"სააკაშვილის განცხადება არ დარჩება რეაგირების გარეშე, ამაზე პასუხი მოეთხოვება უკრაინას" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის განცხადება არ დარჩება რეაგირების გარეშე, ამაზე პასუხი მოეთხოვება უკრაინას"

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება რეაგირების გარეშე არ დარჩება და ამაზე პასუხი უკრაინას მოეთხოვება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მძიმეა იმის მოსმენა, რომ უკრაინის საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს.

"არავის გაკვირვებია სააკაშვილის მორიგი სამარცხვინო პროპაგანდა და ტყუილებით გაჯერებული განცხადება, პოლიტიკური ბაქი-ბუქი, ეს არავის გაკვირვებია, ის არის პოლიტიკური დამნაშავე თავისი ქვეყნის წინაშე და ძებნილია ქართული მართლმსაჯულების მხრიდან, მაგრამ ეს არის ერთი ნაწილი და ამას საზოგადოება კარგად ხედავს. მაგრამ მეორე საყურადღებო თემაა, რომ ის წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლებას. ის არის უკრაინის საჯარო მოხელე, შესაბამისად, მისი ეს განცხადება, როდესაც ის ამ ქვეყნის ლეგიტიმაციაზე საუბრობს, თავისთავად ცხადია, არ დარჩება რეაგირების გარეშე, ამაზე პასუხი მოეთხოვება უკრაინას.

ჩვენი სახელმწიფოსთვის თემა არის ის, რომ უკრაინის საჯარო მოხელე ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში და მათ შორის მძიმეა იმის მოსმენა, როდესაც უკრაინის საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს. თავისთავად ცხადია, ამაზე სახელმწიფოს ექნება რეაგირება",- განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა.

"მე არ ვცნობ არც ერთი წამით მის კანონიერებას და არ ვცნობ არც ერთი წამით კანონიერებას ამ სიტუაციის, რომელიც არის საქართველოში. ეს არის უკანონო სიტუაცია",- განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"