"ასეთი პრეცედენტი უახლეს ისტორიაში ნამდვილად არ ყოფილა" - რას ამბობს გია ხუხაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტზე? - კვირის პალიტრა

"ასეთი პრეცედენტი უახლეს ისტორიაში ნამდვილად არ ყოფილა" - რას ამბობს გია ხუხაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტზე?

ეს არის გარკვეული ქმედება, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა. ეს არის ქმედება, რომელიც უფრო გაფრთხილებისთვის არის განკუთვნილი, ვიდრე დასჯისთვის, - ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი.

როგორც ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამერიკული ელიტა თავისი პარტნიორის სტიმულირების ეტაპიდან გადავიდა პარტნიორის იძულების ეტაპზე.

"ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, ეს ტენდენცია დიდი ხანია ვითარდება. თვეების განმავლობაში დასავლეთიდან ნეგატიური განცხადებებს და გზავნილებს ვხედავთ. დღეს უკვე ამ აქტით შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული ელიტა თავისი პარტნიორის სტიმულირების ეტაპიდან გადავიდა პარტნიორის იძულების ეტაპზე, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ასეთი პრეცედენტი უახლეს ისტორიაში ნამდვილად არ ყოფილა. სტიმულირებიდან გადასვლა იძულებაზე ნიშნავს მკვეთრად გაუარესებას დამოკიდებულებების და ეს არის ძალიან სამწუხარო, შემაშფოთებელი, თუმცა სახელმწიფოებრივად, როგორც ჩანს, საჭირო. იგივე იძულების პოლიტიკა იქნა გამოყენებული საარჩევნო კონდექსთთან დაკავშირებით. მაგრამ თუ ამ შემთხვევაში იძულება იყო რიტორიკული და უფრო მუქარითი ხასიათის, ახლა უკვე ფორმალიზება ხდება. არ გამოვრიცხავ, ისეთი ბრიყვები არიან "ქართულ ოცნებაში", თქვან რომ "რა მოხდა 15% არც თუ ისე დიდი თანხააო". აქ თანხის ოდენობაზე არაა საუბარი, ეს პოლიტიკურად არის შემაშფოთებელი აქტი და არა იმდენად ფინანსურად დამაზარალებელი, რამდენადაც პოლიტიკურად უპრეცედენტო," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, გამოსავალი არის ის, რომ ხელისუფლება დაუბრუნდეს კალაპოტს, რასაც ჰქვია დემოკრატიული განვითარება.

"ეს პროცესი მიმდინარეობდა ერთი წლის განმავლობაში. ტონი და ტონალობა სულ უფრო ხისტი ხდებოდა. ხელისუფლება დიდხანს ჯიუტობდა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. თუ ჩვენ სააკაშვილის დროს შეგვეძლო გვესაუბრა მხოლოდ ელიტურ კორუფციაზე, ახლა მეტასტაზებივით მოედო მთელ სისტემას და ამას ამერიკელები კარგად ხედავენ. გამოსავალი არის ის, რომ ხელისუფლება დაუბრუნდეს კალაპოტს, რასაც ჰქვია დემოკრატიული განვითარება," - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.

"ინტერპრესნიუსი"