"სისულეა, რომ თითქოს პოლიტიკიდან მინდა წასვლა და ივანიშვილი არ მიშვებს" - იქნება თუ არა გია ვოლსკი "ოცნების" ახალ სიაში? - კვირის პალიტრა

"სისულეა, რომ თითქოს პოლიტიკიდან მინდა წასვლა და ივანიშვილი არ მიშვებს" - იქნება თუ არა გია ვოლსკი "ოცნების" ახალ სიაში?

საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, რომლის თანახმადაც მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული სისტემით და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება, აქტიური წინასაარჩევნო კამპანია მმართველ პარტიაშიც დაიწყეს და "ივანიშვილის კარზე" დასაწინაურებლად "შიდა ომებიც" გააქტიურდა. მართალია დაპირისპირება ჯერ საჯაროდ არ დაწყებულა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ივანიშვილი სიის გაწმენდას გვარიანად აპირებს, ეს სულაც არაა გამორიცხული. მით უფრო, რომ საზოგადოებას ამის არა ერთი მაგალითი ახსოვს.

როგორც ამბობენ, კახა კალაძეც გაკვირვებული დატოვა წარმოდგენილმა სიამ, აღმოჩნდა, რომ ის თბილისის მასშტაბითაც კი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს. როგორც kvirispalitra.ge-ს ინფორმირებულმა წყარომ უთხრა, დარჩენილი 92 დეპუტატიდან სიაში დაახლოებით ნახევარი ვეღარ მოხვდება. როგორც ამბობენ, მათ ადგილს "ოცნების" ახალი სახეები დაიკავებენ და არც მეტი-არც ნაკლები, ამით საზოგადოებაც კი გაოცდება.

ჯერჯერობით უცნობია პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის ბედი. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ თებერვალში მან დააანონსა, პოლიტიკიდან წასვლა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ბიძინა ივანიშვილი მას ვერ ელევა, ამიტომ შესაძლოა 2020 წლის საარჩევნო სიაში იგი კიდევ ერთხელ ვიხილოთ. თავად ვოლსკი ამბობს, რომ ამ საკითხის განხილვა ჯერ ადრეა...

- პარლამენტში არ მეგულება ვინმე ჩვენთაგანი ვინც ამას დაგიდასტურებთ ან უარყოფს. ჩვენ ვმუშაობთ, სულ სხვა ამოცანები გვაქვს. ასე ახლო პერსპექტივაში სიების საკითხები ჯერ არ განხილულა.

- თუმცა თებერვალში განაცხადეთ, რომ აღარ გსურდათ პოლიტიკაში დარჩენა... - ასეთი რამ არ განმიცხადებია, სულ სხვა რამე ვთქვი. აღვნიშნე, რომ ქართულ პოლიტიკაში უნდა მოვიდეს ახალი თაობა, რომელიც იქნება დაპირისპირებული იდეებით ერთმანეთთან, მაგრამ დაპირისპირების ასეთი ხასიათი და ხარისხი რომელიც დღეს გაგვაჩნია პოლიტიკოსებს, არ უნდა გვქონდეს. ჩემს ბედთან დაკავშირებით კი, ჯერჯერობით პასუხი არ მაქვს.

- თუმცა არის ვერსიაც რომ გსურთ წასვლა, მაგრმ თავად ბიძინა ივანიშვილი არ გიშვებთ?

- ამ საკითხზე ლაპარაკი ამოვწურე, ჭორებს ნუ დაუგდებთ ყურს. სისულეა, რომ თითოქოს პოლიტიკიდან მინდა წასვლა და ივანიშვილი არ მიშვებს. ეს არის ბავშური რაღაც ჭორი.

- როგორც ვიცი, ახალი სახეები გეყოლებათ "ოცნებაში"? - როგორც ძველზე ისე ახალ სახეებზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით.

- სიაზე მუშაობა ხომ მიმდინარეობს? - სიებზე მუშაობა მიმდინარეობს არა მხოლოდ "ქართულ ოცნებაში" არამედ მთელ მსოფლიოში. ნებისმიერი პოლიტიკური პარტია მუშაობს იმაზე, რომ საკადრო შემადგენლობა შეავსოს, გაანახლოს და ახალი სახეები მოიყვანოს. ეს არ არის მარტო "ქართული ოცნებისთვის" დამახასიათებელი.

- და მაინც, ვინ იქნება სიის სათავეში გახარია თუ წულუკიანი? - არ ვიცი, ახალს ვერაფერს დაგიმატებთ ვინ იქნება სათავეში, შუაში თუ ბოლოში, ამაზე ვერაფერს გეტყვით. თუმცა წულუკიანი და გახარიაც არიან ადამიანები, რომლებიც გუნდის წევრები არიან და სიაში მათი ყოფნა გამიხარდება.

იხილეთ ასევე: ღარიბაშვილი "ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, ოქრიაშვილი და ენუქიძე - კვლავ მაჟორიტარებად?! - რა ხდება "ქართული ოცნების" კულუარებში?

(სპეციალურად საიტისთვის)