"ძალიან მომრავლდნენ პრორუსული განწყობის პარტიები და..." - რომელ პოლიტიკურ ძალებს დაეყრდნობა კრემლი საქართველოში?! - კვირის პალიტრა

"ძალიან მომრავლდნენ პრორუსული განწყობის პარტიები და..." - რომელ პოლიტიკურ ძალებს დაეყრდნობა კრემლი საქართველოში?!

ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავაც აგრძელებენ ერთმანეთის პრორუსულობაში დადანაშაულებას და მტკიცებას, რომ თავად წარმოადგენენ პროდასავლურ ძალას. ამასთან, უკვე დაიწყეს ერთმანეთის დადანაშაულება ფეიკნიუსების გავრცელებასა და სიცრუის ტირაჟირებაში.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთბრალდებებისა და ფეიკნიუსებით ბრძოლის შესახებ "კვირის პალიტრა" უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს, ლევან ბოძაშვილს ესაუბრა:

- მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეა, პროპაგანდისტული მითი, რომ რუსეთთან ურთიერთობის "დალაგებით" საქართველოს ეშველება, კვლავაც ბევრია. ეს ე.წ. ყალბ საინფორმაციო მასალებშიც აისახება. აქ მთავარია შემდეგი განმსაზღვრელი ფაქტორი - არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარების ბერკეტი მხოლოდ დასავლურ ინსტიტუციებს აქვთ - ეუთოს, ევროკავშირსა და აშშ-ს. ამიტომ ოპოზიციური ძალების ნაწილი ცდილობს პრორუსულობის იარლიყი ხელისუფლებას მიაკეროს, რაც შეიძლება დამაჯერებელი სწორედ დასავლეთისთვის იყოს. მეორე მხრივ, ბოლო წლის განმავლობაში ხელისუფლების ნაბიჯებმა ასეთი არაერთი ეჭვის საფუძველი გააჩინა. თუმცა მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტიცაა, თუ რა ფაქტორებს აქვთ გავლენა ანტიდასავლური განწყობის ზრდაზე? უპირველესად იმ პოლიტიკური პარტიების ნეგატიურ აღქმადობას საზოგადოების თვალში, რომლებიც, ერთი მხრივ, ულტრაპროდასავლურ ძალად წარმოაჩენენ საკუთარ თავს, დასავლეთისთვის მუდმივად "ჩვენი ბიჭის" როლის მტკიცებაში არიან და ამავე დროს სწორედ ანტიდასავლურ პროპაგანდას უწყობენ ხელს. ზოგიერთი პარტიის მიერ საკუთარი თავის შეთავაზება იმდენად ინტენსიურია, რომ ეროვნული სუვერენიტეტის ფარგლებსაც ივიწყებენ. ბუნებრივია, ამას ხედავს მოსახლეობა და ანტაგონიზმიც უჩნდება. ამიტომ უნდათ თუ არა, პარტიები ირიბად სწორედ ანტიდასავლურ განწყობას აღვივებენ. სწორედ ეს არის მთავარი გამოწვევა.

- ასეთი პოლიტიკური ბრალდებების მიზანი რა არის?

- ამომრჩევლის ყურადღება. ცდილობენ ამომრჩევლის კონცენტრაცია პარტიების პოლიტიკური შესაძლებლობებიდან ორიენტაციაზე გადაიტანონ. ეს ამომრჩევლის მოტყუებაა. რაც შეეხება ხელისუფლებას, მმართველი გუნდი ოპოზიციის ბრალდებებზე სათანადოდ ვერ რეაგირებს, მუდმივად თავს იმართლებს და იმისთვის, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელში ეს ბრალდებები არ დაიჯერონ, ცდილობს "რომის პაპზე უფრო კათოლიკე" გამოჩნდეს. საშინაო პოლიტიკა საგარეო პოლიტიკისა და ფაქტორების უფრო დიდი მძევალი ხდება, რის გამოც საქართველოს მოქალაქეს სრულფასოვანი არჩევნის საშუალება ეზღუდება.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად