"პუტინი ხდება სტალინის შემდეგ მეორე, რომელსაც სამუდამოდ შეეძლება დარჩეს ლიდერად" - კვირის პალიტრა

"პუტინი ხდება სტალინის შემდეგ მეორე, რომელსაც სამუდამოდ შეეძლება დარჩეს ლიდერად"

რეფერენდუმით პუტინმა ფაქტობრივად, საბოლოო წერტილი დაუსვა რუსეთის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, მის დასავლეთთან დაახლოებას და ერთპიროვნული და ერთპარტიულ მმართველობას ჩაუყარა საფუძველი", - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ვანო მაჭავარიანმა "ინტერპრესნიუსთან" რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინი ხდება სტალინის შემდეგ მეორე, რომელსაც საბჭოთა კავშირის შემდეგ სამუდამოდ შეეძლება დარჩეს ლიდერად.

"ეს არის ის გლობალური ტრენდი, რომელიც სწორედ ჩინეთმა ჩამოაყალიბა. ეს არის ტრენდი, რომელსაც ვხედავთ ლიბერალური დემოკრატიის საპირწონედ- ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა. ამ რეფერენდუმით პუტინმა ფაქტობრივად, საბოლოოდ დაუსვა წერტილი რუსეთის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, მის დასავლეთთან დაახლოებას და სწორედ ერთპიროვნული და ერთპარტიულ მმართველობას ჩაუყარა საფუძველი, რომელიც ჩინური სტილია. თუ დავაკვირდებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა პუტინმა და მისმა სისტემამ, რომ არ ჩამოყალიბებულიყო ახალი პოლიტიკური ცენტრი, ძალა ან ლიდერი. ის უალტერნატივოა. იქნებოდა ეს ნემცოვი თუ სხვები,ზოგი დაიღუპა, ზოგმა დაკარგა შესაძლებლობები, რომ იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს არის ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობის ნიშნები, რომელიც რუს ხალხს, გარდა ქვეყნის დატოვებისა, სხვა ალტერნატივას არ უტოვებს. ის, რომ მას აქვს 78%-იანი მხარდაჭრა, ეს მიანიშნებს, რომ ადმინისტრაციული სახელმწიფო რესურსი მუშაობს ერთპარტიული მხარდაჭრის პირობებში და ნებისმიერი განსხვავებული აზრი ან არ რეგისტრირდება ან უბრალოდ უმცირესობის უმცირესობაში აღმოჩნდება", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, რუსეთში ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ამომრჩევლების 77,93% პროცენტი უჭერს მხარს, 21,26 % კი - წინააღმდეგია. ცვლილებები პუტინს 2036 წლამდე ძალაუფლების გახანგრძლივების იურიდიულ საფუძველს უქმნის.

"ინტერპრესნიუსი"