"ველოდებით ჩვენს ტურისტებს, რომ უსაფრთხოდ დაისვენონ ჩვენს საკურორტო ზონებში" - კვირის პალიტრა

"ველოდებით ჩვენს ტურისტებს, რომ უსაფრთხოდ დაისვენონ ჩვენს საკურორტო ზონებში"

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის "ერთი თვე სამინისტროსთან ერთად" ფარგლებში მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აჭარის რეგიონის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

მინისტრმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, შრომითი უსაფრთხოების მიმართულებით გაწეული სამუშაოს შედეგად 2019 წელს მძიმე სექტორში ლეტალობა 24%-ით შემცირდა, 2020 წლის პირველ ნახევარში კი 35%-ით.

"მძიმე სექტორში, სადაც იყო სამშენებლო ტრავმები და ასევე ბევრი ლეტალური შემთხვევებია, ჩვენ 2019 წელს გვქონდა საკმაოდ კარგი შედეგი, რაც ნიშნავს იმას, რომ 24%-ით შემცირდა მსგავს გარემოში ლეტალობა, ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში ჩვენ 35%-ით შევამცირეთ ჩვენ მიერ გაწეული სამუშაოს შედეგად ლეტალობა ამ სფეროში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ამტკიცებს იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელშეწყობა შრომითი ინსპექციის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. დღესდღეობით ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურას და მსგავს სფეროს, როგორიც არის შრომითი ინსპექცია, შეუძლია, იყოს კერძო სექტორის პარტნიორი და არა სადამსჯელო ორგანო. აქედან გამომდინარე, მე მოვუწოდებ ყველა ჩვენს პარტნიორს, უკვე კერძო სექტორს, რომ კიდევ უფრო მეტად და უკეთ ითანამშრომლოს იმისთვის, რომ შევძლოთ და შევქმნათ ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის საჭირო უსაფრთხო სამუშაო გარემო“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მან კორონავირუსის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ქვეყანა იყო, რომელმაც შეძლო და თითქმის ყველა მიმართულებით შეიმუშავა გაიდლაინები, რომელმაც ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურების შესაძლებლობა შექმნა.

"დღეს ჩვენ საკმაოდ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც დღესდღეობით საქართველოშია, უზრუნველყოფს თავისი დასაქმებულის უსაფრთხოებას და შემდეგ უკვე თავისი მომხმარებლის უსაფრთხოებას. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის სექტორისთვისაც. სწორედ აქედან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვან სექტორში, რომელიც არის ტურიზმი საქართველოში, ჩვენ შევქმენით ძალიან უსაფრთხო გარემო ჩვენი ტურისტებისთვის, რის შედეგადაც თამამად ვაცხადებთ, რომ საქართველო არის კოვიდისგან თავისუფალი ზონა და ასევე უსაფრთხო. ველოდებით ჩვენს ტურისტებს, რომ უსაფრთხოდ დაისვენონ ჩვენს საკურორტო ზონებში" - განაცხადა ტიკარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"