"ალბათ, გერმანიის ელჩი არ იჩივლებს სასამართლოში, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"ალბათ, გერმანიის ელჩი არ იჩივლებს სასამართლოში, მაგრამ..."

"თუ "ოცნებას" არ გაუჭირდა, ანუ თუ მისმა რეიტინგმა მკვეთრად არ იკლო, ბიძინა ივანიშვილის საჯარო პოლიტიკაში გააქტიურებას არ ველი"

ჩვენთან პოლიტიკური პროცესი ხშირად ისეთი პარადოქსულია, რომ რამის წინასწარ გათვლა რთულია. სწორედ ამგვარი წინააღმდეგობებით გამოირჩეოდა საკონსტიტუციო ცვლილებების მთელი პროცესი, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას ითვალისწინებს.

23 ივნისს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. სხდომაზე რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა. მათგან საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი 115-მა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო სამი პარლამენტარი. პირველი მოსმენისგან განსხვავებით, ამჯერად "ევროპულ საქართველოს" კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ისინი კვლავაც გიორგი რურუას გათავისუფლებას მოითხოვენ. არც პირველ და არც მეორე კენჭისყრაში არ მონაწილეობდა "ნაციონალური მოძრაობა", ანუ ორმა ოპოზიციურმა ძალამ, რომლებიც ამ ცვლილებების ყველაზე დიდ მხარდამჭერებად მიიჩნეოდნენ, ფაქტობრივად, თამაშგარე მდგომარეობაში არჩია ყოფნა და ეს მაშინ, როცა "ქართულმა ოცნებამ" სრული მობილიზაცია გამოაცხადა. ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირეს მაჟორიტარმა დეპუტატებმაც, რომელთაც შარშან შემოდგომაზე იმ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა დაჰბრალდათ, რომელიც შერეულიდან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ახალი პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 - პროპორციული, 30 - მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც, კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს. მესამე მოსმენით კანონპროექტს მიმდინარე კვირას განიხილავენ.

ინტერვიუ ექსპერტ რამაზ საყვარელიძესთან სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ.

რამაზ საყვარელიძე

- გეთანხმებით, ეს პროცესი მართლაც პარადოქსულად ვითარდებოდა, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საბოლოო შედეგს ხელს არ შეუშლის - ბოლოს და ბოლოს მოხერხდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და საარჩევნო სისტემის შეცვლა. კარგად გვახსოვს, როგორ ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი პროექტი, ახლა კი გამოვიდა, რომ "ქართული ოცნება" იღებს ცვლილებებს, ანუ როცა მოინდომეს, მშვენივრად მოახერხეს მაჟორიტარების დათანხმება... გამოჩნდა, რომ თავის დროზე პროცესის ჩაშლის მათთვის გადაბრალება სიმართლე არ ყოფილა.

რაც შეეხება ოპოზიციის ქცევას, როგორც ბევრს, მეც მრჩება შთაბეჭდილება, რომ როცა საქმე საქმეზე მიდგა, მათ აღარ მოუნდათ ამ ცვლილების მიღება.

არ ვიცი, ნამდვილად ასეა თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, მხოლოდ შთაბეჭდილებაც კი მათთვის წამგებიანია. საკუთარი ბოიკოტის მიზეზი ისე დამაჯერებლად ვერ დაასაბუთეს, რომ ამგვარი შთაბეჭდილება არ გაჩენილიყო. წარმოიდგინეთ, მთელი წელი ლაპარაკობდნენ ამ ცვლილებების აუცილებლობაზე, ამტკიცებდნენ, რომ ეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის იყო აუცილებელი, ახლა კი განზე გადგნენ. მხოლოდ რურუას მომიზეზება დამაჯერებელი არ ჩანს. გარდა იმისა, რომ კენჭისყრის დროს იქცევიან ასე უცნაურად, ბოლოდროინდელი პროცესების ლოგიკაც გვაჩვენებს, რომ ოპოზიცია მაინცდამაინც კარგად ვერ ჩამოყალიბდა, რა ურჩევნია. მაჟორიტარები არ გვინდაო, ამტკიცებდნენ, თან ენერგიულად ჩააფრინდნენ ამ 30 ადგილს. ამიტომ გაჩნდა ეჭვი - ხომ არ ურჩევნიათ ძველი სისტემა, სადაც მეტი მაჟორიტარული ოლქია?

"ნაციონალური მოძრაობის" შემთხვევაში ამგვარი ეჭვის ერთ-ერთი საფუძველი ისიც არის, რომ შეიძლება პარტიაში აშფოთებთ საკითხი - ახალი საარჩევნო სისტემით ხომ არ დაკარგავენ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს.

გვახსოვს, ბოლო თვეების განმავლობაში ამბობდნენ, პარლამენტში რაც შეიძლება მეტი პარტია უნდა შევიდეს და ივანიშვილს ძალაუფლება წავართვათო, მაგრამ ამ ბევრი პარტიის ერთობლივი რეიტინგი შეიძლება მიუახლოვდეს და გადაასწროს კიდეც "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგს, არადა, პირველი ოპოზიციური ძალის სტატუსის ინტერესი, მოგეხსენებათ, უპირველესად დაფინანსებაა. რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლებამ სრულად მოახერხა უმრავლესობის მაჟორიტარებიანად მობილიზება, როგორც უკვე ვთქვი, ეს აჩვენებს, რომ თავის დროზე, როცა ამტკიცებდნენ, საკონსტიტუციო ცვლილებები მაჟორიტარების აჯანყებამ ჩააგდოო, ტყუოდნენ.

- პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგა. ერთი თვის განმავლობაში ის უკვე მესამედ მივიდა საკანონმდებლო ორგანოში... პრემიერის ანგარიში მოიცავდა ქვეყნის ცხოვრების თითქმის ყველა მიმართულებას: ჯანდაცვას, სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს, ადამიანის უფლებებს, უსაფრთხოებას, ოკუპირებულ ტერიტორიებს და ა.შ., თუმცა მის ანგარიშში არ მოხვდა 20 ივნისის მოვლენები, რამაც ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. მათი კითხვებისა თუ გამოსვლების უმრავლესობაც სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა....

- ვფიქრობ, შეიძლებოდა პრემიერის წლიურ ანგარიშში ყოფილიყო ეს საკითხი, მით უფრო, რომ ამ კონტექსტით არაერთი თემის გაშლა შეიძლებოდა, საგარეო პოლიტიკით და რუსეთთან ურთიერთობით დაწყებული, სამართალდაცვისა და უსაფრთხოების თემით გაგრძელებული და ადამიანის უფლებებით დამთავრებული - ყველა ამ საკითხზე ხომ ისედაც იყო ანგარიშში ყურადღება გამახვილებული. ვფიქრობ, გახარიას 20 ივნისის მოვლენები ამ კონტექსტით რომ მიმოეხილა, ეს მისი მხრიდან უფრო საინტერესო და გაბედულ ნაბიჯად ჩაითვლებოდა, თუმცა გამიჭირდება იმის თქმა, ამ საკითხის არწამოწევა შეიძლება თუ არა მის მარცხად მივიჩნიოთ, რადგან როცა ოპოზიციამ ამაზე ააგო თავისი კითხვები, ვფიქრობ, გახარიას მათთვის პასუხის გაცემა არ გასჭირვებია. მან გაიმეორა ათასგზის ნათქვამი, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას იზიარებს, მაგრამ ამავდროულად მიიჩნევს, რომ მოახერხა და ხელი შეუშალა პარლამენტის შტურმით აღებას. თემა წამოიჭრა, მაგრამ ამ საკითხზე ერთი და იგივე კითხვებიც და პასუხებიც უკვე იმდენჯერ გვაქვს მოსმენილი, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის საინტერესო აღარც არის.

- გახარიას განცხადებით, ოპოზიციისგან საგნობრივი კითხვები ვერ მოისმინა... საინტერესოა, თქვენ რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ საპარლამენტო ოპოზიციამ... - ვფიქრობ, ოპოზიციას შეეძლო, 20 ივნისთან ერთად სხვა საკითხებზეც უფრო მომზადებული დახვედროდა პრემიერის ანგარიშს, რომლის წინასწარ გაცნობის საშუალება მათ ჰქონდათ და იმ საკითხებზე ესაუბრათ, რომლებსაც პრემიერი ეხებოდა, მაგალითად, სოციალურ და ეკონომიკურ თემატიკაზე, რაც ჩვენს საზოგადოებას დღეს ყველაზე მეტად აწუხებს. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დარბაზში ბევრს არ ჰქონდა ეს ანგარიში წაკითხული. ისევ მოვისმინეთ ურთიერთბრალდებები და ხელისუფლების მტკიცება, რომ ოპოზიცია არაკონსტრუქციული და აგრესიულია...

- "კურდღლები ხართ", "წადით, რამე წაიკითხეთ", "კინაღამ შარვლიდან ამოხტით" - ასე მიმართა პრემიერმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს. კორექტულობით არც ოპოზიცია გამოირჩეოდა, მაგრამ პრემიერის ასეთი აგდებული დამოკიდებულება ხომ არ იყო მწვავე კითხვებზე პასუხისთვის თავის არიდების სურვილით გამოწვეული? - არასასურველი კითხვებისთვის თავის არიდების უამრავი ხერხი არსებობს, რომელთაც ხშირად იყენებენ პოლიტიკოსები, ასე რომ, ამგვარი სტრატეგია რომც ჰქონოდა, გასაკვირი არ არის...

- აშკარაა, რომ "ქართული ოცნება" ძალაუფლების ხელში უკვე მესამედ აღებისთვის ემზადება. აქვს მას ამის რესურსი?

- ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად...

- რატომ, პანდემიასთან წარმატებით გამკლავების გამო?

- რამდენიმე ფაქტორის გამო და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ პანდემიასთან წარმატებული ბრძოლაა, რომელმაც მოსახლეობას დაანახა, რომ ხელისუფლება ეფექტიანია, რაც მთავარია, ის ზრუნავს მოსახლეობაზე. ამ ბრძოლის ცენტრალურ ფიგურად გიორგი გახარია იქცა. ის იყო მთავარი ძალა პანდემიასთან გამკლავებისას და ამ გუნდის პოლიტიკურ ბრძოლაშიც მთავარ მებრძოლად რჩება...

გახარია უნიკალური მოვლენაა "ქართული ოცნებისთვის". ადრე ასეთი ფიგურა იყო ივანიშვილი. ახლა ვხედავთ, რომ ივანიშვილი საერთოდ განზე დგას, პროცესებში არ ერევა და ცდილობს, გუნდი არჩევნებამდე მისი დახმარების გარეშე მივიდეს. აქამდე საარჩევნოდ ივანიშვილის სახელი ყოველთვის მაშველი რგოლი იყო, დღეს კი მთავარი ფიგურა არის გახარია. დამეთანხმებით, "ქართული ოცნებისთვის" არატიპური ვითარებაა შექმნილი...

ამასთანავე, ივანიშვილი რეალურად არსად წასულა. ის რჩება "ქართული ოცნების" დიდ რესურსად და ამას ემატება ადმინისტრაციული რესურსი, რაც სახელისუფლებო პარტიას ყოველთვის აქვს. არჩევნებამდე ჯერ დროა, თუმცა საზოგადოებრივი აზრის დღევანდელი კვლევები "ქართული ოცნების" მაღალ რეიტინგს აჩვენებს და ვფიქრობ, არჩევნებამდე ამ რეიტინგის მნიშვნელოვანი ნაწილით მისვლას მოახერხებენ.

- როგორ ფიქრობთ, რა შემთხვევაში მოუწევს ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართვა? - თუ "ოცნებას" არ გაუჭირდა, ანუ თუ მისმა რეიტინგმა მკვეთრად არ იკლო, ბიძინა ივანიშვილის საჯარო პოლიტიკაში გააქტიურებას არ ველი. ის, რა თქმა უნდა, იქნება კულუარებში, მიიღებს მონაწილეობას სიის დაკომპლექტებასა და მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევაში, თუმცა საჯარო სივრცეში, ალბათ, არ გამოჩნდება...

- გია ხუხაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა: "ბიძინა ივანიშვილს გახარიას მიმართ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება აქვს. ერთი მხრივ, ეჭვიანობს და ხვდება, რომ მის აბსოლუტურ ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის, მეორე მხრივ, იცის, რომ უმისოდ არჩევნებზე ფონს ვერ გავა. ვფიქრობ, მას შეინარჩუნებს არჩევნებამდე, შავ სამუშაოს შეასრულებინებს და მერე გადააგდებს..."

- გია ხუხაშვილი გაცილებით უკეთ იცნობს ბიძინა ივანიშვილს და ამიტომაც, ალბათ, აქვს ამის თქმის საფუძველი, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ დავუკვირდებით, როგორ იცვლებოდნენ აქამდე პრემიერები, შევნიშნავთ, რომ ეს მათი აღზევების პიკში არასდროს მომხდარა. როცა ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი და მით უფრო - ბახტაძე თანამდებობიდან გაუშვეს, მართლაც არ იყვნენ საუკეთესო ფორმაში. ისინი შეცვალეს სწორედ პრობლემების გამო. გაუგებარია, დღეს, როცა გახარია წარმატებულ პრემიერად მიიჩნევა, რატომ უნდა "გადააგდონ"?

ივანიშვილს გახარიას ავტორიტეტი რომ ნერვებს უშლიდეს, ეს უსათუოდ გამოჩნდებოდა კორონავირუსის საფრთხესთან ბრძოლის პროცესში. ბოლოს და ბოლოს, ჩაერეოდა, ოპოზიციასავით არ დაიშურებდა რეკომენდაციებს, საზოგადოების ყურადღებას მიიქცევდა და გახარიას ავტორიტეტს არ გაუყოფდა.

ბრძოლის პროცესში გახარია თავს ასე მყარად ვერ იგრძნობდა. ანუ საკუთარი აქტიურობით ივანიშვილი არ დაუშვებდა, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას ეფიქრა, რომ კოვიდინფექციასთან ბრძოლა გახარიას მოგებულია. ამიტომ ვერსია, რომ ივანიშვილი ებრძვის გახარიას მზარდ ავტორიტეტს, წინა პრემიერების შეცვლის პირობებისა და ახლანდელი პრემიერის საქმიანობაში ჩაურევლობის ფონზე, დამაჯერებლად არ მეჩვენება.

- ხელისუფლებამ ბოლო დღეებში ყურადღება განსაკუთრებულად გაამახვილა ე.წ. ფეიკნიუსებზე. დეზინფორმაციის გავრცელების გამო ერთ-ერთი მედიასაშუალებით სუს-იც კი დაინტერესდა. გარდა ამისა, ვნახეთ თბილისის მერის "ფეისბუკგამოსვლა" კონკრეტული ტელევიზიების წინააღმდეგ. ეს ცოტა მიუღებელია იმ ხელისუფლებისგან, რომელიც დაკავშირებულია ტროლ-ბოტების ე.წ. ქარხანასთან. ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ხელისუფლების ქცევამ სიტყვის თავისუფლებას შეუქმნას საფრთხე? - დავიწყოთ იმით, რომ ფეიკნიუსი, ანუ დეზინფორმაცია იქცა თანამედროვე მსოფლიოს დიდ პრობლემად და გამოწვევად. მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოებიც კი საგონებელში არიან ჩავარდნილი და ჯერ ვერ მოიფიქრეს, როგორ გააკონტროლონ ფეიკინფორმაციის ნაკადები ისე, რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ დაემუქროს. აშშ-ში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენებისას, როცა რასიზმის თემა უმწვავესად დადგა დღის წესრიგში, გავრცელდა არაერთი დეზინფორმაცია. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ ვიდეოკადრები, რომლებშიც თითქოს თეთრკანიანი ამერიკელი სამართალდამცავები იჩოქებდნენ და ბოდიშს იხდიდნენ, არადა, ეს აღმოჩნდა გაცილებით ადრე, სრულიად სხვა ვითარებაში, გარკვეული რელიგიური რიტუალის დროს ჩაწერილი ვიდეოკადრები. ამგვარი და უარესი დეზინფორმაცია მსოფლიოს პრობლემაა და ეს შეეხო საქართველოსაც. ისმის კითხვა: არის თუ არა ფეიკნიუსი სიტყვის თავისუფლება და როგორ უნდა მოუაროს ამ პრობლემას დღევანდელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ძალიან ფაქიზად ეპყრობა?

დავუბრუნდეთ საქართველოს. სამართლიანად აღნიშნეთ, რომ დღეს ფეიკნიუსთან გამოცხადებული ბრძოლა იმ ძალისგან, რომელიც თვითონ არის შემჩნეული ტროლ-ბოტების მომრავლებასა და ოპონენტებთან ფეიკნიუსით ბრძოლაში, ცოტა არასერიოზული ჩანს, თანაც ვფიქრობ, ქვეყნის უსაფრთხოება უფრო დიდი გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ყოველი დეზინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად მაინცდამაინც სუს-ი იზრუნებს. ამასთანავე, ჩვენნაირ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები ჯერ კიდევ არ არის მყარი, ფეიკნიუსთან სამართლიანი ბრძოლისასაც კი შეიძლება ვინმეს ხელი წაუცდეს და ეს განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენოს. ამიტომაც დიდი სიფრთხილე მართებს საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც. მივესალმები იმას, რომ ნებისმიერი მხარის გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოვუცხადოთ ბრძოლა. ეს იქნება მთელი საზოგადოების დაცვა, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე! იმ მეთოდებს, რომელთა საშუალებით შესაძლებელი იქნება დეზინფორმაციის ნაკადის შემცირება, ეძებენ ყველგან, მათ შორის - ჩვენთანაც.

- საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიღწეულ ე.წ. 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრისას გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რურუა შეთანხმებაში არ არის მოხსენიებული და ეს ყველას შეუძლია წაიკითხოსო, რასაც ოპოზიციის მწვავე განცხადებები მოჰყვა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, გერმანიის სამარცხვინო ელჩი საკუთარ ბიზნესზე მუშაობსო და დასძინა: "გერმანიის ელჩს ივანიშვილის რეჟიმი აფინანსებს. მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი", ხოლო გიგა ბოკერიამ ბრძანა: "თანავუგრძნობ მას, არ ვიცი, მერამდენედ უნდა გაეხვიოს ასეთ შარში, თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და შემდეგ ბოდიშის მოხდა უწევს". - პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართველ პოლიტიკოსებს ჩვენი უცხოელი დიპლომატების შეფასებები არ მოსწონთ და ასეთ მწვავე, მეტიც, არაკორექტულ განცხადებებს აკეთებენ. ეტყობა, ჩვენ ძალიან შევეჩვიეთ ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებებს. ეს იგივე შეურაცხყოფაა. უარგუმენტო, ცრუბრალდებისთვის ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში განმცხადებელს სამართლებრივ პასუხს სთხოვენ, ჩვენთან კი არავინ ისჯება. სანამ საქართველოშიც სამართლებრივი მოთხოვნები არ დადგება დღის წესრიგში, ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. ალბათ, გერმანიის ელჩი არ იჩივლებს სასამართლოში, მაგრამ კარგია, რომ მმართველმა პარტიამ მაინც აიღო პასუხისმგებლობა და ბოდიში მოიხადა.

ამას წინათ დაახლოებით ანალოგიურ შემთხვევაში გუბაზ სანიკიძის ბრალდებებს თვითონ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გასცა მკვეთრი პასუხი, შესაბამისად, სანიკიძეს უკან დახევამ მოუწია.

აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ როდესაც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ასეთივე განცხადებები გვესმის მმართველი პარტიის წევრებისგანაც. კიდევ უფრო მძიმეა, როდესაც ხელისუფლებისგან ვისმენთ ბრალდებებს, რომ ზოგიერთი ამერიკელი კონგრესმენი თუ ევროპარლამენტარი "ნაციონალურ მოძრაობაზე" მუშაობს და შესაძლოა გახვეული არიან კორუფციაში. ხელისუფლებას უფრო მეტად მოეთხოვება წარმოადგინოს ამგვარი შეფასების დამაჯერებელი არგუმენტები ან უარი თქვას ამგვარ ბრალდებებზე.