"ბოკერიას ადგილზე ალბათ უკვე სამჯერ მოვიკლავდი თავს... დიდცხვირას და პოპულისტის გარდა რომ ვერაფერს მეძახიან, მიხარია კიდეც"
01-07-2020
"ბოკერიას ადგილზე ალბათ უკვე სამჯერ მოვიკლავდი თავს... დიდცხვირას და პოპულისტის გარდა რომ ვერაფერს მეძახიან, მიხარია კიდეც"
საარჩევნო მარათონი გახსნილია. თბილისის 8-დან 6 ოლქში გაერთიანებულ ოპოზიციას კანდიდატები უკვე შერჩეული ჰყავს. მათგან ალეკო ელისაშვილის პროტესტი ერთმა კანდიდატმა - შალვა შავგულიძემ გამოიწვია მთაწმინდა-კრწანისის ოლქში. "ოცნების დამარცხება თუ გვინდა, ხალხს ვკითხოთ, რომელ ოლქში ვინ უნდა და არა პოლიტიკის შქრო კალაშოვმა ბოკერიამ დაალაგოს სქემები", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერებთან პრივატული შეხვედრის შემდეგ ელისაშვილმა, რომელიც თვლის, რომ ოპონენტების გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ მისი ახალი გუნდის სახით ალტერნატიული ძალა დაინახეს. საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების
მიზნით პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე მიიღო. ელისაშვილის მიიჩნევს, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ცვლილებებია და ასევე შეცდომად თვლის, რომ ამ პროცესს საპარლამენტო ოპოზიცია გამოეთიშა და კენჭისყრებში მმონაწილეობა არ მიიღო.

- ალეკო, როდის აფუძნებთ პარტია "მოქალაქეებს" და რა იქნება თქვენი ყველაზე დიდი ამბიცია, გზავნილი და მათ შორის - სლოგანი?
- მიმდინარეობს პარტიის რეგისტრაციის პროცესი, რომელიც, იმედია, ამ კვირაში დასრულდება. სლოგანი პარტიის პრეზენტაციაზე გაცხადდება. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, ყველას დავუმტკიცოთ, რომ შეიძლება იყო პოლიტიკაში და წესიერად იცხოვრო, არ აკეთო ფული და მთელი გულით ემსახურო ქვეყანას. ამის რწმენა აღარავის აქვს და მინდა, ეს რწმენა დაბრუნდეს და შევცვალოთ ის დამოკიდებულება, რომ პოლიტიკა არის ბინძური.

- "ევროპული საქართველოს" ლიდერებს მარტო თქვენთან ჰქონდათ პრივატული შეხვედრა, თუ სხვებთანაც მიდის მოლაპარაკებები და თუ იცით, რაზე შეიძლება ისინი შეთანხმდნენ?
- მიდის სქემების დალაგება და ამას ხელმძღვანელობს ბოკერია, რომელსაც უნდა, ყველამ მის დაკრულზე იცეკვოს. სიმართლე გითხრათ, ვერ ვიტან კონფიდენციალურ შეხვედრებს, უბრალოდ, ერთი კვირა მთხოვდა დავით ბაქრაძე, - შეგვხვდიო, ავდექი და შევხვდი, რომ არ ჩაეთვალათ, ვიღაცას ვემალები. როცა ადამიანს სთხოვ, შემხვდიო, მერე გამოდიხარ და ჯერ დეტალებზე ჭორაობ, თან ისე, როგორც შენ გაწყობს, ძალიან გულისამრევია, რა ადამიანობა და რა პოლიტიკოსობაა ეს? იცით, რა არ მომწონს და რა მინდა ამოტრიალდეს პოლიტიკაში? ის, რომ პოლიტიკოსები საკუთარ თავს კი არ მიიჩნევენ ხალხის მსახურად, ხალხს განიხილავენ, როგორც ინსტრუმენტს საკუთარი ამბიციების, ან ფულის შოვნის საქმეში. ნებისმიერ პოლიტიკოსს რომ ჰკითხო, იტყვის, ხალხის სამსახურში ვარო, მაგრამ ამ დეკლარირებას ქმედება ხომ უნდა ადასტურებდეს? ჩვენი გუნდი ვამბობთ, რომ თბილისში თუ გვინდა შევარჩიოთ მებრძოლი მაჟორიტარები, ვინც "ოცნებას" მოუგებს, მოდით, ხალხს ვკითხოთ და ხალხმა გვიკარნახოს, ვინ არის ის 8 მაგარი კანდიდატი. ხომ მარტივი პრინციპია? დღემდე ამას ყველა ისხლიტავს, ბოკერია საერთოდ გამოვიდა და თქვა, რატომ უნდა ვკითხოთ ხალხს, შარშანდელი არჩევნების შედეგები ამოვიღოთო. ისინი დეკლარირებულად ვითომ ხალხის სამსახურში გრძნობენ თავს, რეალურად კი არ უნდათ ამის დამტკიცება.

- თქვენს შორის დაპირისპირება მთაწმინდაზე ოპოზიციის საერთო კანდიდატის - შალვა შავგულიძის დასახელებას მოჰყვა. "ევროპულმა საქართველომ" ლევან იოსელიანს, შავგულიძესთან შედარებით, რეიტინგი დაუწუნა. ფიქრობთ, რომ იოსელიანს შავგულიძეზე მაღალი შანსები აქვს? საბოლოოდ, ანა დოლიძე დარეგისტრირდება მთაწმინდაზე, თუ - იოსელიანი?
- ამიტომ ვამბობ მარტივ რაღაცას - მოდი, ხალხმა გადაწყვიტოს. იოსელიანი იქნება უფრო მაგარი, შავგულიძე, ანა დოლიძე, თუ ნებისმიერი სხვა, ჩავატაროთ პატიოსანი კვლევა და ხალხმა გვითხრას, რომელ უბანში ვინ არის მაგარი კანდიდატი.

- თქვენი აზრით, რატომ არ აწყობთ ეს გამოკითხვა ოპოზიციაში და რატომ "ისხლიტავენ" ამ იდეას?
- რატომ და, თვითონ უნდათ რაღაცა სქემების დალაგება და საერთო ჯამში, შთაბეჭდილება მრჩება, რომ თუ ვინმე ასხამს ივანიშვილის წისქვილზე წყალს და თუ ვინმეა შეკრული ივანიშვილთან, ეს სინამდვილეში არის ბოკერია.

- ჩვენთან ინტერვიუში თაკო ჩარკვიანმაც თქვა, გაერთიანებულ ოპოზიციაში ყველაფერს ბოკერია ხლართავს, ფსევდოოპოზიციაა და ამჯერადაც ისევე უნდა მანდატების მოპარვა, როგორც ეს "ნაციონალებს" გაუკეთაო. რა მიზანი აქვს ბოკერიას და რა თამაშს თამაშობს, თუ იცით?
- ბოკერია ივანიშვილთან რომაა შეკრული, ამას რად უნდა ლაპარაკი? ეს იმაში გამოიხატება, კაცად ვინც აქცია, 2016 წელს იმას გადაუხტა და თან როგორ გადაუხტა - კი არ დაუპირისპირდა სააკაშვილს, ჯერ პარლამენტში შევიდა, მერე აქცია ზურგი და სხვა ნავში გადახტა. არ არის რთული მისახვედრი, ვისი თამაში ითამაშა ბოკერიამ, ვისგან იყო ეს ორკესტრირებული და ვის ინტერესში შედიოდა, რა თქმა უნდა, ივანიშვილის. სულაც არ ვარ "ნაციონალური მოძრაობის" გულშემატკივარი, მაგრამ ფაქტებს შეფასება სჭირდება. ბოკერიას ივანიშვილის კრიტიკაც საზოგადოების თვალის ასახვევად სჭირდება, სინამდვილეში, უნდა აურ-დაურიოს ყველაფერი ოპოზიციაში, აჩვენოს, თითქოს თვითონ არის ყველაზე მაგარი და მერე "ქართულ ოცნებას" აჩუქოს მანდატები, თორემ, თუ მიზანი არის ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარულ ოლქებში რაც შეიძლება ბევრგან წააგოს და პირველ რიგში, თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში, ამის მისაღწევად ხომ ყველაზე ეფექტური გზაა, რომ რვავე ოლქში ძლიერი მაჟორიტარები იდგნენ? კანდიდატის სიმაგრეს განსაზღვრავს მისი რეიტინგი და ხალხის მხარდაჭერა, ხალხის მხარდაჭერის გარკვევის ერთადერთი გზა კი გამოკითხვის ჩატარებაა. ამაზე ამბობს ბოკერია, არა, ასე არ გვინდა, მე როგორც ვამბობ, ისე უნდა იყოსო. და აბა ახლა დაასკვენით, ვის თამაშს თამაშობს ეს კაცი.

იმ 8 კაცში თუ არ ვიქნებით მე, ანა, ან იოსელიანი, ჩვენთვის ეს არანაირი პრობლემა არ არის იმიტომ, რომ პოლიტიკის თავი და ბოლო არის ხალხის მხარდაჭერა. პოლიტიკოსი მაშინ ხარ, ხალხი თუ გიჭერს მხარს. თუ არ დაგიჭერს, წადი და სხვა რაღაც აკეთე. არ მაქვს ამისი პრობლემა, თავის დროზე ყანაც მითოხნია და ახლაც ვთოხნი.

- არ გიფიქრიათ, რომ ოპოზიციისთვის წამგებიანი სვლა იყო თქვენსა და ბოკერიას შორის დაპირისპირება? ბოკერიამ პირიქით, ელისაშვილი კოორდინირების იდეის წინააღმდეგ მიდისო და თქვენ დაგადანაშაულათ ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმაში, უსინდისო მატყუარა გიწოდათ...
- კი ბატონო, დაპირისპირება მომგებიანია უმრავლესობისთვის, მაგრამ სხვის დაკრულზე არასოდეს ვიცეკვებ, მით უმეტეს, ბოკერიასნაირი კაცის დაკრულზე. მე ჩემს პირად პრეტენზიებს კი არ ვაყენებ, ვამბობ იმას, რომ ვისაც ხალხი უჭერს მხარს, ის იყოს კანდიდატი, იმ 8 კაცში მე თუ არ მოვხვდები, სიტყვას გაძლევთ, გამოვალ და იმ 8-ს დავუჭერ მხარს, ბოკერიაც რომ იყოს და მისი მექრთამე ძმაკაცები, იმათაც. მეტი რა ვთქვა? პატიოსნად გავაკეთოთ და ხალხის აზრის გათვალისწინებით იყოს ყველაფერი დალაგებული, ვიღაცის სქემებით კი არა. ბოკერიამ თავის ბიოგრაფიას გადახედოს და ნახავს, რა არის უსინდისობა. მე კი ჩემსას გადავხედავ, არ მრცხვენია არც ჩემი წარსულის და არც აწმყოსი. ბოკერიას ადგილზე რომ ვიყო, ალბათ უკვე სამჯერ მოვიკლავდი თავს. დიდცხვირას და პოპულისტის გარდა რომ ვერაფერს მეძახიან, მიხარია კიდეც.

- გადაწყვიტეთ უკვე, რომ საბურთალოზე იყრით კენჭს? თაკო ჩარკვიანის გარდა, ვინ გაგიწევთ კონკურენციას ოლქში?
- ჯერ გადაწყვეტილი მეც არ მაქვს, ახლა პრიორიტეტულია ჩვენი პარტიის შექმნის პროცესი და დანარჩენი ვნახოთ. ისე, თუ სადმე ვიყრი კენჭს, ეს საბურთალო იქნება.

- პარლამენტში კოალიციას თუ შეუქმნით ვინმეს?
- ვნახოთ, ოქტომბრამდე დიდი დროა. ივანიშვილს და "ოცნებას" რომ არ შევეკვრები, ეს ვიცი. ბოკერია რომ შეკრავს მასთან კოალიციას, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგათ აქვთ ამის გამოცდილება, რა, ერთხელ შეუკრავთ, თუ ორჯერ? მე ამაში, არავის შევუმჩნევივარ და ღმერთმა დამიფაროს, შემამჩნიონ. გადამგდები ბოკერია შეუქმნის ივანიშვილს კოალიციას, თუ შეუქმნის, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა.

- ნიკა მელიას შესაძლებლობებში თუ ხართ დარწმუნებული და ღიად დაუჭირეთ მხარი, გიორგი ვაშაძეს რას ერჩით, როცა თქვით, მიუღებელია ისანში მისი კანდიდატურის დაყენება, წაგებისთვისაა განწირულიო?
- ვაშაძე რამდენ არჩევნებშიც მონაწილეობდა, 1%-ზე მეტი არსად აუღია და ახლა რატომ გახდება ვითომ, მომგებიანი კანდიდატი? ერთი ყალბი კაცია ვაშაძე, რომელიც ხან პრემიერ-მინისტრობაზე ოცნებობს, ხან რაზე. სწორედ ის მიკვირს, ასეთ კანდიდატებს რატომ აკვეხებენ, ხომ შეიძლება ჩავატაროთ ეს ოხერი კვლევა და ვნახოთ, ვინ უნდა ხალხს. ნიკა მელიას რაც ეხება, ის გულწრფელი და მებრძოლი კაცია და ეს მომწონს, თორემ მისი პარტია სულაც არ მეხატება გულზე.

- კველევა ჩავატაროთო, ამბობთ და მახსენდება IRI-ს კვლევები, რომლის თანახმადაც, ყველა გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს ნომერ პირველ პოლიტიკოსად ბაქრაძე სახელდებოდა...
- ამაზე მეტი ვერ მოვიფიქრე და ყველაზე პატიოსნად ეს წესი მეჩვენება, ვინმე თუ უფრო გამჭვირვალე ფორმულას მოიგონებს, თუ როგორ შეიძლება შევარჩიოთ კანდიდატები, კი ბატონო, ყაბულს ვიქნები. ამერიკაში ასეთი წესი პრაიმერია, მაგრამ ეს წესი ჩვენთან ვერ იმუშავებს, რადგან ჩვენთან სუსი ჩაერევა და ის გაიყვანს ოპოზიციის კანდიდატებად თავის ხალხს - ფარცხალაძეს და მისნაირებს.

- საბოლოოდ ჩატეხეთ ხიდი გაერთიანებულ ოპოზიციასთან, თუ...
- ერთადერთი საკითხი, რაზედაც იქ ვიდექი, იყო პროპორციული არჩევნების წესი. დანარჩენი, იქ შეკრებილ ხალხთან არაფერი მაკავშირებს. ის ხიდი არც ყოფილა, უბრალოდ, პროპორციული საკითხი იმდენად სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი იყო, მივედი. მე და ჩვენს გუნდს ჩვენი გზა და არჩევანი გვაქვს. თუ დააკვირდებით, ეს ადამიანები შემთხვევით არ დამესივნენ. მე, დოლიძე, იოსელიანი და ლევან კობერიძე ერთად დავდექით თუ არა, მას მერე ჩვენი გვარების ხსენება არ შეწყვეტილა.

- ამას რას უკავშირებთ, ძლიერი კონკურენტი დაინახეს თქვენში?
- ჩვენი სახით ალტერნატივა დაინახეს, ვინ საიდან დაგვეძგერა, ვერ გავიგეთ. თვითონ ლანძღვა დაგვიწყეს, ვაჭრობაში დამდეს ბრალი და ისევ იქეთ ჩვენ გვადანაშაულებენ. ეს ძველი, საბჭოთა კგბ-შნიკური ხერხია. მათ ჩვენი სახით ძალა დაინახეს, ალტერნატივა და ამიტომ მაკრიტიკებენ ასე გამალებულები. სიმართლე გითხრათ, ამისთვის მზად ვიყავი და მიხარია. ბოკერიასნაირი და ვაშაძისნაირი ხალხი თუ გამაკრიტიკებს, ესე იგი, სწორ გზას ვადგავარ და პირნათელი ვარ ჩემს ამომრჩეველთან.

- მესამე ძალის პრეტენზია აქვს "ლელოსაც", მის შანსებს როგორ შეაფასებთ?
- არ ვიცი, სხვების შანსებზე ნაკლებად ვფიქრობ. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, უნდა დაინგრეს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის, რომელიც 30 წელია არის. ჩვენ გვინდა, ეს რაღაცა გავანგრიოთ და ხალხს გავუჩინოთ იმედი, რომ ცუდსა და უარესს შორის არის სხვა, ჯანსაღი არჩევანი და ჩვენი ჯანსაღი გუნდით ეს უნდა მოვახერხიოთ.

ილო
02 ივლისი 2020 16:17
ალალი პოლიტიკოსის იმიჯი აქვს მორგებული.სინამდვილეში ბრიყვია პოლიტიკურად
გამოაქვეყნეთ!!!
02 ივლისი 2020 13:08
რა გაერთიანებული ოპოზიცია. ეს ძველი მედროვეები როდემდე უნდა ისხდნენ ქვეყნის ბიუჯეტზე წურბელებივით. სასაცილოა ამ ქვეყნის მოღალატეების რომ გჯერათ კიდე. სისხლიანი ნაცბანდა და მათი დანაყოფები. პუტინისტი ნინო. გიჟი ნათელაშვილი. დავითაია. ქარდავა. ბერძენიშვილები და მსგავსი ბალასტი უნდა გაუქმდეს და აეკრძალოს პოლიტიკური მოღვაწეობა. საჭიროა ახალი ძალა და ახალი სისხლი თუ გინდათ რომ ოცნებას რეალური კონკურენტი ყავდეს და დემოკრატიულად განვითარდეთ. ლელო კარგი მაგალითია მაგრამ მაგათი მაქსიმუმი მე3 ჰა ჰა სასწაულის შემთხვევაში მეორეობაა. ეს ძველი და პოლიტიკურად გარდაცვლილი სახეები სანამ არიან ქვეყანაში იქამდე ასეთი განუკითხაობა იქნება ყოველთვის
ტოტო
02 ივლისი 2020 12:22
ამათი სალაპარაკო,რომ გახდება რამე,სირცხვილი არ არის.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები