მოსაწყენი პოლიტიკა - კვირის პალიტრა

მოსაწყენი პოლიტიკა

ბოლო დროს თავს ერთ უცნაურობას ვამჩნევ: საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი ინტერესს ვკარგავ. რომ არა პროფესიული ვალდებულება, ალბათ, არც პოლიტიკურ ტოქშოუებს ვუყურებდი და არც პარლამენტში გამართულ დებატებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი წელიწადში ერთხელ იმართება.

პარასკევს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლამ და შემდგომ დებატებმა ეს განწყობა კიდევ უფრო გამიღრმავა. იმიტომ კი არა, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ცუდი ორატორები არიან, პირიქით - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ორატორული ნიჭის ნაკლებობას არ უჩივის (თუ რამდენიმეს არ ჩავთვლით). ინტერესის დაკარგვის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი არაფერი ხდება. კარგად დავიწყებული ძველიც კი აღარ გვხვდება არსად.

ვინ გაცლის დავიწყებას? სულ ერთი და იგივეა. ეს ყოველწლიური მოხსენებები და საპარლამენტო დებატებიც ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება. ადგება პრეზიდენტი, დაასწრებს ოპოზიციას პრობლემებზე საუბარს, თავად იდარდებს გაჭირვებულ მოსახლეობაზე, მერე მოჰყვება წარმატებებს, მერე რამდენიმე კონკრეტულ პირს წარმოგვიდგენს, რომლებიც, მისი აზრით, თანამედროვე საქართველოს მთავარ მიღწევებს განასახიერებენ და ბოლოს, დაპირებებს დაარიგებს. შემდეგ გამოვა უმცირესობა და გულსა და ენას მოიფხანს. უმრავლესობა თავს ისე დაიჭერს, თითქოს მის გარდა ყველა სულელია და დასასრულ, იზეიმებს დემოკრატია.

დებატების დროს ხელისუფლება იმას კი არ ფიქრობს, კრიტიკა და შენიშვნები ყურადღებით მოვისმინოო, არამედ უფრო მოსწრებულად როგორ გასცეს პასუხი ოპოზიციას და ოპონენტები როგორ დაამციროს, დასცინოს.

გოკა გაბაშვილს უკვე რამდენიმე წელია ტაშს იმიტომ უკრავენ, რომ კარგად ახერხებს ოპოზიციაზე ღადაობას.

შარშან ამის გამო მის გამოსვლას პრეზიდენტმა ორატორული ხელოვნების ნიმუშიც კი უწოდა. არადა, რას აკეთებს გაბაშვილი? თარგამაძეს ყოველ წელს ახსენებს, რომ ჯერ ასლანთან იყო, შემდეგ - პატარკაციშვილთან. ამის გამო მას ყოველ წელს მქუხარე ტაშს უკრავენ. წელს მის გამოსვლაში ერთი სიახლე ვნახეთ: მარტო სიტყვიერად კი არ გაახსენა თარგამაძეს წარსული, არამედ დაუსურათა კიდეც და ასლანისა და ბადრის პორტრეტები აუფრიალა. ყველაზე მეტი ტაში კი იმის გამო დაიმსახურა, რომ ოპოზიცია შეურაცხადებად და არაკომპეტენტურებად დაყო.

საპარლამენტო ოპოზიციას პატივი დასდო და არაკომპეტენტურების რიგში გაიყვანა. აქ მთავარი ის კი არ არის, ოპოზიცია მართლა არის თუ არა შეურაცხადი და არაკომპეტენტური, არამედ ის, რომ ხელისუფლებას სწორედ ეს ჰგონია პოლიტიკური დებატები. მაგალითად,

პეტრე ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ თუ გიორგი ახვლედიანზე იღადავებს, ეს მაგარ ბიჭობად ჩაეთვლება.

რა თქმა უნდა, მოსახლეობაშიც მოიძებნებიან ისეთები, ვისაც ეს ყველაფერი მოსწონთ, მაგრამ თუ დებატების კულტურის ამაღლება გვინდა, მაშინ ოპონენტის დასამარცხებელ იარაღად ცინიზმი არ უნდა აქციო.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ნუგზარ წიკლაურის გამოსვლა. მისი პათეტიკა აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო როგორც იმ დღის, ისე ისტორიული კონტექსტიდან. ასეთი გამოსვლა, ალბათ, უფრო საბჭოთა პლენუმებს მოუხდებოდა.

ორატორობაში აშკარად მოიკოჭლეს პაატა დავითაიამ, გია თორთლაძემ და გურამ ჩახვაძემ, რომელთა გამოსვლები ყოველ წელს უფრო და უფრო უინტერესოა. ჩახვაძე პრეზიდენტმა ერთი რეპლიკით ისე დაადუმა, შეიძლება მომავალ წლამდე გონს ვერ მოვიდეს. მის შეცბუნებულ სახეს რომ ვუყურებდი, კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რა უგუნური გადაწყვეტილება მიიღო 2008 წელს ოპოზიციის ნაწილმა, როდესაც პარლამენტში არ შევიდა. ჩახვაძის ადგილზე არასაპარლამენტო ოპოზიციის ნებისმიერი ლიდერი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი ადეკვატურ პასუხს მიიღებდა.

არადა, რა ჰკითხა ასეთი პრეზიდენტმა ჩახვაძეს, ენა რომ ჩაუვარდა? ელიტურ კორუფციაზე რომ ლაპარაკობ, იქნებ დაასახელო ჩვენ შორის ვინ არის კორუმპირებულიო. სწორედ აქ დაება ენა ედპ-ის წევრს.

ოპოზიცია მაშინ პარლამენტში რომ შესულიყო, ჩახვაძე იქ ვერც მოხვდებოდა.

პრეზიდენტი კი ყოველ წელს ცდილობს დებატები ქართული დემოკრატიის გამოხატულებად გამოაცხადოს. წელს ის უფრო შორს წავიდა და სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს პირდაპირ მოსთხოვა, ბოლომდე დარჩით და ყველაფერი კარგად მოისმინეთო. სადღაც ვიღაცებს რომ უსმენთ, ისე კი არაა საქმე, სწორედ აქ ნახავთ ჩვენს დემოკრატიულობასო. მოკლედ, მიიღეთ ჩემგან დემოკრატიის გაკვეთილიო.

სააკაშვილის ასეთი საქციელი მოწმობს, რომ დიპლომატები მას დემოკრატიის ნაკლებობაზე მიუთითებენ და ახლა ის მათთვის საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს.

თუმცა საბოლოოდ დებატების ბოლომდე მხოლოდ ამერიკის ელჩმა გაძლო.

რაც შეეხება თავად პრეზიდენტის გამოსვლას, ვფიქრობ, მასზე შეჩერებაც არ ღირს, მხოლოდ პრეზიდენტის მიერ 2015 წლის რამდენჯერმე ხსენებას თუ გამოვყოფთ. მან ყველა პროექტის დასასრულად სწორედ 2015 წელი გამოაცხადა. ეს მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ იმ დროს, ის თუ არა, "ნაციონალური მოძრაობა" მაინც ისევ ხელისუფლებაში იქნება.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ პრეზიდენტის ორივე გამოსვლაში, მთავარ სიტყვაშიც და შემდგომ საპასუხო გამოსვლაში ცხადად იგრძნობოდა, რომ ყველაფრის ბატონ-პატრონია, რომ ეს დებატებიც მხოლოდ იმიტომ გაიმართა, რომ მისი კეთილი ნებაა, ოპოზიციის განვითარებასა და მისი კლასის ამაღლებაზეც კი ის ზრუნავს, ამიტომ როგორც კარგ მოსწავლეებს შიგადაშიგ, წასახალისებლად აქებს კიდეც. ყოჩაღ, კარგად კამათობთო. მოკლედ, ყველაფერი ისე ხდება, როგორც მას უნდა და ამ ქვეყანაში უახლოეს მომავალშიც ვერაფერი მოხდება ისეთი, რომელიც მის სურვილს არ დაემთხვევა.