"ხელისუფლების შიგნით დიდი მარათონი დაიწყება" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლების შიგნით დიდი მარათონი დაიწყება"

"სანაძლეოს დავდებ, ფასები კიდევ უფრო გაიზრდება"

"მართული რევოლუცია ძალიან იოლად შეიძლება გადაიზარდოს უმართავში"

"სააკაშვილმა თავისი უგუნური პოლიტიკით დაასჯევინა საქართველო რუსეთს"

"ოპოზიციონერ კოლეგას თვალში თითი არ უნდა ატაკო"

გასულ კვირას, ზურაბ ვაზაგაშვილის დაბადების დღეს, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების ნაწილი კორტებთან შეიკრიბა. კონსერვატორების ლიდერ ზვიად ძიძიგურს ამ შეკრების შემდეგ შევხვდით:

- სოლიდარობა გამოვუცხადეთ ვაზაგაშვილებს, ყველა შვილმკვდარ და უფლებადარღვეულ ოჯახს. სიცოცხლით სავსე ახალგაზრდის მკვლელები დაუსჯელად დადიან ხელისუფლება კი ცინიკურად ამტკიცებს, #1 რეფორმატორი ქვეყანა გვაქვს, სადაც ადამიანის უფლებები და დემოკრატია უმაღლესი ღირებულებებიაო. ასეთი დანაშაულის ჩამდენი ადამიანები მაღალ თანამდებობებზე არიან და მორალს გვიკითხავენ.

სააკაშვილი ლამაზ ცხოვრებაზე გველაპარაკება და ამ დროს ქვეყანაში საშინელი ინფლაციაა. პური უკვე 10 თეთრით გაძვირდა. სააკაშვილი მრავალმილიონიან პროექტებს ახორციელებს. მაგალითად, ბათუმში 60-მილიონიან მბრუნავ კოშკს აშენებს (ზედა სართულზე რესტორნით), სადაც ის და მისი ამალის წევრები დროის გასატარებლად  ივლიან და ამას ანბანის პატივისცემად ნათლავს. ანბანისა და ქართული ენის პატივისცემა იმით გამოიხატებოდა, რომ ქართულ ენაზე იყოს წარწერები თუნდაც რუსთაველის პროსპექტზე, სადაც 30 ობიექტი ისე ფუნქციონირებს, რომ მის მფლობელებს არც უფიქრიათ, ქართულ ენაზე გაეკეთებინათ წარწერა...

ახლაც ხალხის გატყავების ახალი ტალღა წამოვა, რადგან  სააკაშვილს ყველაფერი 2011 წელშივე აქვს მოსასწრები, მომდევნო წელი საარჩევნო წელია და მაშინ ბევრს ვერაფერს გაბედავს. სანაძლეოს დავდებ თქვენთან, რომ საწვავზე, ენერგომატარებლებზე, მედიკამენტებსა და საკვებ პროდუქტზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.

- მაგრამ თქვენ მიერ დახატულ ხელისუფლების მართვის სტილში არ ჯდება დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას ქმედებები, რომელიც "ნუგეშის" ქსელის მაღაზიებში იაფი პროდუქტების შეტანას დაჰპირდა მოქალაქეებს.

- ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს. 2013 წელს ხელისუფლება შეიცვლება. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა უნდა განსაზღვროს, ვინ იქნება ქვეყნის პირველი პირი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო თუ სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი. ამ მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის სააკაშვილის გუნდიდან ბევრი ადამიანი ემზადება. პირველკაცობის მოსურნეებად სახელდებიან ბაქრაძე, მერაბიშვილი, უგულავა. გუბერნატორთა ერთ ნაწილსაც ჰქონია ამის სურვილი. სააკაშვილის ხელისუფლების შიგნით დიდი მარათონი და კონკურენცია იწყება. რაც უფრო მოახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, მით მეტად კრიტიკულ ფაზაში შევა დაპირისპირება, - ყველა პოლიტიკური პერსონა თავის პოლიტიკურ თამაშს ითამაშებს.

- სიმშვიდე არც ოპოზიციაშია. გავიგე, "ეროვნულმა საბჭომ" "სახალხო კრება" დატოვა.

-  "სახალხო კრება" არ უნდა იყოს პოლიტიკურ კინკლაობაში ჩართული, რომელმა პარტიამ როდის რა პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, ვინ მტყუანია და ვინ მართალი. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო ოპოზიციური პროექტებია. ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია რომელიმე ბანაკის მხარდამჭერ ორგანიზაციაში ყოფნა, ამიტომაც შევაჩერეთ მუშაობა "სახალხო კრებაში".

- როდესაც ამბობთ, ერთი მხარის მხარდამჭერი არ ვიქნებიო, რას გულისხმობთ?

- გაჩეჩილაძე-ბურჯანაძის ცნობილ დაპირისპირებას. ეს მხოლოდ ხელისუფლებას აძლევდა ხელს. სააკაშვილმა ვერ დაფარა სიხარული ამის გამო და საახალწლო მილოცვაში განაცხადა, ოპოზიციაში კარგი პროცესებია დაწყებულიო. გულისხმობდა, ოპოზიციას ერთმანეთის დაჭმა აქვს დაწყებულიო.

-  რა გახდა ამ დაპირისპირების მიზეზი?

- ვერ გეტყვით, ის კი ვიცი, რომ ეს შეცდომა იყო. ერთი ოპოზიციონერი მეორეს ნიჭიერად რომ გადაუვლის, არ არის სწორი. თავისი უნარი ოპოზიციამ ხელისუფლების ნაკლოვანებების მხილებისათვის  უნდა გამოიყენოს და არა იმისათვის, ოპოზიციონერ კოლეგას თვალში თითი ატაკოს. ეს ქვეყანა ანგელოზებით არ არის დასახლებული და მით უმეტეს, არც პოლიტიკური სპექტრია ანგელოზების სამკვიდრო.

- არის ვერსია, რომ ხელისუფლება მართული რევოლუციის პროვოცირებას გეგმავს.

- მართული რევოლუციის ცნება ჰიპოთეზურად მეჩვენება. ვინც სააკაშვილს იცნობს, იცის, რომ ის არ დაუშვებს რევოლუციას, გინდ მართულს, გინდ უმართავს. მართული რევოლუცია ძალიან იოლად შეიძლება გადაიზარდოს უმართავში და ადამიანები, რომელთაც რევოლუციის მართვაზე აქვთ პრეტენზია, ბორტს მიღმა აღმოჩნდნენ (ასე მოხდა ირანსა და ავღანეთში). საქართველოში რევოლუცია კი არა, მმართველ გუნდს შორის დიდი შეხლა-შემოხლაა მოსალოდნელი. ამის წინა პირობა არის, ამაზე მეტყველებს ბაქრაძისა ("რვიანის" ფორმატში საარჩევნო გარემოს შეცვლასა და მედიაგამჭვირვალობაზე ლაპარაკი) და უგულავას გააქტიურება.

ოპოზიციამ უნდა გააკეთოს ის, რაც გააკეთა ეროვნულმა მოძრაობამ 1987-90 წლებში, როდესაც ხელისუფლებას ყველა ფრონტიდან უტევდნენ. ზომიერმა  პარტიებმა საერთაშორისო საკითხებზე იმუშაონ, შედარებით რადიკალურებმა - რადიკალური ამომრჩევლის მობილიზებაზე, ზოგმა სასამართლოს უნდა მიმართოს და ზოგმაც რეგიონებში იმუშაოს. ძალიან მტრულ მედიაგარემოში გვიწევს მუშაობა (ელექტრონულ მედიას ვგულისხმობ). თითოეული ფრაზის წარმოთქმისას მეტი დაფიქრება გვჭირდება, რადგან კოლეგაზე ბუზისოდენა გადაკრულად ნათქვამს უმალ სპილოდ აქცევენ ხოლმე.

- გავიგე, რომ კახა კუკავა უჩივის ტელეკომპანია "იმედს".

- "იმედმა" ეთერში გაუშვა სიუჟეტი, რომ თურმე იგორ გიორგაძე, თემურ მასხულია და ალექსანდრე ებრალიძე არიან "ეროვნული საბჭოს", ნინო ბურჯანაძისა და ლევან გაჩეჩილაძის პარტიების დამფინანსებლები. თითქოს მე და კახა კუკავას მოგვილაპარაკებია, რომ კახა არასამთავრობო ორგანიზაციაში შესულიყო და ამის საშუალებით მიგვეღო ფული, რომლის მიღება პოლიტიკურ პარტიას არ შეუძლია. ეს სრული სიყალბეა. კონსერვატორებმა და "ხალხის პარტიამ" (ჩვენ ბლოკის რეჟიმში ვაპირებთ მუშაობას) მოვილაპარაკეთ და ორი ოფისის ნაცვლად ავიღეთ ერთი, შედარებით უკეთესი, ფალიაშვილის ქუჩის #63-ში და ამით ხარჯი  შევიმცირეთ. "იმედის" ყალბ სიუჟეტში ნახსენებიც არ ყოფილა, რომ ოფისის ფულს "ხალხის პარტიის" ანგარიშიდან ვფარავთ. თქვეს, გიორგაძე აფინანსებთო და აჩვენეს, ვითომ როგორ უდევს კახა კუკავას მაგიდაზე იგორ გიორგაძის სურათი.

ჩასაფრებულმა სახელისუფლებო ტელევიზიებმა ასეთი პრაქტიკაც შემოიღეს: რომელიმე სატელიტ გაზეთს დააბეჭდვინებენ სენსაციურ სიყალბეს  და მერე ოთხი ტელევიზია აკეთებს ისეთ სიუჟეტებს, სადაც ფრაზებიც კი ერთნაირია.

ამას წინათ კახა კუკავა და კობა დავითაშვილი სტრასბურგში მიიწვია ევროსაბჭოს დემოკრატიულმა ფრაქციამ, რომლის თავმჯდომარეც იტალიელია,  მაგრამ "იმედმა" და "რუსთავმა" გამოაცხადეს, რუსებმა მიიწვიეს ევროსაბჭოშიო. კახამ და კობამ უამბეს ამ ფრაქციებს, როგორი გადაცემებიც გაკეთდა საქართველოს ტელევიზიებში და ევროპელმა კოლეგებმა ურჩიეს, მოგვეთხოვა ტელევიზიებისთვის ამ ინფორმაციის უარყოფა ან სასამართლოსთვის მიგვემართა.

- რუსეთისაგან განსხვავებით, ნატოს საქართველო არ დაუპყრია.

- ოპოზიცია ხვალ-ზეგ შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდეს და წაადგება კავშირები, რომელსაც დღეს დაამყარებს. "ეროვნულ საბჭოს" მიაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გარეშე ვერ მოვაგვარებთ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას.

სააკაშვილმა თავისი უგუნური პოლიტიკით დაასჯევინა საქართველო რუსეთს. პუტინსა და რუსეთზე სარკასტული ლაპარაკი არ არის ვაჟკაცობა.

ამას წინათ გერმანულ გაზეთთან  განაცხადა სააკაშვილმა, კონფრონტაციას ნებისმიერი ფორმით ურთიერთობა სჯობს რუსეთთანო, მაგრამ მანამდე თქვა, პუტინი რეპტილიააო. ეს კაცი საქართველოს ბედით ჟონგლიორობს და  ამის უფლება აღარ უნდა მივცეთ.

ბევრ ჩვენს მოქალაქეს გული აქვს გატეხილი, 200 ათასი გამოვედით და დავმარცხდითო. საქართველო მუდმივად ბრძოლაში იყო, ხშირად დამარცხებულა, მაგრამ ამის გამო ფარ-ხმალი არ დაუყრია. რამდენჯერაც წავიფორხილებთ, იმდენჯერვე უნდა წამოვდგეთ და განვაგრძოთ ბრძოლა, რომელიც საქართველოს გამთლიანებით დამთავრდება.