"ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსის გამო ხდება, რომ უცხოელი პარტნიორები ჩათრეული იყვნენ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში" - კვირის პალიტრა

"ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსის გამო ხდება, რომ უცხოელი პარტნიორები ჩათრეული იყვნენ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში"

ეს არის მცდელობა შიდაპოლიტიკურ კონტექსტში ჩვენი საერთაშორისო პარტიორების ჩართვის, რაც ჩვენთვის გასაგებია, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საურისას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელშიც საქართველოს შესახებაცაა საუბარი.

მისივე თქმით, საქართველოს პროგრესს საფრთხე არ ემუქრება.

"მოგეხსენებათ, რომ ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც ჩამოთვლილია იქ, ქვეყანა ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან. როგორც ჩანს, ის შიდა წინასაარჩევნო, პოლიტიკური მაღალი ტემპერატურა, შიდა პოლიტიკური დაძაბულობა გარეთაც გადის. მოგეხსენებათ, რომ ასეთი ბევრი შემთხვევა იყო, ზუსტად მსგავსი ინტერპრეტაციები მახსოვს, როცა საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ამ ცვლილების მიღების შემდგომ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი. მათ ძალიან კარგად დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს. რა თქმა უნდა, ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები, რომელიც უნდა ჩავატაროთ დემოკრატიულად, სრულად, გახსნილად, ღიად და კონკურენტულ გარემოში, რასაც რა თქმა უნდა, გავაკეთებთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები არიან საქართველოს ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები.

"თითოეული მათი მხრიდან ნათქვამი გამოხატული საკითხი, ჩვენთვის არის ყურადსაღები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ზუსტად ასე იყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ამიტომ პროცესია ეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი ვაიპოლიტიკოსის გამო ხდება ისე, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩათრეულები ამ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში. ეს არის ცუდი, საბოლოოდ ეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არ ვნებს, საბლოოო ჯამში, ეს ვნებს ქვეყანას. ამიტომ ყველანი უნდა დავწყნარდეთ დავმშვიდდეთ, უნდა გვესმოდეს ყველას რომ კარგად ჩატარებული არჩვნები, ეს ყველასი ჩვენი საერთო მიზანია. ყველამ ერთად ღირსეულად უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები," - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, "ქართული ოცნებისთვის" სიგნალი არის ის შეფასებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით საერთაშორისო პლატფორმებზე გაკეთებულა, მათ შორის ამერიკის შტატების მხრიდან.

"ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანა ის კი არაა ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე ერთი ამბავი ავტეხოთ, ეს უნდა მოვისმინოთ და გავაგრძელოთ დემოკრატიზაციის პროცესი ისე როგორც ვაკეთებდით. საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება, ისევე როგორც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას," - განაცხადა პრემიერმა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს შესახებაცაა საუბარი. კერძოდ, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ხაზგასმულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.

"ინტერპრესნიუსი"