გედევან ფოფხაძე: "არ არის გამორიცხული, ზოგიერთმა თავისი საყვარელი ან ნათესავები შემოიყვანოს პარლამენტში"
გედევან ფოფხაძე: "არ არის გამორიცხული, ზოგიერთმა თავისი საყვარელი ან ნათესავები შემოიყვანოს პარლამენტში"
"ქართულ ოცნებას" პოლიტიკოსი არც ქალი სჭირდება და არც კაცი, მხოლოდ პულტზე ხელის დამჭერები უნდა, ასეთი კი ისედაც ბევრი ჰყავს"

ოპოზიციონერი ლიდერები ხელისუფლების საუბარს ქალთა უფლებებზე ფარისევლობად მიიჩნევენ, ქალთა კვოტირებას კი ფასონურ ცვლილებას უწოდებენ. ცნობისთვის: პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შეიტანა ცვლილება - 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც განსხვავებული სქესის იქნება, ხოლო 2028-დან 2032 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტია
ვალდებული იქნება ცესკოსთვის წარდგენილ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც იყოს განსხვავებული სქესის. გვესაუბრება ოპოზიციონერი ლიდერი გედევან ფოფხაძე:

- "ქართული ოცნება" სპეცეფექტებით ცდილობს საერთაშორისო საზოგადოებრიობის მოხიბვლას - უნდა ეს ცვლილება საარჩევნო კანონში დემოკრატიულ ცვლილებად მიასაღოს. ქალთა კვოტირება შეიძლება ვინმემ მართლა დემოკრატიულ ნაბიჯად ჩათვალოს, თუმცა მინდა
შეგახსენოთ მეზობელი ქვეყნის მაგალითები, სადაც არჩევნების შემდეგ ქალები ერთიმეორის მიყოლებით ტოვებდნენ სიას.

- რომელი ქვეყნის მაგალითს გულისხმობთ?
- სომხეთის ან აზერბაიჯანის, ზუსტად არ მახსოვს. არ არის გამორიცხული, ზოგიერთმა თავისი საყვარელი ან ნათესავები შემოიყვანოს პარლამენტში და შემდეგ მათი ფუნქცია პულტზე ხელის დაჭერით შემოიფარგლოს.

"ქართულ ოცნებას" პოლიტიკოსი არც ქალი სჭირდება და არც კაცი, მხოლოდ პულტზე ხელის დამჭერები უნდა, ასეთი კი ისედაც ბევრი ჰყავს. პოლიტიკოსს ხალხის მსახურების საშუალება უნდა ჰქონდეს და არა სააკაშვილის ან ივანიშვილის. დღეს "ოცნებაში" ყველა, ქალი თუ კაცი, ლიდერს ემსახურება.

თუ გვინდა ქალების ინტელექტი მართლაც იყოს ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ქალებად და კაცებად კი არ დავყოთ პოლიტიკური სპექტრი, გარემო უნდა გავაუმჯობესოთ, ძალოვანებისა და ფინანსური ჯგუფების მონაწილეობა უნდა დავამთავროთ, ფულის ტომრებმა" არ უნდა განსაზღვრონ, ვინ იქნება პოლიტიკაში.

თუ ვიღაც ფულით ყიდულობს ამომრჩეველს და განსაზღვრავს, ვინ უნდა შევიდეს პარლამენტში, იმას არც ქალი აინტერესებს და არც კაცი, ის თავის მონას დაგისვამს პარლამენტში. ეს არჩევნები ქართველ ხალხთან გარიგება იქნება - ერთადერთი გარიგება პოლიტიკოსებსა და ქართველ ხალხს შორის უნდა მოხდეს. ვინც მათ შორის ჩადგება, მას ქართველმა ხალხმა უნდა გადაუაროს. ეს იქნება სწორი გზავნილი ამ არჩევნებზე.

თუ "ოცნებას" მართლა უნდა საარჩევნო კანონში დემოკრატიული ცვლილებების შეტანა, ისეთი ინიციატივა შემოგვთავაზოს, რომელიც ამომრჩეველს გარანტიას მისცემს, რომ მასზე ზეწოლა არ იქნება.

- ფიქრობთ, რომ ზეწოლა იქნება?
- რა თქმა უნდა, ამის ნათელი მაგალითი "ოცნებამ" საპრეზიდენტო არჩევნებზეც გვაჩვენა. ია კერძაიას საქმეს შეგახსენებთ. ქალბატონი იას გარდაცვალება პერსონალურად განვიცადე, იმიტომ, რომ მისი შვილი ბაჩანა ჩემი მეგობარია.

- მაშინ თქვენ ისევ "ქართული ოცნების" გუნდში იყავით და ამბობდით, რომ თეა წულუკიანისთვის ნასროლ ქვას წინ დაუდგებოდით. დღეს ბაჩანა შენგელია სწორედ თეა წულუკიანს ადანაშაულებს მისი სამსახურიდან Gგათავისუფლების გამო.
- თეა წულუკიანისთვის ნასროლ ქვას ახლაც წინ დავუდგები. ის ჩემი მეგობარია, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი საქმე და სამშობლო. უბრალოდ, ახლა არასწორ ადგილზეა. ყველას რაღაც გვეშლება.

ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ჩრდილოვან კაბინეტში იუსტიციის მინისტრად ისევ თეა წულუკიანს დავასახელებდი. ის ბევრად მეტს გააკეთებს ჩვენს გუნდში, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში აკეთებს.

- დარწმუნებული ხართ, რომ ისიც ასე ფიქრობს?
- არ ვიცი, ის რას ფიქრობს, მე ჩემს სიტყვებზე ვაგებ პასუხს. ის ჩემი მეგობარი იყო და ყოველთვის ასე იქნება.
რაც შეეხება "ქართულ ოცნებაში" ჩემი ყოფნის პერიოდში მომხდარ ძალადობას, დიახ, მე მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას გამოვხატავდი ზეწოლასა და ტერორზე. მაშინ სალომე ზურაბიშვილს ვუჭერდი მხარს, ბორჯომში ვიყავი, მაგრამ აზრადაც არ მომსვლია ის ხალხი დამეშინებინა, ვინც ზურაბიშვილს არ უჭერდა მხარს. დავდიოდი სოფელ-სოფელ და ვთხოვდი, "ნაციონალების" რევანში არ დავუშვათ-მეთქი.

- როგორ გგონიათ, "ნაციონალების" რევანშის შიშით ამჯერადაც დაიჭერს "ოცნება" ამომრჩეველს?
- კი. მაგალითად, მე ვეკუთვნი იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც ამბობენ, "ნაციონალებს" ისევ "ოცნება" მირჩევნიაო. ჩემთვის "ნაციონალური მოძრაობაც" მიუღებელია და ის პოლიტიკური მოცემულობაც, რაც ნათელაშვილის ოფისში შეიქმნა.

ერთობა არ არის სიმრავლე, ერთობაში იგულისხმება აზრების, პოზიციებისა და იდეოლოგიის თანხვედრა. ჩვენი ერთობა მხოლოდ ქართველ ხალხთან იქნება.

ხათუნა ბახტურიძე
george george
14 ივლისი 2020 17:11
ნეტაი შენა! ან ვის დაჰკარგვიხარ, ან ვის აინტერესბ! ბიძინამ მოგიყვანათ და ახლა კეხი შეუტრიალეთ! სულ ეგა ხართ შენც და შენი დამქაშებიც!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები