"ვინმე მეტყვის, რომ ქალებს მამაკაცებზე ნაკლები ინტელექტი და განათლება აქვთ? ნურავინ ლაპარაკობს ქალების სახელით!" - კვირის პალიტრა

"ვინმე მეტყვის, რომ ქალებს მამაკაცებზე ნაკლები ინტელექტი და განათლება აქვთ? ნურავინ ლაპარაკობს ქალების სახელით!"

"ბევრ ქალს აქვს კომპეტენცია და სურვილიც, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. სხვათა შორის, ქალებს უფრო წარმატებით შეუძლიათ მიიღონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვიდრე - მამაკაცებს", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე.

როგორც ცნობილია, პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც პარტია, რომელსაც პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე ქალი არ ეყოლება, რეგისტრაციას ვერ გაივლის. ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა საკითხებზე kvirispalitra.ge გუგული მაღრაძეს ესაუბრა:

- ისეთი პარტია ვერც წარმომიდგენია, რომელსაც არ აქვს იმის რესურსი, რომ 20-30 ქალი ჰყავდეს შემადგენლობაში და მათგან რამდენიმე მაინც იყოს ისეთი აქტიური და განათლებული, ვინც პარლამენტის წევრობას იმსახურებს. ვინმე მეტყვის, რომ ქალებს მამაკაცებზე ნაკლები ინტელექტი და განათლება აქვთ? ნურავინ ლაპარაკობს ქალების სახელით. ბევრ ქალს აქვს კომპეტენცია და სურვილიც, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ცხადია, არიან როგორც ქალები, ისე მამაკაცები, რომლებსაც არ უნდათ პოლიტიკაში მოსვლა, მაგრამ როცა ადამიანები პარტიის წევრები ხდებიან, აქვთ იმის ამბიცია, რომ გარკვეული ხნის შემდეგ პარლამენტის წევრად იყვნენ წარდგენილი.

- აქამდე ვინმე ბლოკავდა ქალებს ამ პოზიციაზე, თუ არც ისეთი დიდია პოლიტიკაში ყოფნის მსურველ ქალთა რიცხვი? - თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის ძირითად მენეჯმენტს მამაკაცები ახორციელებენ. მათთვის უფრო ადვილი, მოსახერხებელი და კომფორტულია ალბათ მამაკაცებთან ურთიერთობა პოლიტიკური თვალსაზრისით, სიებში და მაჟორიტარებად უფრო მამაკაცებს ასახელებენ, როგორც წესი, სიაში იშვიათია ქალები, ვერაფრით მივუახლოვდით 30%-იან ზღვარს, რომელიც არის საერთო ევროპული სტანდარტი. ეს არ არის თვითმიზანი, თავისუფალი არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ყველა სოციალურ ჯგუფს მეტნაკლებად, მით უმეტეს ქალებისას, რომლებიც საქართველოს 51%-ს შეადგენენ, ჰყავდეთ თავისი წარმომადგენლობა. ქალს უფრო კარგად ესმის ის ინტერესები, რომელიც შეიძლება მამაკაცმა ვერ დაინახოს და ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა იყოს ბალანსი. დაბალანსებული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ყველა სოციალური ჯგუფის ინტერესები იყოს ასახული პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. მთელს მსოფლიოში დღემდე პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესში ქალები ვერ არიან ისე წარმოდგენილი, როგორც შეესაბამება თანასწორობის იდეას. ქალებს უფრო წარმატებით შეუძლიათ მიიღონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვიდრე მამაკაცებს.

- თანასწორობა თუა და კვოტირება, მაშინ რატომ არა 2X2-ზე? - ცხადია, უკეთესია იყოს ყოველი მეორე ქალი, მაგრამ 1999 წლიდან, როდესაც პირველად დაიწყო ამაზე ლაპარაკი, ჩვენ ვერ გადავლახეთ პარლამენტის წევრი მამაკაცების წინააღმდეგობა. იმისთვის, რომ ეს კანონი მიგვეღო, სულ გვაკლდება რაღაცა რაოდენობის ხმები. ძალიან კარგი, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობა მიხვდა იმას, რომ საერთო კოდექსში იყოს ეს საკითხი. რაც მთავარია, წლების განმავლობაში მეორდება "ოდირის" რეკომენდაციებში, რომ მიღებულ იქნას ზომები იმისათვის, რომ საპარლამენტო სიაში ქალები სათანადო რაოდენობით იყოს წარმოდგენილი. ვფიქრობთ, ორი არჩევნების შემდეგ, ეს შეიძლება თანდათან ნორმა გახდეს და ოდესმე ალბათ ვეღირსებით იმას, რაც იყო ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებმაც თავიდან ასეთი კვოტებით დაიწყეს და დღეს იქ კვოტები არავის სჭირდება - საზოგადოებაც და პოლიტელიტაც მიმართულია იქეთკენ, რომ ქალიც და მამაკაციც თანასწორადაა ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში.

- კვოტირებას მხარი არ დაუჭირა რამდენიმე ოპოზიციონერმა და ეს მოთხოვნა გენდერულ დისკრიმინაციად, პარტიების საქმიანობაში ჩარევად და თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნიეს... - ჩვენ უკვე 30 წელიწადია ვიცდით, რომ პარტიები ბუნებრივად თვითონ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მათ მოსახლეობასთან ურთიერთობისთვის სჭირდებათ ქალთა ის რაოდენობა, რათა მეტ-ნაკლებად თანასწორად იყოს წარმოდგენილი ეს ორივე დიდი სოციალური ჯგუფი, მაგრამ ამას ვერ მივაღწიეთ. წინა წლებში ფინანსური დახმარებაც კი შემოვიდა პარტიებისთვის ბიუჯეტიდან პარიტეტი რომ ყოფილიყო დაცული, მაგრამ მაინც მამაკაცური სოლიდარობა უფრო წინ მიდის, ვიდრე ფინანსური ინტერესები. ამიტომ სახელმწიფო იძულებული ხდება თავისი პოლიტიკის გასატარებლად დაუშვას გარკვეული აუცილებელი მოთხოვნა, რომ რეგისტრაციაში არ გატარდეს პარტია, რომელსაც არ აქვს დაცული გენდერული ბალანსი. თანდათან იმსხვრევა სტერეოტიპი, რომ პოლიტიკოსი უნდა იყოს კაცი. აგერ, ბარაკ ობამამ განაცხადა, სადაც ქალი მართავს, იქ უფრო კარგი სიტუაციააო.

- ბევრი "ფეიკ-ნიუსი" ვრცელდება თქვენი გამონათქვამების, ხალხი ვეღარ გებულობს, რაა სიმართლე და რა – ტყუილი. თქვენ თუ კითხულობთ მათ და რა ხასიათზე დგებით? - როცა მხვდებოდა მსგავსი ნიუსები, რამდენჯერმე ვცადე დამეწერა, რომ ეს არის "ფეიკ-ნიუსი". იმდენად ალოგიკური იდეები ვრცელდება, არც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი ამას არ იტყვის. ყველას ვეუბნები, ჩემი პირიდან ამოსული დაიჯერეთ და არა რასაც ვიღაცა დაწერს. მთელმა საქართველომ იცის ჩემი ნომერი, დამირეკონ და მკითხონ, მართლა თქვით ასეთი რამ, ქალბატონო გუგული? თუ ვთქვი, იმასაც ვიტყვი, თუ არა - იმასაც. ეტყობა ადამიანებს რაღაცეების კომპლექსები აქვთ და ასეთი რაღაცეების დაჯერება უფრო ეადვილებათ. სპეციალურად მივრცელებენ "ფეიკებს" და ხანდახან ვხუმრობ ხოლმე, ალბათ რამდენიმე ადამიანს სამსახურს ვაძლევ იმიტომ, რომ ვინც მათ თხზავს და ავრცელებს, ცხადია, ხელფასს უხდიან.

- მაინც და მაინც თქვენ რატომ ამოგიჩემეს? - დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ, ჩემს პოლიტიკურ კარიერაში არც კორუფციაა, არც უზნეო საქციელი და ვთვლი, რომ რაკი აღმოჩნდა, რომ გუგული მაღრაძე "ოცნებასთან" იდენტიფიცირებულია, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაილაშქრეს. ჩემს წესიერებას და განათლებას ხომ ვერ წამართმევენ, ამიტომ მიგონებენ რაღაც სისულელეებს. თუ კი ეს მარტო "ფეიკ ნიუსია", არაა პრობლემა, მაგრამ ამას ქვემოთ გინებები რომ მოჰყვება, ეს რა თქმა უნდა, მაღიზიანებს. ცოტა არ იყოს, მე ძველ ყაიდაზე აღზრდილი ქალი ვარ, ჩემს ოჯახში არც ერთი მამაკაცისგან გინება არ გამიგონია. მიკვირს და თან მწყინს, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები, რომელთაც ასე თავისუფლად შეუძლიათ ბინძური სიტყვები თქვან, თორემ რაღაც ფეიკებს როცა გივრცელებენ, ეს პოპულარობასაც ნიშნავს – საკმარისია გამოვიდე და რაღაც ვთქვა, ზუსტად ერთ კვირაში დაიდება "ფეიკ-ნიუსები". ანუ არსებობს რაღაც "ნაცმოს" ორგანიზაციულად შეკრული ჯგუფი, რომლისთვისაც მიუღებელი ვარ. ვფიქრობ, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო ინტენსიური გახდება ასეთი "ფეიკ ნიუსები". ნუ რა ვქნათ, ამასაც ავიტან.

- თქვით, დიდი ხანია, პოლიტიკაში ვარო და კიდევ აპირებთ პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას და ისევ გიხილავთ სიაში? - ასეთ დროს მიიღება გარკვეული კოლექტიური გადაწყვეტილება - დაჯდება პარტია, ხელმძღვანელობა და განიხილავს, ვინ არის საჭირო 2020-24-თვის, ვინ ჯობია სად იყოს. ჯერ პროპორციულ სიებზე არ არის ლაპარაკი. მე გარკვეულად პარტიის იდეალების და პოზიციის ერთგული ვარ, მაქვს განათლება, საპარლამენტო მუშაობის გამოცდილება. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც პოლიტიკიდან წავა, პოლიტიკა ჩემთვის არის საქმის კეთების შესაძლებლობა. თამბაქოს კანონს მე ვერ მივიღებდი, რომ არა პარლამენტის წევრობა. ეს კანონი ძალიან მომწონს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია.

- თუმცა ამის გამო დღემდე მწეველების ლანძღვის ობიექტი ხართ... - დღემდე არიან ვიღაცები, ვინც მაგინებენ და სიგარეტის გაძვირებასაც მე მაბრალებენ, თუმცა ამასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. პოლიტიკაში ყოფნას ახლავს სიძნელეები, ხანდახან ფიქრობ, აღარ გინდა ამდენი შეურაცხყოფის ატანა, მეორე მხრივ, პოლიტიკა გაძლევს საშუალებას, ქვეყნისთვის რაღაცა საჭირო გადაწყვეტილებებში მიიღო მონაწილეობა. ასე რომ, ვრჩები პოლიტიკაში.

- თქვით, რომ ჯერ არ განხილულა, თუმცა უკვე გამოვიდა ხმები, რომ პრემიერი გახარია სიის პირველ ნომრად განიხილება... - ეს მითქმა-მოთქმა კი არა, ლოგიკური განჭვრეტაა იმისა, რომ ადამიანი, რომელმაც ასე კარგად იმუშავა როგორც ჩვეულებრივ, ისე კრიზისულ სიატუაციაში, რომლის მიმართაც არის დადებითი დამოკიდებულება, შეიძლება მოიაზრებოდეს სიაში ნომერი პირველი.

- ანუ ადასტურებთ ამ ინფორმაციას... - არც უარვყოფ და არც ვადასტურებ, ასეთი მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებას და მე რომ მკითხოთ, სწორი მოლოდინიც.

- რას იტყვით გაერთიანებული ოპოზიციის შანსებზე, რომელმაც 8 ოლქში უკვე წარადგინა კანდიდატურები? - მგონია, რომ მათ ახლა უფრო ნაკლები შანსები აქვთ, ვიდრე წინა წლებში ჰქონდათ იმიტომ, რომ ფაქტობრივად, მათ საერთოდ არ ენაღვლებათ, რა ხდება ქვეყანაში, აქვთ თავისი დღის წესრიგი და პირიქით, რაც უფრო ცუდად მიდის საქმე, ჰგონიათ, მათთვის უფრო კარგია. ამ დამოკიდებულებას ხალხი სათანადოდ შეაფასებს და არა მგონია ის პროცენტები მიიღონ, რაც წინა წლებში ჰქონდათ. მიკვირს, ვინ აძლევს ხმას "ნაცმოს", არა მგონია, რომ მას და მის განაყოფს კიდევ ვინმემ მისცეს ხმა, ეს გასაკვირი იქნება.

- ვერ იტყვით მაინც, რომ არ ჰყავთ მხარდამჭერები... - ხმების რაღაც ნაწილს ისინიც წაიღებენ. ზოგი "ნაცების" მხარდამჭერია, ზოგი იმდენად ჩართულია მათ საქმიანობაში, რომ გამოსვლა უჭირს...

- საპარლამენტო ოპოზიციას რაც ეხება, ის კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს არ უჭერს მხარს იმ მოტივით, რომ დოკუმენტში ეუთო/ოდირის რეკომენდაციების მცირე ნაწილია გათვალისწინებული, რაც საარჩევნო გარემოს არ აუმჯობესებს. ამბობენ, რომ ამ კოდექსს "ოცნება" საკუთარ თავზე ირგებს, რათა არჩევნები გააყალბოს... - კაი ხანია პოლიტიკაში ვარ, მახსოვს "ოდირის" რეკომენდაციები და ისიც, რომ წინა ხელისუფლება როგორ თავდაყირა აყენებდა ამ რეკომენდაციებს. ყველაზე სრულად ოდირის რეკომენდაციები არის გათვალისწინებული იმ საარჩევნო კოდექსში, რომელიც ახლაა წარმოდგენილი "ოცნების" მიერ. თვით ის კვოტირება, რომელიც წლების განმავლობაში ვერ მიიღეს და რომელსაც ოდირი თხოულობდა, ჩვენმა პარლამენტმა მიიღო. დაიძრა ყინული და ეს მონაცემები 2024 და 2028-სთვის უფრო გაუმჯობესდება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ "ოცნება" გაცილებით სრულყოფილად ახორციელებს ოდირის რეკომენდაციებს, ვიდრე წინა ხელისუფლება აკეთებდა ამას.

- ითქვა ისიც, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი ისევ პრემიერად ვიხილოთ... - არა მგონია... არ მაქვს ამაზე ინფორმაცია.

- რაღაც პასიურობს, არ ჩნდება და აკრძალა კიდეც კომუნიკაცია საზოგადოებასთან... - რა აუცილებელია? ის არის პარტიის ლიდერი, თავისი პარტიის წევრებს ხვდება, ეთათბირება და არ არის აუცილებელი, პარტიის ლიდერი რეგულარულად იყოს ხალხში და ეთერში.

- პანდემიის დროს რატომ ერთხელ არ გაგვამხნევაო, იყო ასეთი საყვედურებიც... - ოპოზიცია ზუსტად იმას ელოდება, როგორმე ბიძინა ივანიშვილმა გაგვამხნევოსო. კარგით, რა, ადამიანი აკეთებს თავის საქმეს, მშვენიერ საქმეს აკეთებს, აგერ დენდრო პარკი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ღმერთმა გაუმარჯოს ამ კეთილ საქმეებში, პარტიას ხელმძღვანელობს ისე, როგორც საჭიროა და მეტი რა ქნას?

იხილეთ ასევე: "სისულეა, რომ თითქოს პოლიტიკიდან მინდა წასვლა და ივანიშვილი არ მიშვებს" - იქნება თუ არა გია ვოლსკი "ოცნების" ახალ სიაში?

(სპეციალურად საიტისთვის)

რას ჰყვება თვითმხილველი ფოთში, გუშინ მომხდარი მკვლელობაზე? https://www.kvirispalitra.ge/justice/66585-qmegona-mkvdari-iyo-magram-tsyali-rom-shevaskhith-khma-amoigho-sastsrafos-daudzakheth-mishvelethoq.html