"შეიძლება კვალი ისეთ პირთან მიდის, რომელსაც ხელშეუხებლობის გარანტია აქვს" - კვირის პალიტრა

"შეიძლება კვალი ისეთ პირთან მიდის, რომელსაც ხელშეუხებლობის გარანტია აქვს"

"გათვლილი ჰქონდათ, რომ მორალურად გამტეხდნენ და ეს იქნებოდა სამაგალითო დასჯა სხვებისთვისაც"

"ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების საქმეზე გამოძიება დამკვეთებზე ჯერ არ გასულა", - განაცხადა პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას კითხვის საპასუხოდ. "რაც დღემდე გამოძიებამ დაადგინა, ის არის, რომ ამ ვიდეოს გამავრცელებელს, რომელიც დღეს მსჯავრდადებულია, რუსეთიდან აქვს მიღებული დავალება. ის ახლა სომხეთის პენიტენციარულ დაწესებულებაში იმყოფება. დამკვეთებზე ამ მომენტისთვის გამოძიება გასული არ არის. ეს უაღრესად ცუდი პრაქტიკა ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში გავრცელდა, რაც ჩემთვისაც მიუღებელი და სამწუხარო ფაქტია", - განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ გახარიას საპარლამენტო ტრიბუნიდან ჰკითხა, თუ ვინ და რა მიზნით დაგეგმა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელება. რას ფიქრობს ეკა ბესელია ამ საქმის გამოძიებაზე, ამის შესახებ უფრო ვრცლად გვესაუბრება.

- წელიწად-ნახევარი გავიდა ამ ფაქტის შემდეგ და ისევ არა მაქვს პასუხი ჩემს მთავარ კითხვაზე, რატომ დაემთხვა ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირის გავრცელება იმ პერიოდს, როდესაც უმწვავესი კონფლიქტი მქონდა გუნდის წევრებთან მოსამართლეთა 10-კაციანი სიის გამო?

თავდაპირველად, სცადეს რამდენიმე პირის დაკავებით შეექმნათ დანაშაულის გახსნის იმიტაცია, მალე კი აღიარება მოუხდათ, რომ დაკავებული პირები არ იყვნენ დანაშაულის ორგანიზატორები. შემდეგ სცადეს ორგანიზატორად დაესახელებინათ პირი, რომელიც სხვა ქვეყნის საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება. ესეც სიცრუე იყო - გაირკვა, რომ დანაშაული უფრო ადრე მოხდა, ვიდრე ის ჩაერთვებოდა ამ რგოლში. ამ დრომდე არ არის მიღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის ბიუროს პასუხები. ეს ხომ ცხადყოფს, რომ საქმის გახსნის სურვილი არა აქვთ?

თუ შენიშნეთ, გახარია ჩემს შეკითხვაზე ძალიან დაიბნა. თქვა, რომ გამოძიება დანაშაულის მიზეზის ერთ-ერთ ვერსიად მოსამართლეების თემასაც განიხილავს. ჩემი აზრით, ეს ერთადერთი ვერსიაა. დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ ეს იყო შორს გამიზნული, ძალიან ვერაგი დანაშაული, რომელსაც ძალიან კონკრეტული მიზანი ჰქონდა. შეიძლება კვალი ისეთ პირთან მიდის, რომელსაც ხელშეუხებლობის გარანტია აქვს.

- როგორ გგონიათ, "ოცნების" მაღალი ეშელონების უნებართვოდ შეძლებდნენ ამის გაკეთებას? - ძნელია დაზუსტებით, მტკიცებულების გარეშე ამის თქმა. თუმცა მახსოვს ივანიშვილის სიტყვები... მაშინ, როდესაც მე კატეგორიულად მოვითხოვდი, მმართველ პარტიას არ დაეშვა შეუფერებელი მოსამართლეების არჩევა, მან მითხრა: "მე ვეღარ დაგიცავ". არ ვიცი, რა კონტექსტი ჰქონდა ამ სიტყვებს, მაგრამ ვფიქრობ, ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია.

- თქვენ პირადად ინტერესდებოდით გამოძიების დეტალებით... - ახლაც სულ ვრეკავ და ვკითხულობ ამბავს, მაგრამ პასუხი ყოველთვის ერთია - ჯერ სიახლე არაფერია. მგონი, ეგონათ, ვერ გავბედავდი ამ საქმეზე საჯაროდ საუბარს. გათვლილი ჰქონდათ, რომ მორალურად გამტეხდნენ, მიწასთან გამასწორებდნენ და ეს იქნებოდა სამაგალითო დასჯა სხვებისთვისაც, მე კი ამ ყველაფერმა საპირისპირო მოქმედების სურვილი გამიჩინა.

რამდენი დროც უნდა დამჭირდეს, კონკრეტულ პირებს მივაგნებ.

ხათუნა ბახტურიძე