"მკვეხარა ქოთნის" სინდრომი, ანუ ჩამოდიან თუ გარბიან ქართველები?! - კვირის პალიტრა

"მკვეხარა ქოთნის" სინდრომი, ანუ ჩამოდიან თუ გარბიან ქართველები?!

"ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ბოლო წლებში უფრო ბევრი ადამიანი ბრუნდება  საქართველოში, ვიდრე მიდის. ვისაც უნდა, გადაამოწმოს ციფრები. ახალგაზრდობა, ძირითადად, აღარ ტოვებს საქართველოს",- ამ სიტყვებით სააკაშვილმა სტატისტიკური მონაცემების გაცნობისკენ არცთუ დიდი ხნის წინ თავად გვიბიძგა. ჩვენც გადავამოწმეთ და ისევ "ციფრული განხეთქილებით" გამოწვეული თავსატეხი მივიღეთ!

სტატისტიკის დეპარტამენტის საიტზე "შვებისმომცემი" ინფორმაციაა წარმოდგენილი. ირკვევა, რომ 2008 წელს საქართველოდან 10 ათასი კაცით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა, ხოლო 2009 წელს 34 ათასით მეტი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის ინფორმაციით კი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გაიზარდა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთაც უცხო ქვეყნებს თავშესაფრის მიღების თხოვნით მიმართეს. თუ უფრო დავაზუსტებთ,

1997-2003 წლებში საქართველოს 39045-მა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი, ხოლო 2004-2010 წლებში 45667-მა.

მაშ, რატომ არის საქართველო ერთადერთი ქვეყანა, სადაც "ბევრად უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება, ვიდრე მიდის" და იმავდროულად, რით არის გამოწვეული თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის ზრდა?! ჩვენ ვცადეთ ამ "რებუსის" ამოხსნა.

საქმე ის არის, რომ "შვებისმომცემი" სტატისტიკა არცთუ ზუსტი და სრულყოფილია.

თურმე "აყვავებულ" ქვეყანაში დაბრუნებულ ქართველთა შორის პოლონეთიდან დეპორტირებულებიც იგულისხმებიან (რომელთა დიდი ტალღა საქართველოს სწორედ 2009 წელს მოაწყდა), ხოლო ქვეყნიდან გამსვლელთა შორის საზღვრის არალეგალურად გადამკვეთი მოქალაქეები არავის აღურიცხავს(>?!)

მანანა სხირტლაძე, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი: "ინფორმაცია, თუ რამდენმა მოქალაქემ გადაკვეთა საზღვარი და რამდენი დაბრუნდა ქვეყანაში, საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა მოგვაწოდა. ამ მონაცემებში იგულისხმებიან ტურისტები, სავაჭროდ და საქმიანი მივლინებით გასული საქართველოს მოქალაქეები და დაბრუნებულებიც, ასევე, დეპორტირებულებიც. ამ უკანასკნელთა ნაკადი 2009 წელს საკმაოდ დიდი იყო. ბუნებრივია, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ქვეყნიდან არალეგალურად გამსვლელებს ვერ აღრიცხავდა. ამიტომ არ ვიცით, რამდენმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ზუსტი აღწერის მექანიზმი არა გვაქვს".

მარკ ჰულსტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი: "ჩვენი პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნებულ პირთა რეინტეგრაციას. ვეხმარებით იმ მოქალაქეებს, რომლებიც უცხოეთში თავშესაფარს ითხოვდნენ, მაგრამ ვერ მიიღეს. პირთა ამ კატეგორიისთვის რამდენიმე სახელმწიფოს კარგი პროგრამა აქვს, გამოყოფენ თანხებს, რომ მათ ქვეყნებში არალეგალურად მცხოვრები ემიგრანტები სამშობლოს ნებაყოფლობით დაუბრუნდნენ.

პროგრამაში ყველა ქვეყანა არ არის ჩართული, ე.ი. თანხასაც ზემოთ ხსენებული მიზნით თითზე ჩამოსათვლელი ქვეყნები გამოყოფენ. მათ შორის შვეიცარია, პოლონეთი, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ირლანდია... ამგვარად, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით (რომელიც, ცხადია, სრულყოფილი ვერ იქნება) 2003-დან 2011 წლის 1-ელ თებერვლამდე ამ პროგრამის ფარგლებში მხოლოდ 1439 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში ნებაყოფლობით. ბუნებრივია, ეს მონაცემები არ მოიცავს ინფორმაციას დეპორტირებულთა და პროგრამაში მონაწილეობის გარეშე დაბრუნებულთა რაოდენობაზე".

"როგორ ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები უცხოეთში?" - ეს კითხვა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დავსვი და 15 წლის წინ ათენში წასული ქართველი ლელა ბ. გამომეხმაურა:

- ჩემს ოჯახს საქართველოში არ უჭირს, მაგრამ მაინც ვერ დავბრუნდები. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ აქაური ცხოვრების წესს შევეჩვიე, მეორე - თუ დავბრუნდები, ბერძენ ქმარ-შვილთან ერთად უნდა დავბრუნდე, საქართველოში კი ჩემი მეუღლე ვერსად იმუშავებს, ბავშვი ქართულად ვერ ისწავლის - თბილისში  ბერძნული სკოლა არ არის. მე ბედის სამდურავი არაფერი მაქვს, მაგრამ ვიცნობ ქართველ ქალებს, რომლებიც აქ გათხოვდნენ და არ გაუმართლათ, ქმართან გაყრას და საქართველოში დაბრუნებას კი ვერ ახერხებენ. ცხადია, ბერძენი მამა ქართველ დედას არ აძლევს შვილის საქართველოში წაყვანის უფლებას, რადგან ბავშვი საბერძნეთის  მოქალაქედ ითვლება.

აქ ქართველებს ნერვები დაწყვეტაზე აქვთ. ალბათ, იმიტომ, რომ ქართველს არასოდეს უმუშავია დამლაგებლად, მოსამსახურედ, არ უკეთებია შავი საქმე. ახლა ქართველი ქალები სხვის სახლებს ალაგებენ, სხვის ბავშვებს უვლიან, კაფეებში მიმტანებად მუშაობენ. მამაკაცებიც ან ფიზიკური შრომით შოულობენ ფულს, ან  ქურდობენ.

ბოლო პერიოდში საბერძნეთიდან ბევრი ქართველი გამოასახლეს. პრობლემაა ისიც, რომ

ქართველ დამნაშავეთა რიცხვმა იმატა. ადრე ბერძნები სულ ალბანელებს ლანძღავდნენ, ახლა ქართველებს მოიხსენიებენ აუგად. ასეთების დეპორტირების ამბავს რომ გავიგებ, ნუ დამძრახავთ და, მიხარია... არ მინდა მრცხვენოდეს, რომ ქართველი ვარ.

ბოლო დროს საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისი ძალიან გამწვავდა, არათუ ქართველებს, ბერძნებსაც  გაუჭირდათ: ბევრმა მათგანმა სამსახური დაკარგა და იძულებულია, სამშობლოში დაბრუნდეს. თუ ზოგ მათგანს ადრე 900-1.000 ევროს აძლევდნენ, ახლა 400-500 ევროდ ამუშავებენ. ბევრს საქართველოში დასაბრუნებელი ფულიც არა აქვს, არც იმის იმედი, რომ დაბრუნებულს დაასაქმებენ.

P.S. დასასრულ, "მკვეხარა ქოთნის" ამბავს შეგახსენებთ, რომელსაც გარეშემო ჯამ-ჭურჭელი შემოეკრიბა და იკვეხნიდა, ოქროს ძირი მაქვსო, მაგრამ როგორც კი ციცხვი გამოჩნდა, შერცხვა და გაჩუმდა.