"დრაკონულიდან ცივილიზებულ მიდგომაზე გადავდივართ" - კვირის პალიტრა

"დრაკონულიდან ცივილიზებულ მიდგომაზე გადავდივართ"

"კარგ და ურჩ გადამხდელთა ნაგავს ხომ არ გამოვაცალკევებთ?"

"მომხრე ვარ, რომ სახელმწიფო მომთხოვნი და დამსჯელი კი არა, ბიზნესმენის პარტნიორი იყოს"

"მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი კატასტროფული არ არის", - განუცხადა პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც მხოლოდ შაქარზე კი არა, უკვე პურზე უწევს გაზრდილი ფასის გადახდა. მოლოდინი, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლაში მთავარი ადგილი სოციალურ პრობლემებს დაეთმობოდა, გამართლდა, მაგრამ საქმე ის არის, რომ საზოგადოებამ დიდად სანუგეშო ვერაფერი მოისმინა. პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანს პრეზიდენტის გამოსვლის მთავარ აქცენტებზე ვესაუბრეთ:

- პრეზიდენტმა ისაუბრა ყველა იმ თემაზე, რაც ჩვენს საზოგადოებას აღელვებს და ილაპარაკა ინფლაციაზეც, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ყველაზე მძიმე თემაა. პარლამენტის წევრებიც და მთავრობაც ვაცნობიერებთ, რომ ადამიანისთვის, რომელიც ხელფასით ცხოვრობს და ყველა თეთრი  დათვლილი აქვს, მნიშვნელოვანია, რა ღირს პური და შაქარი, რომ პროდუქტის კალათაში, რომელშიც, პირობითად, 100 ლარს იხდიდა, 150-ის გადახდა არ დასჭირდეს და ფასები სტაბილური იყოს.

მთავრობას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე აქცენტი სოფლის მეურნეობაზე უნდა გაკეთდეს. სოფელს სასუქი და საწვავი კი არ უნდა მივცეთ, არამედ ახალი ტექნოლოგიები დავნერგოთ. გლეხური მეურნეობების მქონე ქვეყნის ნაცვლად საქართველო უნდა გახდეს ცივილიზებული აგრარული მეურნეობების სახელმწიფო.

- გლეხი მოსავალს შემოდგომაზე მოიწევს, დღეს კი მას გაძვირებული შაქრისა და პურის ყიდვა უწევს.

- პური და შაქარი მარტო საქართველოში არ გაძვირებულა. პურს ჩვენ ვერ გავაიაფებთ მაშინ, როდესაც ხორბალი უკრაინაში, კანადასა და რუსეთშიც გაძვირდა. ასევე ვერ გავაიაფებთ შაქარს, რადგან მისი ფასი ბრაზილიასა და კუბაშიც გაიზარდა. ამ პრობლემას დასაქმებით უნდა გავუმკლავდეთ. ხალხს უნდა გაუჩნდეს ფული, რომ გაძვირებული პროდუქტები იყიდონ.

- თქვენი ოპონენტები პურისა და ხორბლის გაძვირების მიზეზად ხელისუფლებისგან ხელდასხმულ მონოპოლიებს ასახელებენ.

- ეს ალოგიკური არგუმენტია. გამოდის, ხელისუფლება ხელოვნურად ქმნის პრობლემას? თუ ამას ხელისუფლება შეგნებულად აკეთებს, მაშინ მისი მიზანი ხალხის გამწარება ყოფილა.

- სწორედ ამას გულისხმობს ოპოზიცია, როდესაც მართულ რევოლუციაზე ლაპარაკობს.

- აჯობებდა, ჩვენი ოპონენტები არ შესულიყვნენ ასეთ თეორიულ წიაღსვლებში, თორემ ძალიან დაიბნევიან.  ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ მოსახლეობას სტაბილურობის განცდა ჰქონდეს, მაგრამ  არის ისეთი პროცესები, რასაც ვერ ვაკონტროლებთ.

- მითხარით, ხელისუფლებას ხალხის გამწარება არ უნდაო, მაგრამ გაერთიანებულმა ქვითარმა მართლაც გაამწარა მოსახლეობა.

- როდესაც ერთ სადარბაზოში მცხოვრებთა ნაწილი იხდის ნაგვის გატანის საფასურს და ნაწილი კი არა, რა ვქნათ? კარგ და ურჩ გადამხდელთა ნაგავს ხომ არ გამოვაცალკევებთ? დასუფთავების მანქანას სჭირდება საწვავი, მუშას კი - ხელფასი, საიდან უნდა მოვიტანოთ ფული?

გეთანხმებით, გაერთიანებული კომუნალური ქვითრის შემოღება არ იყო სასიამოვნო რამ, მაგრამ უკეთესი მექანიზმი ვერ მოვიფიქრეთ, რომ ყველამ გადაიხადოს ნაგვის ფული.

- ქვეყნის შეჭირვებულ მდგომარეობაზე ვლაპარაკობთ და ამ დროს 60 მილიონი უნდა დაიხარჯოს ბათუმში მბრუნავი კოშკის მშენებლობაში.

- ტურისტს ხომ უნდა ჰქონდეს მოტივაცია, თურქეთის ან ყირიმის ნაცვლად ბათუმში ჩამოვიდეს?

- ასეთ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში ექსპერტებს გამოსავლად ბიზნესისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნა მიაჩნიათ. სამუშაო ადგილები როგორ  შეიქმნება, თუკი ბიზნესმენი დაშინებული იქნება?

- მომხრე ვარ, რომ სახელმწიფო მომთხოვნი და დამსჯელი კი არა, ბიზნესმენის პარტნიორი იყოს. ახალი საგადასახადო კოდექსი ამისკენ გადადგმული ნაბიჯია. უნდა ვაღიარო, აქამდე სახელმწიფოსა და მეწარმეს შორის ურთიერთობა დამსჯელისა და პოტენციური დამნაშავის ურთიერთობას ჰგავდა. ახალი კოდექსით კი სახელმწიფო ბიზნესმენის პარტნიორი ხდება.

უდანაშაულოდ არც ის ბიზნესმენები დასჯილან, ვინც დაისაჯნენ. სახელმწიფო მეწველი ძროხა არ არის. ბიზნესმენმა გადასახადი უნდა  გადაიხადოს, ინვესტორმა კი ვალდებულებები შეასრულოს. ზოგი ახალ საგადასახადო კოდექსსაც აკრიტიკებს, მაგრამ გარწმუნებთ, სახელმწიფო აქამდე იყო დამსჯელი მექანიზმი და უყურებდა ბიზნესმენს, რა შეცდომას დაუშვებდა ან რა დანაშაულს ჩაიდენდა, ახლა სხვა ეტაპზე გადავედით: სახელმწიფომ გადაწყვიტა, მეწარმეს დაეხმაროს - დრაკონულიდან  ცივილიზებულ მიდგომაზე  გადავდივართ.

- როდესაც მსოფლიოში ასეთი გამოსვლებია სოციალური პრობლემების გამო, ალბათ, საქართველოს ხელისუფლებასაც უნდა ჰქონდეს თუ საფრთხის განცდა არა, შეშფოთების საფუძველი მაინც.

- საგადასახადო კოდექსი იმისათვის შეიცვალა, რომ მეწარმეს მეტი იმპულსი გაუჩნდეს ინვესტიციისთვის. ჩვენ ვეძებთ  მექანიზმებს ამ რთული მდგომარეობიდან გამოსასვლელად და ყველას ვთავაზობთ თანამშრომლობას, რადგან ეს მხოლოდ ხელისუფლების ექსკლუზიური უფლება არ არის.