"დღევანდელი გადაწყვეტილება არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი" - კვირის პალიტრა

"დღევანდელი გადაწყვეტილება არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი"

დღევანდელი კენჭისყრა იყო წყალაგამყოფი ხაზი, რომლის ერთ მხარეს დარჩა "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა", მეორე მხარეს - პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო ძალა და ახალი ოპოზიცია, რომელმაც შეასრულა თავისი პირობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ ორმა პარტიამ თავისი არჩევანი გააკეთა და საზოგადოების არჩევანს "ოქტომბერში დავინახავთ".

"ნამდვილად შემაშფოთებელი იყო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" უკვე ორი კვირის განმავლობაში აკეთებდნენ განცხადებებს, რომ მათ სურთ, ეს ცვლილებები ჩავარდეს. ეს პრინციულად ეწინააღმდეგებოდა მათ მიერ ხმამაღლა გაკეთებულ საჯარო განცხადებებს დემოკრატიაზე და ასევე ეწინააღმდეგებოდა იმ შეთანხმებას, რომელიც ამ ორმა პოლიტიკურმა პარტიამ დადო საზოგადოების და ჩვენი პარტნიორების წინაშე. მე ვფიქრობ, დღევანდელი კენჭისყრა ეს უკვე იყო წყალაგამყოფი ხაზი, რომლის ერთ მხარეს დარჩა "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა", გამოჩნდა, რომ ისინი წარსულში ექაჩებიან ქვეყანას, მეორე მხარეს დარჩა პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო ძალა, "ქართული ოცნება" და დარჩა ახალი ოპოზიცია, რომელმაც შეასრულა თავისი პირობა და მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს. საზოგადოებისთვის ნათელია, თუ ვინ არის პოლიტიკური პარტია, რომელსაც შეუძლია მომავალზე პასუხისმგებლობის აღება, ვინ არიან ოპოზიციური ჯგუფები, ვინც შეთანხმება შეასრულეს და ასევე საზოგადოებამ დაინახა ძველი ოპოზიცია, ორი პოლიტიკური პარტია- "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", რომელმაც სამწუხაროდ, ვერ შეძლო ელემენტარული პირობის შესრულება და ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც ჰქონდა საჯარო დაპირება მიცემული და რაზეც ხელი ჰქონდა მოწერილი შეთანხმების სახით. ეს არის მკაციო სიგნალი, ვის რა ღირებულებები აქვს და რეალურად ვინ უჭერს მხარს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ეს არის მათი არჩევანი, საზოგადოების არჩევანს ოქტომბერში დავინახავთ", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველომ თავის პარნტიორებს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ მზად არის გააძლიეროს თავისი დემოკრატია.

"პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც საარჩევნო ცვლილებასთან არის დაკავშირებული და არსებითად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. საზოგადოებას მოეხსენება, რომ 2018 წელს ჩვენ გავატარეთ საკონსტიტუციო რეფორმა, მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ეროვნული კონსტიტუცია და სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებაც, რომელიც უკვე ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის წევრებმა უმრავლესობით კენჭისყრაზე დაადასტურეს, არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ჩვენს მიერ აღებული დემოკრატიული ვადლებულებების შესრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველომ თავის პარტნიორებს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ მზად არის გააძლიეროს თავისი დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები.

მინდა მადლობა გადავუხადო თანამოქალაქეებს მხარდაჭერისთვის, ფასილიტატორ ელჩებს და ყველა იმ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭრია მნიშვნელოვან ცვლილებებს,"- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა მესამე მოსმენით 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა მხარი.

"ინტერპრესნიუსი"