"როცა მიშას შევხვდი, ძალიან გაუკვირდა და მითხრა, შენ რა დედა ტერეზასავით იქცევიო... მე ყველას შევუნდე" - კვირის პალიტრა

"როცა მიშას შევხვდი, ძალიან გაუკვირდა და მითხრა, შენ რა დედა ტერეზასავით იქცევიო... მე ყველას შევუნდე"

"მე ყველას შევუნდე, ჩემს თანამშრომელ პოლიციელებსაც კი, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ ჩვენებებს იძლეოდნენ"

ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს. მათი საუბარი გაიმართა 6 ივლისს, "სკაიპის" მეშვეობით. ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა 9 ივლისს, გვიან საღამოს, დიმიტრი გორდონის ვებ-გვერდზე, "იუთუბ-არხის" მეშვეობით. ინტერვიუ ერთ საათსა და ათ წუთს გაგრძელდა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

დიმიტრი გორდონი: ვანო, მე მინდა გკითხოთ იმ ცნობილ ვიდეორგოლზე ქართული საპყრობილედან, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა. მასში ჩანს, თუ როგორ აწამებენ პატიმრებს ცოცხით... და ა.შ. მითხარით, ეს სინამდვილეა თუ რაღაც "ფეიკი"?

ვანო მერაბიშვილი: ის, რაც თქვენ ცოცხთან დაკავშირებით თქვით, ეს "ფეიკია". თუმცა სამწუხაროდ, იქ მართლაც რეალურად ხდებოდა იმ კადრების მსგავსი ამბები. ეს ხდებოდა მაშინ, როცა პატიმრებს კამერების მიხედვით ანაწილებდნენ. ხდებოდა ფიზიკური შეხებები. დიახ, სამწუხაროდ, დაშვებული იყო ძალიან სერიოზული შეცდომები. ჩვენთანაც, პოლიციაშიც ჰქონდა ადგილი მსგავს სერიოზულ შეცდომებს. იცით, მე თავს არ ვიმართლებ. რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო გონიერები უნდა ვყოფილიყავით, უფრო მოწიფულები... ჩვენ სახელმწიფოს წინაშე მეტი პასუხისმგებლობა უნდა გვქონოდა. იმავდროულად, ჩვენ თავიდან ვერ ავიცილეთ ისეთი ადამიანების ხელისუფლებაში მოსვლა, როგორებსაც დღეს ვხედავთ. სამწუხაროდ, ამ ადამიანებმა საქართველოში რეფორმები შეაჩერეს. 2012 წლიდან ჩვენთან რეფორმების გატარებაში პაუზაა. არაფერი არ შეცვლილა - არც ინფრასტრუქტურაში, არც სახელმწიფოს განვითარებაში... აი, მაგალითად, ერთ რამეს გეტყვით: დღეს პოლიციელს იგივე ხელფასი აქვს, რაც 2012 წელს ჰქონდა. უფრო სწორად, მათი ხელფასი შემცირდა, რადგან ლარის კურსი დაეცა.

დიმიტრი გორდონი: რასაც თქვენ ამბობთ, იმას გავაგრძელებ - ორიოდე წლის წინათ თბილისის ფეშენებელურ რესტორანში ყოფილ მინისტრებთან ერთად ვიჯექი. ჩვენს მეზობლად სპორტსმენებიც ისხდნენ. უეცრად ისეთი ჩხუბი ატყდა, რომ ჰაერში სკამები და მაგიდები დაფრინავდნენ. გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც ძალიან დააგვიანა. სპორტსმენები უკვე დაწყნარებულები იყვნენ. ანუ უკუსვლა ნამდვილად არის... ვანო მერაბიშვილი: დიახ, მსგავს ფაქტს მე ახლახან ჩემს სახლთანაც შევესწარი - პოლიციელები უყურებენ, თუ როგორც ჩხუბობენ და თითსაც არ ანძრევდნენ. სამწუხაროდ, საქართველოში, როგორც ჩანს, ნათლიმამობა დაბრუნდა. პატრულს პატივს აღარ სცემენ. მე მგონია, რომ იმ თქვენს რესტორანშიც პოლიციამ განგებ, უპასუხისმგებლოდ დააგვიანა... იცით, ჩვენს დროს პარლამენტის წევრიც კი ვერ ბედავდა კანონის დარღვევას. ვერავინ ვერსად ვერ ბედავდა ტელეფონით დარეკვას დახმარების სათხოვნელად. სამწუხაროდ, დღეს სრულიად სხვაგვარად არის საქმე. ადრე პოლიციელს და პატრულს ენდობოდნენ, პატივს სცემდნენ... როცა ჩვენ ათი ათასობით პოლიციელი უცებ გავათავისუფლეთ, გავითვალისწინეთ, რომ ხმები მოგვაკლდებოდა, მაგრამ რეფორმა მაინც გავატარეთ". ------------

ვანო მერაბიშვილი თავს უსამართლოდ რეპრესირებულად მიიჩნევს. ჰყვება, თუ როგორ გაატარა პატიმრობა, როგორ იკვებებოდა.

"ყველაფერი თითქმის ნორმალური იყო, მე არაფერს არ ვჩივი... ბევრს ვკითხულობდი სამეცნიერო ლიტერატურას. სასოწარკვეთილი არ ვყოფილვარ. ციხეში გატარებული წლები შეიძლება ორგვარად შევაფასოთ - ზოგისთვის ცხოვრების დაკარგული წლებია, ზოგისთვის არა. მე რომ არჩევანი მქონოდა - ეთქვათ, წადი და კარგად იცხოვრეო, ჩემს ცხოვრებას მაინც არ შევცვლიდი.

მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას ყოველდღიურად თვალს ვადევნებ, რამდენჯერმე შევხვდი უკრაინაში კიდეც. მე თვითონ ახლა უკრაინაში ვერ ჩამოვალ, საქართველოში ბევრი საქმე მაქვს. ბედნიერი კაცი ვარ, ბედმა გამიღიმა - ძალიან საინტერესო დროში ვიცხოვრე და ვცხოვრობ... როცა მიშას შევხვდი, მას ძალიან გაუკვირდა და მითხრა, შენ რა დედა ტერეზასავით იქცევიო... იცით, მე ყველას შევუნდე, ჩემს თანამშრომელ პოლიციელებსაც კი, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ ჩვენებებს იძლეოდნენ. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, ალბათ, ფსიქოლოგიური განწყობის შედეგია. უკან რომ ვიხედები, ჩემს მიერ გაკეთებულ სერიოზულ კარგ საქმეებს ვხედავ, მაგალითად, ჩემს რაიონში ძველი ციხე აღვადგინე. ეს საქმე ერთგვარი ძეგლია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დარჩება... ასევე მინდა ვთქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაზეც. თუ ვინმე რამეს გაიხსენებს, ალბათ, ჩემზეც იტყვის რაღაცას. მომავალი მინისტრებისთვის, სამწუხაროდ, მე მითიურ სიმბოლოდ დავრჩები - ყველას ეგონება, რომ მე ისევ იმ შენობაში ვარ და ყველა დაიწყებს შედარებებს - როგორი იყო მუშაობა ჩვენს დროში და როგორია დღეს. ალბათ, ყველას მოეჩვენება, რომ იმ დროს უკეთესად ვმუშაობდით. დღეს ბევრი მითი ვრცელდება, თუმცა პოლიციელებს კარგად ახსოვთ [რეალობა]. განა რა უნდა ისურვო იმაზე მეტი, თუ შენ საინტერესოდ ცხოვრობდი?". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ