"გიორგი ვაშაძეს ერთ პროცენტზე მეტი არაფერში აუღია და ისანში რატომ ასახელებენ? ან რატომ თვლიან ოპოზიციონერად ჩხარტიშვილის სიძეს, ვერ მივხვდი" - კვირის პალიტრა

"გიორგი ვაშაძეს ერთ პროცენტზე მეტი არაფერში აუღია და ისანში რატომ ასახელებენ? ან რატომ თვლიან ოპოზიციონერად ჩხარტიშვილის სიძეს, ვერ მივხვდი"

გიორგი ვაშაძე, რაც თავი მახსოვს, ყველა არჩევნებში მონაწილეობს. ერთ პროცენტზე მეტი კაცს არასდროს არაფერში არ აუღია და ისანში მაჟორიტარად რატომ ასახელებენ? - ამის შესახებ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვაშაძე ვანო ჩხარტიშვილის სიძეა და რატომ თვლიან ოპოზიციონერად ვანო ჩხარტიშვილის სიძეს მისთვის გაუგებარია.

"გიორგი ვაშაძე, რაც თავი მახსოვს, ყველა არჩევნებში მონაწილეობს. ამომიღეთ მისი შედეგები ერთ პროცენტზე მეტი თუ აუღია ოდესმე სადმე. ყველაფერში ხომ მონაწილეობს, მერობის არჩევნებში, იმ არჩევნებში, ამ არჩევნებში, ერთ პროცენტზე მეტი კაცს არასდროს არაფერში აუღია და ისანში რატომ ასახელებენ? კიდევ ერთი, რატომ თვლიან ოპოზიციონერად ვანო ჩხარტიშვილის სიძეს ვერაფრით ვერ მივხვდი. ყველამ იცის, რომ მისი სიმამრი ამ ქვეყნის გამაღატაკებელი ვანო ჩხარტიშვილია. თან ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელია და ყველა ჭუჭყიანი ბიზნესის დამლაგებელია მითიურ უჩა მამაცაშვლთან ერთად. ეს კაცი კიდევ, ჯერ ოპოზიციონერად წარმოაჩინეს და მერე ისანში მაჟორიტარად დააყენეს. ვინმემ მითხრას რა მათემატიკით, რა კვლევით, რა შედეგებით დააყენეს? გამაგებინოს ვინმემ ამ ოპოზიციაში თავს იტყუებენ, თვალები ამოლესილი აქვთ, ამოგლესილი აქვთ თუ როგორ არის ეგ ამბავი? მაშინ ვთქვათ, რომ სოსო გოგაშვილიც ოპოზიციონერია და ისიც არანაკლებ ფულს დახარჯავს",-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"