს, მით უფრო ინტენსიურად შეეცდებიან ოპოზიციაში ტროას ცხენის შემოყვანას. მთავარია, ჩვენ არ წამოვეგოთ ამ ხრიკებს.

ხათუნა ბახტურიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები