"იმის ალბათობა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას ეცდება, ძალიან მაღალია" - რას აცხადებს აშშ-ს ელჩი? - კვირის პალიტრა

"იმის ალბათობა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას ეცდება, ძალიან მაღალია" - რას აცხადებს აშშ-ს ელჩი?

კონკრეტული მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ იმის ალბათობა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას ეცდება, ძალიან მაღალია , - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციის (#GEODEM) მეორე პანელზე განაცხადა, რომელიც zoom-ის ფორმატში ჩატარდა.

მან პასუხი გასცა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ დიდი შანსია, რუსეთის ფედერაცია საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ეცადოს, და არის თუ არა ამ მხრივ უკვე გადადგმული ნაბიჯები.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად აქტიური და კრეატიული არის რუსული დეზინფორმაცია, რომელიც ზეგავლენას ახდენს და ერევა ძალიან ბევრ არჩევნებში. საქართველო, რა თქმა უნდა, აშკარად ერთ-ერთი სამიზნეა. აშშ, დიდი ბრიტანეთი და საქართველოს სხვა მეგობრები მუშაობენ მხარდაჭერაზე, ასევე, მუშაობენ საქართველოსთან და ეხმარებიან მას, რომ მაგალითად, ხალხის ცნობიერება გაიზარდოს და ხალხმა შეძლოს დეზინფორმაციისა და ზუსტი, სწორი ინფორმაციის გარჩევა, შეძლოს ინფორმაციის შეფასება. რა თქმა უნდა, კონკრეტული მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ალბათობა ძალიან მაღალია იმისა, რომ რუსეთი ეცდება ჩარევას საქართველოს არჩევნებში. განსაკუთრებით, როცა სრულად პროპორციული სისტემისკენ მივდივართ, ეს ძალიან დიდი წარმატებაა საქართველოსთვის. საქართველო მოდელი და მაგალითის მიმცემი ქვეყანაა არა მარტო ამ რეგიონში, არამედ, სხვა რეგიონებისთვისაც. საქართველოში ახლახანს განხორციელდა რუსეთის გრუ-სთან დაკავშირებული კიბერ თავდასხმა და ეს აუცილებლად უნდა გვახსოვდეს. ამ საკითხს, სისტემების დაცულობას ყველა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, არათუ სახელმწიფო ორგანოები', - აღნიშნა დეგნანმა "ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე.

პანელში მონაწილეობას ასევე იღებდნენ: გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქქენზი სმითი, ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი, და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე.

"ინტერპრესნიუსი"