"ისე ჩანს, რომ ეკონომიკა ჯანმრთელობას შევწირეთ" - კვირის პალიტრა

"ისე ჩანს, რომ ეკონომიკა ჯანმრთელობას შევწირეთ"

"ოპოზიციაშიც დაიწყო ინტერესთა ჭიდილი და არეულობა, რაც არაკორექტულ განცხადებებში გადაიზარდა. ეს კარგად გამოჩნდა გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატობაზე გაკეთებულ განცხადებებში თუ ალეკო ელისაშვილისა და სხვა ოპოზიციონერთა ურთიერთობაში"

საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად მომავალი საპარლამენტო არჩევნები განახლებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. არის თუ არა ეს განახლებული საარჩევნო კანონმდებლობა უკეთესი არჩევნების ჩატარების წინა პირობა და წარმატების რა შანსი აქვთ "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან:

- ხანგრძლივი და რთული პროცესი, როგორც იქნა, დასრულდა. შარშან დადებული პირობის შემოდგომაზე გადათქმა "ქართულ ოცნებას" ძალიან ძვირად დაუჯდა - მისი ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე შეილახა. ამ საკითხმა ისეთი ოპოზიციური ძალები დასხა ერთ მაგიდასთან, რომლებიც მანამდე ერთმანეთს ვერ იტანდნენ. ჩემი დაკვირვებით, ჩვენი საზოგადოების ფართო ფენებისთვის, სამწუხაროდ, აბსოლუტურად სულერთი იყო, როგორი სისტემით ჩატარდებოდა არჩევნები. ეს იმის ნიშანია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ვერ აუხსნეს საზოგადოებას ამ ცვლილებების მნიშვნელობა. არადა, საქართველოში საარჩევნო სისტემა განახლებას ითხოვდა და მიმაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის იდეალური მოდელი და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება საჭირო, რაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების შეფასებებშიც გამოჩნდა.

მოკლედ, მთელ ამ პროცესს ფონად გასდევდა ქართველი საზოგადოების აპათიური დამოკიდებულება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიურობა, რამაც დიდი როლი შეასრულა ამ გადაწყვეტილების მიღებაში. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც პარტნიორების ნაწილის დასკვნები არასწორად მიწოდებულ ინფორმაციას ეფუძნებოდა. აშკარად ჩანდა ლობისტური ორგანიზაციების მუშაობის გავლენაც, მაგრამ ამ პროცესსაც უნდა შევხედოთ საღი თვალით. ლობიზმი დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით, აშშ-ში.

ისე, ბოლოს პარადოქსული ვითარება კი შეიქმნა - ოპოზიცია მთელი წლის განმავლობაში ითხოვდა ამ ცვლილებების მიღებას, არადა, არ დაესწრო იმ სხდომებს, როდესაც გადაწყვეტილება მიიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ მათი ერთი მოთხოვნა არ შესრულდა, საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, უნდა მიეღოთ ამ პროცესში მონაწილეობა. რურუას საკითხი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ცვლილებების მიღება. მოკლედ, იმდენი ქნა ოპოზიციამ, ინიციატივა ისევ მმართველი პარტიის ხელში დატოვა. ოპოზიციაშიც დაიწყო ინტერესთა ჭიდილი და არეულობა, რაც არაკორექტულ განცხადებებში გადაიზარდა. ეს კარგად გამოჩნდა გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატობაზე გაკეთებულ განცხადებებში თუ ალეკო ელისაშვილისა და სხვა ოპოზიციონერთა ურთიერთობაში. მოვისმინეთ, გიგა ბოკერიამ და მან რა ეპითეტებით შეამკეს ერთმანეთი.

მოკლედ, ისე მოხდა, რომ ის თანხმობის მომენტი, რაც ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატში აშკარად დადებითად აღიქმებოდა, ვერ გამოიყენეს და ინიციატივაც, როგორც ვთქვი, ისევ ხელისუფლების ხელშია. აშკარაა, რომ საარჩევნოდ ოპოზიციაში თანამშრომლობა ძალიან გაჭირდება, მით უფრო, რომ წვრილ პარტიებს პარლამენტში შესასვლელად უნიკალური შანსი ეძლევათ - სულ ცოტა, 22 000 ხმა სჭირდებათ, რომ ერთი კაცი მაინც გაიყვანონ დეპუტატად.

- შეიძლება ითქვას, რომ 1%-იანი ბარიერის დაწესებით "ქართულმა ოცნებამ" ერთგვარად ხაფანგი დაუგო ოპოზიციას? - არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს ჩანაფიქრი ჰქონდათ. თუ ასეა, ეს ტაქტიკურ სვლად უნდა მივიჩნიოთ. თავის მხრივ, ამგვარი სვლები აქვს ოპოზიციასაც.

ვფიქრობ, დღეს "ქართულ ოცნებას" გამარჯვების გაცილებით მეტი შანსი აქვს, ვიდრე ოპოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ბევრი დაპირება ვერ შეასრულა, ვერ მოახერხა სამართლიანობის, ღირსების აღდგენა და ა.შ. თუმცა ვიმეორებ, უპირატესობა ისევ მის ხელშია, რადგან ოპოზიციაში დომინანტი ისევ ის ძალაა, რომელიც სწორედ სამართლიანობის ყველაზე დიდ დამრღვევად მიიჩნევა. საბოლოოდ ისევ მივიღეთ დაპირისპირება "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" და მის სატელიტებს შორის. მესამე ძლიერი ძალა, რომელიც ამ ორი დომინანტის დაპირისპირებაში ჩაერეოდა, არ ჩანს და ვეჭვობ, არჩევნებამდე გამოჩნდეს.

რაც შეეხება საგარეო მიმართულებას, აშკარაა, ლობისტები უაღრესად აქტიურად მუშაობენ და აქედან გამომდინარე, ხელისუფლების ნეგატიური იმიჯის განმტკიცება და მისი რუსეთთან მიბმის ცდა გრძელდება. ყოველთვის ვაკრიტიკებდი ხელისუფლებას იმის გამო, რომ თავის დროზე ლობისტებთან მუშაობაზე უარი თქვა.

- ეს იყო "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირველ წლებში. დღეს ვიცით, რომ მმართველი პარტია ლობისტურ კომპანიებს დიდ თანხებს უხდის. - გეთანხმებით, მაგრამ როდესაც ამაზე დაიწყეს ზრუნვა, სტრატეგია არასწორად შეარჩიეს. დიდი ლობისტური კომპანიების დაქირავებას სჯობდა პატარა კომპანიებზე აეღოთ ორიენტაცია, რომელთა კლიენტურა არ არის ფართო, მაგრამ ბევრად მონდომებული არიან და ბაზარზე თავის დამკვიდრებისთვის პირდაპირ ტყავიდან ძვრებიან. მსხვილი ლობისტური ჯგუფებისთვის საქართველოს ხელისუფლება არ არის მთავარი კლიენტი, რადგან უფრო დიდი დამკვეთები ჰყავთ, ვისგანაც გაცილებით დიდ ანაზღაურებას იღებენ. შესაბამისად, მათი მუშაობის ეფექტიც არ არის მაღალი.

- მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი პარტნიორებისგან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები პოზიტიურად შეფასდა, მაინც ჩნდება უცხოურ გამოცემებში სტატიები, სადაც უკიდურესად მწვავედ არის გაკრიტიკებული "ქართული ოცნების" ხელისუფლება. მაგალითად, გასულ კვირას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა მარკუეინ მალინმა გამოცემა "ჰილისთვის" დაწერილ სტატიაში საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს "რუსეთში გაწვრთნილი ოლიგარქი" უწოდა. მისი თქმით, ივანიშვილმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება არ შეასრულა და არც 8 მარტის შეთანხმების სრული იმპლემენტაცია მომხდარა. მალინი ასევე წერს, რომ "პუტინის მოკავშირე" საქართველოდან ამერიკული ბიზნესის "გასაძევებლად" მუშაობს, მაგალითად კი მოჰყავს კომპანია "ფრონტერა", რომელთანაც საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში ჰქონდა დავა და მოიგო კიდეც. - აშკარად ჩანს, რომ ივანიშვილის რუსეთთან დაკავშირებულ ოლიგარქად მოხსენიება ერთგვარ ტრენდად იქცა, რაშიც ლობისტური ჯგუფების მუშაობის შედეგი ჩანს.

ისიც თვალსაჩინოა, რომ ეს ქართული ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის ნაკარნახევია. ესენი ამ ტრენდის დამკვიდრებისთვის წლების განმავლობაში იბრძოდნენ. რაც შეეხება "ფრონტერას", ეს არის კომპანია, რომელმაც წააგო საერთაშორისო არბიტრაჟში საქმე და, ცოტა არ იყოს, გასაკვირია, მაინც ასე ჯიუტად რომ ახსენებენ. აი, ანაკლიის პორტის შესახებ ნამდვილად შეიძლება არსებობდეს კითხვები, თუმცა არა მგონია, ეს ხელჩასაჭიდი იყოს იმისთვის, რომ ქვეყნის ხელისუფლებას დააბრალო კრემლისთვის მუშაობა. მოკლედ, აშკარაა, რომ საქართველოდან ინფორმაცია ცალმხრივად, მიკერძოებულად მიდის. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, როგორ იქმნება წარმოდგენა ივანიშვილსა და ხელისუფლებაზე, რაც ნაწილობრივ თავად ხელისუფლების ბრალია. ის ვერ მუშაობს ეფექტიანად დასავლელ პარტნიორებთან, ვერ უხსნის ძალიან ბევრ ისეთ თემას, რისი ახსნაც, წესით, რთული არ უნდა იყოს. სხვათა შორის, ახლახან ამერიკულმა კომპანიამ ბათუმის პორტში სიმძლავრეები შეიძინა, ყაზახებისგან ტერმინალი იყიდა და 50-წლიანი იჯარა გადაიბარა, მაგრამ ამაზე რატომღაც არავინ ლაპარაკობს. არადა, მთავარ ბრალდებად გვესმის, საქართველოს ხელისუფლება ამერიკულ ინვესტიციებს ავიწროებსო.

ამასობაში მთელი ქართველი საზოგადოება პოლიტიკური სპექტრიანად იმის გარკვევაზეა გადასული, ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსი, რაც ძალიან დამღლელია. ამ დავის მიღმა იკარგება უმნიშვნელოვანესი დრო და ენერგია, რომელიც შეიძლება ქვეყნისთვის სასარგებლოდ გამოიყენონ.

- პანდემიასთან შედეგიანმა ბრძოლამ "ქართულ ოცნებას" საკმაოდ კარგი რეიტინგი შეუქმნა, თუმცა ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, რომელთან გამკლავებაც სწორედ მას ევალება. თქვენი აზრით, მოახერხებს "ქართული ოცნება" არჩევნებამდე რეიტინგის შენარჩუნებას? - თქვენი კითხვის ლოგიკიდან გამომდინარეც კარგად ჩანს, რომ "ქართულ ოცნებას" არჩევნების გადადება არ აწყობს. შესაბამისად, არ ველი პანდემიის მომიზეზებით საპარლამენტო არჩევნების გადავადებას. თუ რამ უბედურება არ მოხდა და არ იფეთქა ისევ ეპიდემიამ, ხელისუფლება მოწადინებული იქნება, დროულად ჩაატაროს არჩევნები.

რაც შეეხება ქვეყანაში ვითარებას, ისე ჩანს, რომ ჩვენი ეკონომიკა ჯანმრთელობას შევწირეთ.

თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ რადგან საქართველოში პანდემიის საფრთხე არ არის ძალიან აქტუალური, საზოგადოება ვერც აღიქვამს ამ საშიშროებას, არადა, ურთულესი ვითარებაა ჩვენს სამეზობლოში. ყოველდღიურად ვიღებ ინფორმაციას, რა საშინელი ვითარებაა ჩრდილოეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში...

ჩვენთან ეკონომიკური ვითარება მძიმეა, კიდევ დამძიმდება და ვფიქრობ, არ იყო სწორი ამხელა აქცენტის გაკეთება კრიზისული ვითარების დაძლევის გეგმაში ტურიზმზე. მეტიც, ბოლო წლებში ტურიზმზე დადებული ფსონით ბევრი დრო დავკარგეთ. არ ვიზრუნეთ ინდუსტრიული დარგების განვითარებაზე, შედეგად კი ვნახეთ, რომ დღეს ტურიზმი გაჩერდა და, ფაქტობრივად, გაჩერდა ჩვენი ეკონომიკაც. ჩვენ დღეს გვყავს დაუსაქმებელთა დიდი არმია და ეს, გარდა იმისა, რომ სოციალურ ვითარებას ამძიმებს, ფსიქოლოგიურადაც ურთულეს ფონს ქმნის. ფაქტია, უცებ წარმოება ვერ შეიქმნება, მაგრამ სწორედ ამისკენ უნდა ავიღოთ გეზი. კარგი ის არის, რომ სოფლის მეურნეობის ინტენსიური განვითარების სურვილი გაჩნდა, რაც ამ ვითარებაში ნამდვილად პატარა პლუსია. ძალიან ბევრი მოქალაქე დაუბრუნდა სოფელს და მიწების დამუშავება დაიწყო. ამას ხელის შეწყობა, სტიმულირება სჭირდება.

- დავუბრუნდეთ მომავალ არჩევნებს. საზოგადოება დიდი ინტერესით ელის მმართველი პარტიის საარჩევნო სიას. როგორც ამბობენ, მისი პირველი ნომერი გიორგი გახარიაა. - და ეს სწორი არჩევანი იქნება. ის დღეს პოზიციონირებს როგორც კარგი მენეჯერი, მიუხედავად ოპოზიციის მიერ 20 ივნისის გაუთავებლად წამოძახებისა. პანდემიის პერიოდში გამოჩნდა, რომ ის ძალიან სწრაფ და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. გახარიამ ბევრ საქმეს კარგად გაართვა თავი. მისი დამსახურებაა, რომ მთავრობა მუშაობს. რასაკვირველია, "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო გუნდის გადახალისება სჭირდება. იმედია, ისევ წინა არჩევნების მსგავსად არ მოიქცევიან, როდესაც მაჟორიტარულ ოლქებში დაასახელეს პირები, რომელთაც ჰქონდათ ფინანსური შესაძლებლობები და ნაკლებად კომპეტენცია. ვიცოდი, რომ გეგმავდნენ სამეგრელოს ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში გიორგი გახარიას წარდგენას, თუმცა როგორც ახლახან მითხრეს, იმ ოლქში თითქოს ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურას განიხილავენ. ვნახოთ, რა იქნება...

- "ეუთო/ოდირის რეკომენდაცია იყო კანონში ჩაგვეწერა რეგულაცია, რომელიც მაქსიმალურად შეზღუდავდა საარჩევნო პროცესში სიძულვილის ენის გამოყენებას. სამწუხაროდ, ვერ შედგა შეთანხმება, ვინაიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესმა ნაწილმა დააფიქსირა პოზიცია, რომ ეს შესაძლებელია აღქმულიყო როგორც გამოხატვის შეზღუდვა", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა. ამასთან, ბოლო დროს განუწყვეტლივ ისმის მმართველი პარტიის ფეიკინფორმაციის გავრცელების საწინააღმდეგო განცხადებები. არსებობს ვარაუდი, რომ ხელისუფლება შესაძლოა ამ მიმართულებით მართლაც ამზადებდეს რეგულაციებს. - არ ვიცი, ხელისუფლება რას აპირებს, მაგრამ, მაგალითად, საფრანგეთში არსებობს კანონი, რომელიც ითვალისწინებს არჩევნებთან დაკავშირებულ ფეიკნიუსებთან ბრძოლის მეთოდოლოგიას. მეც მგონია, რომ ის ლანძღვა-გინება და დეზინფორმაცია, რაც ქართულ მედიასივრცეში ვრცელდება, აუტანელია. არა გვაქვს მოქნილი კანონი, რომელიც ცილისწამებისთვის პირს თუ მედიასაშუალებას პასუხს აგებინებდა. ამიტომ საჭიროა შესაბამისი რეგულაციების შემოღება. საზოგადოებას ენგრევა ფსიქიკა, მომავალი თაობა ირყვნება და ამ ფეიკნიუსებსა და ლანძღვა-გინებას კიდევ ათასი უბედურება მოაქვს.

- ერთია საფრანგეთი, რომელიც განვითარებული დემოკრატიის ქვეყანაა და მეორე საქართველო, სადაც სულ არის საფრთხე, რომ ხელისუფლებას უფრო დიდ ძალაუფლებაზე წაუცდეს ხელი. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ ამგვარმა შეზღუდვებმა ხელისუფლებას განსხვავებული აზრის შეზღუდვისკენ უბიძგოს. - რასაკვირველია, ამის საფრთხე არსებობს. ძალაუფლების უზურპირების ერთ-ერთი საშუალება სწორედ მედიის გაჩუმებაა და ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რეგულაციები საჭიროა, მაგრამ არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება ეს ბოროტად გამოიყენოს. მე ერთ-ერთი ვიქნები, ვინც ამ მიმართულებით ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას ლუპით დააკვირდება.

- გასულ კვირას პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო და დაამტკიცა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში ქალთა კვოტირების საკითხი: 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება. - არ უნდა დაგვჭირვებოდა ამ საკითხის დაყენება. ქართველი ქალი ყველა სფეროში ორგანიზებული და პრაქტიკულია, მათ შორის პოლიტიკაშიც. ბოლო წლებმა ყველას თვალსაჩინოდ დაგვანახა, რომ ქალები გაცილებით მიზანსწრაფულები არიან, ვიდრე მამაკაცები. ამასთან, მათი შრომა უფრო ეფექტიანია. ამიტომაც არ უნდა დაგვჭირვებოდა კვოტირება, ეს ბუნებრივად უნდა მომხდარიყო. ბოლოს და ბოლოს, ეს ჩვენი ტრადიციაც არის - რომელ იმჟამინდელ პარლამენტში იყო იმდენი ქალი, რამდენიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტში. პარლამენტში რაც შეიძლება მეტი ქალი რომ იყოს, თუნდაც ნახევარი, მე მომხრე ვარ.

- მოგეხსენებათ, ევროკავშირმა საზღვარი იმ 15 ქვეყნისთვისაც გახსნა, რომლებიც ამ ზონას არ ეკუთვნიან, მათ შორის საქართველოც არის, თუმცა ჩვენი საზღვრები კვლავ დაკეტილია. ამასთან, ავიაკომპანია "ვიზიარმა" გააუქმა ქუთაისის ბაზა და, სულ ცოტა, ერთი წლით დაგვემშვიდობა.

- თუ ვითარება შეიცვალა, ეს ავიაკომპანია მალევე აღადგენს ფრენებს. "ვიზიარი" არის იაფფასიანი ავიაკომპანია, რომელსაც თავისი ინტერესები და გეგმები აქვს. მისი რენტაბელურობა დამოკიდებულია მგზავრთა ნაკადზე, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ბაზა გააუქმა.

საზღვრების გახსნას წინ არაფერი უდგას, მაგრამ ამას პანდემიის აფეთქება რომ მოჰყვეს, ეს საბოლოოდ დაანგრევს ქვეყანას. მესმის, რომ ეს შეზღუდვები ფსიქოლოგიურად დამთრგუნველია და ზოგიერთი ოპოზიციონერის ამ თემაზე ქილიკიც აბსოლუტურად უადგილოა. თუ გავხსენით საზღვრები, შემოვიდა ტურისტთა ნაკადები, ჩვენც წავედით და ამის შედეგად იფეთქა პანდემიამ, მაშინ ხომ ოპოზიცია ისევ ხელისუფლებას დაუწყებს გინებას.

ერთიც უნდა ვთქვა - ქვეყანაში არსებობს რეგულაციები, მაგრამ არის დარღვევის შემთხვევებიც და ამაზე მკაცრი პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას, არა მარტო დარგობრივ, არამედ რეგიონულ ხელმძღვანელებსაც. ამას წინათ ერთ-ერთ რეგიონში ისე იყო გაძეძგილი ავტობუსი, ნემსს ვერ ჩააგდებდი. რომელ დისტანცირებაზეა ლაპარაკი?!

თუ ვიცავთ სიფრთხილეს, ბოლომდე დავიცვათ.

- რუსეთში 1-ლ ივლისს დასრულებული საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგით პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 2036 წლამდე შეუძლია ხელისუფლებაში დარჩენა. რას მოასწავებს ეს რუსეთისთვის და როგორ შეიძლება აისახოს საქართველო-რუსეთის ისედაც რთულ ურთიერთობაზე?

- ჩვენ რუსეთში პუტინის ძალაუფლების გამყარებისა და გახანგრძლივების მომსწრე ვართ. ამ ქვეყანამ, ფაქტობრივად, მუდმივი პრეზიდენტი მიიღო. რუსული ოლიგარქიის ერთმა ნაწილმა სცადა ამ გადაწყვეტილებით თავის გადარჩენა. 7-8 ოლიგარქია, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ რეფერენდუმის შედეგი ასეთი ყოფილიყო. ამისთვის დიდძალი ფული დაიხარჯა, მაგრამ არის ოლიგარქიის მეორე ნაწილი, რომელსაც პოლიტიკური სურათის შეცვლა სურდა და მას რეფერენდუმის ეს შედეგი ნამდვილად არ გააჩერებს. კარგად რომ დავაკვირდეთ, პუტინი ოლიგარქიული სისტემის მძევლად გადაიქცა. ვნახოთ, ოლიგარქიული ჯგუფების დაპირისპირება რა შედეგს მოიტანს.

საქართველოსთვის კი, ვფიქრობ, არსებითად არაფერი შეიცვლება. რუსეთი არა მარტო ოკუპანტია, არამედ ჩვენი ქვეყნის მტრადაც ჩამოყალიბდა, რომელთანაც საერთო ენის გამონახვა ძალიან რთულია. ის პოლიტიკა, რასაც რუსეთთან ვაწარმოებთ, საჩვენოდ ეფექტიანი არ არის, თუმცა შეცვლის გზაც არ ჩანს.