"მაშინ, როდესაც სააკაშვილს გვერდით აღარავინ დარჩა, ვინც თვალს აუხელს, ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, მისთვის სიმართლე მეთქვა" - კვირის პალიტრა

"მაშინ, როდესაც სააკაშვილს გვერდით აღარავინ დარჩა, ვინც თვალს აუხელს, ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, მისთვის სიმართლე მეთქვა"

"რომ არ დამყაყდეს, ჭურჭელში წყლის შეცვლა აუცილებელია, მაგრამ ისე, რომ წყალს ბავშვი არ გადავაყოლოთ. რაც კარგია, შევინარჩუნოთ, რაც დასამთავრებელია, დავასრულოთ, სადაც შედეგი სავალალოა, გამოვასწოროთ. მხოლოდ ასე აშენდება ჩვენი ოცნების საქართველო, სადაც იქნება სოციალური და სამოქალაქო მშვიდობა, ერთმანეთის პატივისცემა და არა გლადიატორების ბრძოლა, რის გამოც ჩვენი ქვეყანა სისხლისგან, სულისა და იმედისგან იცლება. მე ვარ ქართველი ყოველგვარი მაშასადამეების გარეშე. მე არ მინდა, რომ საქართველო იყოს მხოლოდ ქართველებისათვის, მაგრამ მინდა, ყველა ქართველი ვიყოთ საქართველოსათვის", - განაცხადა უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობისას.

მიიღო თუ არა ოპოზიციამ და საზოგადოებამ პასუხი იმ კითხვებზე, რაც აწუხებდა, გიორგი თარგამაძეს ვკითხეთ, რომელმაც არსებული  პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში სააკაშვილის "მუბარაქიზაცია" იწინასწარმეტყველა:

- ეს ქვეყანა არა მარტო მემკვიდრეობით გვერგო წინაპრებისაგან, არამედ ნასესხები გვაქვს მომავალი თაობებისგანაც და ის მაინც უნდა ჩავაბაროთ, რაც წინაპრებისაგან მიგვიღია. სამწუხაროდ, საქართველო ბოლო წლების განმავლობაში გაუგებარი ექსპერიმენტების არეალი გახდა და ამან ცუდის მეტი ჩვენს ქვეყანას არაფერი მოუტანა. ეს ექსპერიმენტები ცოცხალ ადამიანებზე ტარდება.

პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლა საინტერესო მოვლენა იყო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში იმითაც, რომ ერთი და იმავე პლანშეტით, ერთი და იმავე ფურცლებითა და ციფრებით ორი სხვადასხვა აღქმა და რეალობა წარმოჩნდა.

ერთია რეალობა, რომელიც ჩვენი წარმოდგენით არსებობს საქართველოში და მეორე - ტყუილების ის კორიანტელი, რომლითაც წლების განმავლობაში ჩვენს მოსახლეობას აბრუებენ.

ერთი და იმავე ტრიბუნიდან ჩვენს საზოგადოებას ორი სხვადასხვა გეზი აჩვენეს. გეზი, რომელსაც ქრისტიან-დემოკრატები ვაჩვენებთ საქართველოს ჭაობიდან ამოსაყვანად, და გეზი, რომლითაც ხელისუფლება ჰიბრიდული დემოკრატიის, გენმოდიფიცირებული მედიისა და ნახევარფაბრიკატი სასამართლოსკენ მიაქანებს საქართველოს.

- თქვენი ნათქვამის შემდეგ, აჯობებდა, ყველას პრეზიდენტი ყოფილიყავითო, სააკაშვილი ოპოზიციის ტრიბუნაზე დადგა. ეს ხომ  არ იყო მინიშნება, რომ თქვენი შენიშვნა გაითვალისწინა?

- მეეჭვება. ის, რომ თავს პროფესიონალ, ანუ ყველას პრეზიდენტად გრძნობდეს და  მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება  არ იყოს მისთვის უპირველესი ღირებულება, მისი გამოსვლის ტექსტი და პათოსი განსხვავებული იქნებოდა.

- პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს თქვენი თვალსაჩინოების (ფურცლებზე დატანილი ციფრების) გადაყრას.

- კარგია, თუ სახლში წაიღებს, თავის კაბინეტშიც ჩამოიკიდებს და ხშირ-ხშირად შეხედავს იმ ციფრებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში პენსიონერის შემოსავალი ორჯერ ნაკლებია სახელმწიფოს მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმზე, რომლის მიხედვითაც გამოდის, რომ ხანდაზმულმა ადამიანებმა დღეგამოშვებით უნდა ჭამონ. კარგია, თუ სააკაშვილი ხშირად შეხედავს იმ ციფრებს, რომელთა მიხედვითაც შევარდნაძის პერიოდთან შედარებით სამჯერ ნაკლებ ტერიტორიაზე დაითესა ხორბალი, რომლის მიხედვითაც საქართველოში საინვესტიციო ბუმი კი არა,  სრული ჩავარდნაა.

- როდესაც სააკაშვილს "ჭაობის მეფე",  მთავრობას კი "ბრმების მთავრობა" უწოდეთ, რას გულისხმობდით?

- ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი თითქმის გაყინულია. ერთადერთი იმედი არის ის მოლაპარაკება, რომელიც საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად მიმდინარეობს. უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგრადობის თვალსაზრისით ჩვენ დიდწილად ვართ დამოკიდებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - აშშ-ისა და ევროკავშირის ფინანსურ და ეკონომიკურ დახმარებებზე, ამიტომაც განვიცდით იმ მდგომარეობას, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში და რაც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მიერ არჩეული გზის ერთგულებას.

ჩვენთვის მიუღებელია, რომ სააკაშვილი საგარეო პრიორიტეტად, ერთი მხრივ, აღიარებს ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციას და მეორე მხრივ, სინგაპურის პოლიტიკური სისტემა ხდება მისთვის მისაბაძი, სადაც უკვე 53 წელია ერთი პოლიტიკური გუნდი და პარტიაა სახელმწიფოს სათავეში. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, ჩემს პრეზიდენტობას საქართველოს მოსახლეობას ვუძღვნიო. საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, რა გაუკეთა მისთვის სოცოცხლემიძღვნილმა პრეზიდენტმა 6 წლის განმავლობაში - ჩვეულებრივი ოჯახის ყოველთვიური ხარჯი მინიმუმ 70%-ით არის გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის ხელში ცხოვრება 70%-ით გაძვირდა. თავის ისტორიაში საქართველოს ყველაზე ძვირი მთავრობა ჰყავს.

მივესალმები სოფლის მეურნეობაში 150-მილიონიან ინვესტირებას, მაგრამ კარგი იქნებოდა, თუ სააკაშვილი მოსახლეობას პარლამენტის ტრიბუნიდან აუხსნიდა, საიდან უნდა მოვიტანოთ ეს 150 მილიონი ისედაც დეფიციტური ბიუჯეტის პირობებში? ხარჯების უმეტესობა სახელმწიფო აპარატის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის შენახვას ხმარდება,  ქუთაისში 60-მილიონიან პარლამენტს ვაშენებთ, როცა ამის საჭიროება სულაც არ არის. უამრავი ტყუილი თქვა სააკაშვილმა, როდესაც ახალი საგადასახადო კოდექსის "სიკეთეზე" ლაპარაკობდა.

გადასახადების რა გამარტივებაზე გველაპარაკებიან პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი ბრმების მთავრობა, როდესაც ფინანსთა მინისტრმა 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანებულება, რომელიც მეორე დღესვე შედიოდა ძალაში და ითვალისწინებდა ზედნადებების ამოქმედებას. ეს ნიშნავს იმას, რომ დისტრიბუტორებსა და მაღაზიებს უამრავი ფურცლის შევსება და საქმის შიშითა და კანკალით წარმოება მოუწევთ, რათა დამატებითი მიზეზი არ მისცენ შემოსავლების სამსახურს დაყადაღებისა და დაჯარიმებისათვის.

ვერ მოვასწარი პარლამენტში ამ საიდუმლოდ მოპოვებული ციფრების გახმაურება, რომლის თანახმადაც საქართველოში 2010 წელს მხოლოდ ჯარიმების, საურავებისა და სანქციების სახით ბიუჯეტში 150 მილიონ ლარზე მეტი შევიდა.

ამ თანხაში არ შედის საგადასახადო და საპროცესო შეთანხმებების თანხები, რომელიც გაცილებით მეტია 150 მილიონზე.

მონოპოლიები ჩემი ან მოსახლეობის კი არა, იმ სახელისუფლებო სისტემის პროდუქტია, რომელმაც 7 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანაში გაუქმებულიყო ანტიმონოპოლიური სამსახური და პოლიტიკა. სწორედ მონოპოლიური და  კორპორატიული გარიგებების შედეგია საქართველოში საწვავისა და შაქრის ასე მაღალი ფასი. პრეზიდენტმა ბრძანა, ბიზნესმენები და მთავრობა ერთი გუნდი უნდა იყვნენო. როგორც ჩანს, სახელისუფლებო გუნდმა ეს პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო და გულისხმობენ, ვინც "ნაციონალური მოძრაობის წევრი" არ არის, იმ ბიზნესმენს საქართველოში გასაქანი არ უნდა ჰქონდესო.

- თქვენი აზრით, დეპუტატმა  გურამ ჩახვაძემ რატომ ვერ დაუსახელა პრეზიდენტს კორუმპირებული პირები? ის ხომ მანამდე სწორედ ელიტურ კორუფციაზე ლაპარაკობდა.

- გურამ ჩახვაძეს პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, ფსიქოლოგიურად შეუტია, თორემ ბატონი გურამი ერთ-ერთი კვალიფიციური პარლამენტარია, ეკონომიკის საკითხებში მის  კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება.

საქართველოში კორუფციამ ფორმა შეიცვალა და არა შინაარსი. ადგილობრივი არჩევნების დროს,  როდესაც მხოლოდ თბილისელ პენსიონერებს მოუმატეს 10-10 ლარი, საქართველოს სხვა კუთხეებში 500 ათასი პენსიონერი 70 ლარის ანაბარა დატოვეს. რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერებზე გაუცემელი 10-10 ლარი შეადგენდა იმ თანხას, რაც საქართველოს ხელისუფლებამ დახარჯა მტკვარზე შუშის ხიდის ასაშენებლად.

შევარდნაძის დროს ჩინოვნიკებს ფულის მოპარვა უხდებოდათ, დღეს წვრილფეხა ჩინოვნიკები ამას ვერ აკეთებენ, მაგრამ ზედა ეშელონებში მინისტრებს, მათ მოადგილეებს, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს აღარ სჭირდებათ კორუფციული გარიგებები, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარ პრემიებს იღებენ.

მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ვყოფილვარ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, საქართველო პოლიტიკაზე მაღლა დგას და ვიცი, ჩვენ ან ერთად წავალთ წინ, ან ერთად ჩავცვივდებით ორმოში. თამაში მართლაც დამთავრებულია და დღევანდელი მთავრობა მართლაც ბრმების მთავრობაა. მაშინ, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილს გვერდით აღარავინ დარჩა, ვინც თვალს აუხელს, ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, მისთვის სიმართლე მეთქვა.