სუფთა მიშა... - კვირის პალიტრა

სუფთა მიშა...

ჩემთვის მივსეირნობ აბანოთუბანში. ჭრელ აბანოსთან "გრაჟდანსკებში" ჩაცმული ტიპი მიახლოვდება და მეუბნება: "აქეთ არ გაიარო, იქით წადიო". ვეკითხები, "ვინ ხართ-მეთქი?" ტიპი იბნევა, "მაგას რა მნიშვნელობა აქვსო, მპასუხობს. "როგორც კერძო პირი, მომიწოდებთ, იქით გავიარო თუ ძალოვანი ხართ-მეთქი".

"კერძო პირი ვარო". "ჰოდა, ნება მიბოძეთ, კერძო პირის მოთხოვნას არ დავემორჩილო-მეთქი," ვუპასუხე და იმ შეგნებით, რომ "დიქტატორულ რეჟიმზე" პატარა გამარჯვება მოვიპოვე, გამოვიარე აბანოსთან. ვხედავ, პრეზიდენტის ესკორტის მანქანებია მიჩერებულ-მოჩერებული. კლიენტის მომლოდინე ტაქსები დაუფრენიათ (ისევე როგორც, ალბათ, კლიენტები) და დგანან ჩაფრები - პერიმეტრს აკონტროლებენ. მოკლედ,  მიშა იყო აბანოში მოსული. მეორე დღეს პარლამენტში გამოსვლის დღე ჰქონდა და, ალბათ, სიტყვა უნდა დაეწერა. ტაქსი ოდნავ მოშორებით გავაჩერე და გზად მძღოლთან ბევრი ვისაუბრე ინფლაციაზე, ბენზინის ფასებზე და მისთანებზე. ოღონდ ამ ყოველივეს მძღოლის არასაპარლამენტო გამონათქვამები ახლდა თან.

მეორე დღეს დაბანილი მიშა პარლამენტს ეწვია. მისი გამოსვლა უჩვეულოდ დაიწყო: ჯერ უცხოელი დიპლომატები გააფრთხილა, არ წახვიდეთ, ბოლომდე უყურეთ, მაგარი იქნებაო. ეტყობა, სიტყვამ გაასწრო. კარგად იცოდა, რომ დარბაზში მყოფი "ოპო" რაღასაც იხლაფორთებდა: თარგამაძე მკაცრი სახით წაუკითხავდა ნოტაციებს, ჩახვაძე გაუბედავად იჩურჩულებდა პრობლემებზე, თორთლაძის მლიქვნელობა ასტრონომიულ მასშტაბებს გასცდებოდა და სურდა ამ შოუს დაანონსება. ალბათ, არ ღირს მიშას გამოსვლის დეტალური განხილვა. მხოლოდ ერთს გავიხსენებ:

ადრე, როდესაც ერთად ვიბრძოდით ნათელი მომავლისთვის, მიშა ყოველთვის თან დაატარებდა მსოფლიო პოლიტიკოსთა მიერ წარმოთქმულ საუკეთესო სიტყვათა კრებულს. ხშირად ფურცლავდა და "კოლეგების" გამოცდილებას ეზიარებოდა. მისი ეს გამოსვლაც პოპულისტური ტრადიციების დაცვით მომზადდა: მიშამ ახსენა უმუშევრის ოჯახი, კაპიკის კაპიკზე დამწებებელი დიასახლისი, ათასი გაჭირვებული; მიშამ მისცა მათ იმედი, რომ ახლა თუ არა, 2015 წელს ყველაფერი კარგად იქნება; მიშა დაჰპირდა ყველას, რომ კომპიუტერების ქარხნის შენებას დაიწყებს, რომ წელიწადში 5 მილიონ ტურისტს ჩამოიყვანს, მონოპოლიებს გააქრობს. მოკლედ, ხალხს ოქროს ფარდულებს აუშენებს საკუთარის დამთავრებამდეც კი.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მიშა იყო თოჯინების თეატრის დირექტორის როლში. სპექტაკლს ერქვა "დემოკრატია საქართველოში", მაყურებლები კი სწორედ ის უცხოელი დიპლომატები გახლდნენ, რომლებსაც სთხოვა ჩვენმა პრეზიდენტმა, ბოლომდე უყურეთ, მაგარი იქნებაო.

რეჟისურა არ იყო ცუდი. ქრისტიან-დემოკრატები რეჟიმის მამხილებლის როლში ძალიან კარგად გამოჩნდნენ. მაგრამ ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ ასეთი ძლიერები არიან, სტრუქტურებიც ჩამოყალიბებული აქვთ და პოპულარობითაც სარგებლობენ, პრეზიდენტსაც გაბედულად უტევენ პირისპირ, რატომ არ აწყობენ საპროტესტო აქციებს თუნდაც მონოპოლიების მოსპობის მოთხოვნით, მაღალი ტარიფების გასაუქმებლად.

განა ცხადი არაა, რომ ახლა ასეთ აქციებს ხალხი გამოეხმაურება? ნუთუ არ არის ნათელი, რომ ორგანიზებული სახალხო პროტესტი თუ დაახევინებს მიშას უკან? თუმცა საპარლამენტო "ოპოს" ბობოქარი პროტესტი სხდომათა დარბაზის ზღურბლთან თავდება, თითქოს იმის იქით საშვს არ აძლევენ. იმ დროს, როცა მიშა პარლამენტში მისთვის ძალზე კომფორტულ გარემოში სიტყვაუხვობდა, ეგვიპტეში ხალხი მუბარაქის გაგდებას ზეიმობდა.

შალვა რამიშვილი