"ვინც ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა არ მისცა და ამას ამართლებს კრიმინალური "ქეისებით", ეს თავის გამართლება არ იმუშავებს" - კვირის პალიტრა

"ვინც ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა არ მისცა და ამას ამართლებს კრიმინალური "ქეისებით", ეს თავის გამართლება არ იმუშავებს"

ვინც გარკვეული, ვიწროპოლიტიკური, ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა არ მისცა და ამას ამართლებს რაღაც გაურკვეველი, კრიმინალური "ქეისებით", ეს თავის გამართლება უბრალოდ არ იმუშავებს თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ განაცხადა.

მან თითოეულ პარლამენტარსა და მოქალაქეს ცვლილებების მიღება მიულოცა.

"მინდა თითოეულ პარლამენტარს მივულოცო ეს შედეგი, ყველას, ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა. ვინც შეძლო ქვეყნის ინტერესები მის პირად, ეგოისტურ ინტერესებზე უფრო მაღლა დაეყენებინა. ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ჩვენ გვაახლოებს უფრო პროპორციულ და საბოლოო ჯამში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან, ჩემთვის პირადად ნიშნავს რამდენიმე სეიროზულ მიღწევას. ეს არის შეუბრუნებელი პროცესი, რომელზეც ქართული დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა 90 -იანი წლებიდან ოცნებობდა. ვერავინ ეს ვერ გააკეთა და ეს შეძლო "ქართულმა ოცნებამ", რაც არ უნდა რთული ყოფილიყო, სახელისუფლებო გუნდმა მოახდინა სრული მობილიზება და გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების და რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების შეუქცევადობის გამო...

დღეს, ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა, რომ არჩევნები საქართველოში იყოს დემოკრატიული, სრულად გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს არჩევნების დასავლურ უმაღლეს სტანდარტებს, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, ეს არის პრიორიტეტი ნომერი ერთი. ამის შემდგომ უკვე ვის მისცემს ხმას ამომრჩეველი, როდესაც საარჩევნო ურნასთან აღმოჩნდება, ეს მისი გადასაწყვეტია. ერთადერთი, ჩვენ რაც გვამოძრავებს, მე რაც მამოძრავებს პირადად, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ," - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, დღეს საქართველომ ხმა მისცა ევროატლანტიკურ ინტერგრაციას და დემოკრატიზაციას.

"მნიშვნელოვანია, დღეს ჩვენ ყველამ ერთად დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაცია და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი და ამას მივეცით ხმა. ვინც გარკვეული, ვიწროპოლიტიკური, ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა არ მისცა და ამას ამართლებს რაღაც აბსოლუტურად გაურკვეველი, კრიმინალური ქეისებით, ეს თავის გამართლება უბრალოდ არ იმუშავებს თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე. ვინც ამ საკონსტიტუცუციო ცვლილებებს ხმა მისცა მინდა მივულოცო და მადლობა გადავუხადო,"- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა მესამე მოსმენით 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა მხარი.

"ინტერპრესნიუსი"