აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "აშშ მიესალმება საქართველოს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ დამტკიცებას" - კვირის პალიტრა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "აშშ მიესალმება საქართველოს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ დამტკიცებას"

შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ დამტკიცებას, რომელიც უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას ქმნის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის, მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ დამტკიცებას, რომელიც უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას ქმნის. პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგად დადგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობენ უფრო მეტი სტაბილურობისა და საპარლამენტო პლურალიზმის განვითარებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში,"- აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქართველოს დემოკრატიული ევოლუციის მთავარი ტესტი იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ჩატარება.

"მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მიიღოს კანონი საარჩევნო რეფორმის შესახებ, რომელიც მთლიანად მოიცავს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს, საქართველოს ხელისუფლებას კი - ასეთი კანონმდებლობის ეფექტური განხორციელებისკენ. საქართველოს დემოკრატიული ევოლუციის მთავარი ტესტი იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ჩატარება, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის არჩევანს. წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდგომი პერიოდების სამართლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია, რამდენადაც არჩევნების ჩატარება,"- აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ, აშშ საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.

"შეერთებულმა შტატები განაგრძობს მხარი დაუჭიროს საქართველოს მცდელობებს, გააძლიეროს საკუთარი დემოკრატია, საარჩევნო პრაქტიკები და კანონის უზენაესობა, ისევე როგორც ფართო ევროატლანტიკური მისწრაფებები, რომლებიც ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვაა რუსული აგრესიის წინააღმდეგ,"- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა.

"ინტერპრესნიუსი"