"აშშ-ის დახმარების 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე..." - რა წერია წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტში? - კვირის პალიტრა

"აშშ-ის დახმარების 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე..." - რა წერია წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტში?

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით.

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აქტით გათვალისწინებული არანაირი დახმარება არ იქნება გამოყოფილი იმ ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლებისთვის, რომელიც სახელმწიფო მდივნის მიერ განისაზღვრება როგორც ქვეყანა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებს აღიარებს ან მათთან დიპლომატიურ კავშირებს ამყარებს.

იხილეთ ასევე: "ასეთი პრეცედენტი უახლეს ისტორიაში ნამდვილად არ ყოფილა" - რას ამბობს გია ხუხაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტზე?

"ინტერპრესნიუსი"