"მერაბ ტურავას ორი რამ უქმნის უხერხულობას - უგულავას საქმე და სტრასბურგი" - კვირის პალიტრა

"მერაბ ტურავას ორი რამ უქმნის უხერხულობას - უგულავას საქმე და სტრასბურგი"

"ლევან ალაფიშვილი: "საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნებთან (განსაკუთრებით პროპორციულთან) დაკავშირებით მნიშვნელოვანი ბერკეტი აქვს. თუ შედეგები გასაჩივრდება, შეუძლია, იმსჯელოს და ჩატარებული არჩევნები ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადოს. ესეც შეიძლება იყოს მიზეზი, რომ ასე სწრაფად დასრულდა საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნები..."

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მოსამართლე მერაბ ტურავა ხუთი წლით აირჩიეს. მანამდე ის თავმჯდომარის მოადგილე იყო და პირველ კოლეგიას ხელმძღვანელობდა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ცხრა მოსამართლისგან შედგება. თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით აირჩევა და რეგლამენტით საკუთარ თავს ხმას კანდიდატებიც აძლევენ. თავმჯდომარედ განიხილებოდა ირინა იმერლიშვილის კანდიდატურაც, თუმცა მოსამართლეებმა მერაბ ტურავა აირჩიეს.

"მერაბ ტურავას არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიუღია და ვფიქრობ, ასე გააგრძელებს"

იურისტი ლია მუხაშავრია მერაბ ტურავას არჩევას მიესალმება და ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელობაზე ლაპარაკობს.

- საკონსტიტუციო სასამართლო მთელ მსოფლიოში მოწინავე ინსტიტუციაა იმ ფუნქციებისა და კომპეტენციის გამო, რომელიც მას აქვს. მოქალაქეს შეუძლია ინდივიდუალური სარჩელით მიმართოს ამ სასამართლოს და რომელიმე კანონის ანტიკონსტიტუციურად ცნობას მიაღწიოს. ეს არის იმ პარლამენტის დამსახურება, რომელმაც თავის დროზე ორგანული კანონი მიიღო და საკონსტიტუციო სასამართლო შექმნა. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი როლი კანონიერების დამკვიდრებაში. ამ სასამართლომ ასპარეზი გაუფართოვა ადვოკატებსა და მოქალაქეებს, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში სამართლებრივი კულტურის დამკვიდრებას, თუმცა ბოლო დროს იმედგაცრუებული ვარ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობით. არ მინდა ვინმეს ჩრდილი მივაყენო, მაგრამ მეჩვენება, რომ დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა ვერ არის წინა შემადგენლობის ღირსეული მემკვიდრე. მაშინ მოახერხეს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს, ამან კი ქვეყანაში სიტუაცია შეცვალა. მაგალითად, რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების დამკვიდრება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგია. გვაქვს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.

სამწუხაროდ, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ თუ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, ვერაფერს გააწყობ, როგორ კარგადაც უნდა გქონდეს დასაბუთებული მოთხოვნა და რაც უნდა მნიშვნელოვანი იყოს ის. საერთო სასამართლოში საქმის განხილვისას თუ მოსამართლე გადაწყვეტს, რომ რომელიმე მუხლი და ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მას აქვს უფლება, მხარეთა მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით შეაჩეროს საქმის განხილვა, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ის კონკრეტული საკითხი აღარ განიხილება. თუ ნორმა ანტიკონსტიტუციური აღმოჩნდება, მხარეებს დავის საგანი აღარ ექნებათ. ჩემი გულისტკივილი ის არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არა აქვს მკაცრად განსაზღვრული ვადები და ამაზე ვერსად იჩივლებ - ყველა საკითხი ევროსასამართლოს არ ექვემდებარება. ცხრა მოსამართლე გადამწყვეტ როლს თამაშობს, ქვეყანაში დემოკრატიას, თავისუფლებას ამკვიდრებს. სამწუხაროდ, ქვეყანაში სასამართლოსა და მოსამართლეების მიმართ ნდობა შესუსტდა და ეს ტენდენცია შეიმჩნევა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებითაც.

- ტურავას არჩევას როგორ შეაფასებთ?

- ბატონ მერაბს ვიცნობ როგორც მოსამართლეს, როგორც ადამიანს, იურისტს და მასზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. ის ჩემი კლიენტიც გახლდათ - სადისციპლინო სამართალწარმოების პროცესში ვიცავდი, როცა სააკაშვილის დროს ე.წ. მეამბოხე მოსამართლეები გაათავისუფლეს. მართალია, ეს პროცესი მაშინ წარმატებით ვერ დავასრულეთ, მაგრამ ფაქტი, რომ ადვოკატის კლიენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, ჩემთვის მნიშვნელოვანია. როდესაც ამ ე.წ. მეამბოხე მოსამართლეებს ვიცავდი, შემთხვევით გავიგე, რომ ეუთოში შეხვედრაზე ამ საკითხებს განიხილავდნენ. დავრეკე და ვთხოვე, დავსწრებოდი - ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტები შემიძლია გაგაცნოთ-მეთქი. მიმიწვიეს და მითხრეს, ასეთი ბედნიერება ყველა ადვოკატს არ აქვს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს იცავდესო.

- როგორ ფიქრობთ, პრინციპული იქნება და პოლიტიკურ წნეხს გაუძლებს?

- არა მგონია, წლების განმავლობაში მისი პრინციპულობა შეცვლილიყო, თუმცა კონკრეტული მოსამართლეების მიმართ პოლიტიკური ხელისუფლების დამოკიდებულება შეიცვალა. ბევრს ჰგონია, თუ მოსამართლეს დაურეკავს და რამეს დაავალებს, მან ეს უსიტყვოდ უნდა შეასრულოს. ზოგი მოსამართლე ამას აკეთებს კიდეც. ჩვენს პროფესიაში არის მოარული გამოთქმა - იურისტმა უპირველესად უნდა იცოდეს, რა არ შეიძლება. როცა იცი, რა არ შეიძლება, დანარჩენი შეიძლებაო. დღეს ახალმა მოსამართლეებმა ეს არ იციან, ყველაფერს ეთანხმებიან და ხელს აწერენ. ამიტომ ვიღებთ ე.წ. ნოტარიუს მოსამართლეებს. საკონსტიტუციოში მოსამართლე 10 წლით ინიშნება და 10 წელში ორ ხელისუფლებას მაინც იცვლის, ამიტომ ეს პერიოდი მას პოლიტიკურად დამოუკიდებელს ხდის.

მოსამართლედ ისეთი ადამიანი უნდა ინიშნებოდეს, ვერც კი გაუბედო რამის მოთხოვნა. არ შეიძლება პრემიერმა ან მინისტრმა დაიბაროს მოსამართლე და უთხრას, საქმის მასალები მომიტანე და გამაცანიო. ხომ ვნახეთ, როგორ იცოდა ბიძინა ივანიშვილმა გასაიდუმლოებული საქმის დეტალები, როცა ამაზე ტელევიზიით ლაპარაკობდა!..

ბატონ მერაბს ვუსურვებ, ჩვენს საკონსტიტუციო სასამართლოს დაუბრუნოს ის სახელი და ავტორიტეტი, რაც მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ჰქონდა. მას არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიუღია და ვფიქრობ, ასე გააგრძელებს.

"ტურავა იმ ჯგუფის დანიშნულია, რომელიც საერთო სასამართლოების სისტემას აკონტროლებს, ახლა კი ეს მთელი ვერტიკალის პოლიტიკური კონტროლია..."

მერაბ ტურავას დანიშვნასთან დაკავშირებით განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს იურისტი ლევან ალაფიშვილი:

- ჩემი აზრით, მერაბ ტურავას არჩევა იმ პროცესის დასასრულია, რომელსაც საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურ კონტროლს დაქვემდებარება ჰქვია. ცოტა ხნის წინ საერთო სასამართლოების სისტემაში ეს პროცესი დამთავრდა უზენაესი სასამართლოს წევრებისა და თავმჯდომარის გამწესებით. დარჩენილი იყო ერთი ინსტიტუტი - საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს და მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ჩათვალა, რომ იქაც სრული კონტროლი უნდა დაემყარებინა.

მერაბ ტურავას ორი რამ უქმნის უხერხულობას. საკონსტიტუციო სასამართლოში ერთადერთი გადაწყვეტილებაა, რომელზეც არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ხელმოწერა - უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მერაბ ტურავამ ხელი არ მოაწერა. მან, როგორც სისხლის სამართლის სპეციალისტმა, კარგად იცოდა, რომ უგულავა უნდა გათავისუფლებულიყო, მაგრამ ამის პოლიტიკური ნება არ იყო და პროცესი რომ შეეფერხებინა, საავადმყოფოში დაწვა. იქ ეახლნენ და მასალა მიუტანეს, მაგრამ ხელი მაინც არ მოაწერა. კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ვალდებულია, სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელი მოაწეროს, მაგრამ თუკი განსხვავებული აზრი აქვს, ესეც უნდა აღნიშნოს, ასეთი რამ კი უგულავას საქმეში დღემდე არ არის. ეს არის პოლიტიკური მანიპულირების დასტური, რაც მოსამართლეს არ შეშვენის. მაშინ ამის გამო ტურავას წინააღმდეგ დისციპლინური საქმის წარმოებაც დაიწყო და ესეც ამძაფრებს ამ უხერხულობას.

მეორე უხერხულობა დაკავშირებულია სტრასბურგთან. წინა ხელისუფლების დროს მერაბ ტურავა, ნინო გვენეტაძე, თამარ ლალიაშვილი, მურმან ისაევი გაათავისუფლეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობიდან და ეს საქმე სტრასბურგში წავიდა. თამარ ლალიაშვილსა და მურმან ისაევთან დაკავშირებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ნინო გვენეტაძე მას შემდეგ, რაც სასამართლოში წავიდა, სწორად მოიქცა - სტრასბურგის სასამართლოს აცნობა, შეეწყვიტა საქმე და ეს საქმე შეწყდა, მერაბ ტურავას კი სტრასბურგის სასამართლო აქეთ სთხოვდა, რა ხდება შენს თავს, შეგვატყობინეო, მაგრამ მან არათუ რამე აცნობა, ურთიერთობაც კი შეწყვიტა სტრასბურგის სასამართლოსთან. ტურავასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ჩემი სიტყვებით რომ ვთქვა, დაახლოებით ასე წერია - მან არაფრად ჩააგდო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და მიუხედავად იმისა, რომ ის პროფესიონალია და დაცვა არც სჭირდება, მის საქმეს არ განვიხილავთო.

- თქვენ თვლით, რომ მერაბ ტურავა პრინციპული ვერ იქნება?

- ტურავა იმ ჯგუფის დანიშნულია, რომელიც საერთო სასამართლოების სისტემას აკონტროლებს, ახლა კი ეს მთელი ვერტიკალის პოლიტიკური კონტროლია.

პროფესიონალურად ტურავას მიმართ პრეტენზია არ მაქვს. მისი, როგორც იურისტის, თეორეტიკოსის, კრიმინალისტის მიმართ საწინააღმდეგოს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ უგულავას მაგალითი ადასტურებს, რომ ერთ ადამიანში განსხეულებულია პროფესიული ერთგულება და პრინციპების ღალატი. ველოდები, რომ ხუთიოდე წლის შემდეგ მას ვიხილავთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, ამას მოსთხოვს ის იმ გუნდს, რომელმაც ამ სკამზე დასვა. ასევე ველოდები, რომ აქტიური არ იქნება, საქმეებს არ განიხილავს.

- ანუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა უნდა? საკონსტიტუციო სასამართლო ხომ უფრო მაღალი ინსტანციაა?

- მისი, როგორც სპეციალისტის, ადგილი არის უზენაეს სასამართლოში, ამიტომ სავარაუდოა, სწორედ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ვიხილოთ, თუკი ამ ხნის განმავლობაში პოლიტიკური ვითარება არ შეიცვალა... მას 90-იანი წლებიდან ვიცნობ, როცა ჯერ კიდევ გერმანიაში იყო და აქ ჩამოდიოდა ხოლმე. მაშინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ვიყავი და ერთმანეთს ვხვდებოდით. მმართველობითი უნარი მას არა აქვს. სასამართლოს თავმჯდომარეობა უფრო რთულია, ვიდრე მოსამართლეობა. ვფიქრობ, მხოლოდ სავალდებულო სხდომებში მიიღებს მონაწილეობას, სხვა დროს კი წაიკითხავს ლექციებს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის მოემზადება.

- საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაზე რას იტყვით?

- როდესაც ახალი გამწესებული არიან, ძნელია მსჯელობა. ფაქტია, სასამართლო სკანდალურად დაკომპლექტდა, მაგრამ ჩვენ გვინახავს წინა ხელისუფლების გამწესებული მოსამართლეები გამწესებლის წინააღმდეგ რომ იღებდნენ გადაწყვეტილებას. იმედია, სახელმწიფოს ძირს არ გამოუთხრიან. საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნებთან (განსაკუთრებით პროპორციულთან) დაკავშირებით მნიშვნელოვანი ბერკეტი აქვს. თუ შედეგები გასაჩივრდება, შეუძლია, იმსჯელოს და ჩატარებული არჩევნები ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადოს. ესეც შეიძლება იყოს მიზეზი, რომ ასე სწრაფად დასრულდა საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნები.