"რა ვქნა, კაცო, ამ ჩემს პარტიაში არ უნდა ქალებს მოსვლა, გამარჯვების შანსი რომ აქვს, იქ მიდიენ და მე სა ვეძიო ახლა ქალები?"
"რა ვქნა, კაცო, ამ ჩემს პარტიაში არ უნდა ქალებს მოსვლა, გამარჯვების შანსი რომ აქვს, იქ მიდიენ და მე სა ვეძიო ახლა ქალები?"
"ჰგონიათ, სულ იქნებიან და ასე შეინარჩუნებენ ხელისუფლებას? გონია, ესენი მე-19 საუკუნეში არიენ ჩარჩენილები, რაის 21-ე?"

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაის ჯერ საბოლოოდ არ გადაუწყვიტავს, თუმცა ფიქრობს, ოქტომბერში მშობლიურ ქუთაისში მაჟორიტარად იყაროს კენჭი. დარწმუნებულია, რომ სერიოზულ სიტყვას იტყვის 20/20-ის არჩევნებში, რომლის შედეგადაც მრავალფეროვან, 12-13 პარტიით დაკომპლექტებულ პარლამენტს მივიღებთ ცოცხალი და საქმიანი, ზოგჯერ თუნდაც ჩხუბში გადაზრდილი დებატებით.

- ბატონო გოგი, ჯერ ის მითხარით, ჯარიმები თუ გადაიხადეთ? იანვრიდან 4-ჯერ დაჯარიმდით, ეპიდემიის დროსაც კი...
- არა, არ გადამიხდია, ყველა გადაწყვეტილება გასაჩივრებული მაქვს და შედეგს ვუცდი. მეორეც, არც ვაპირებ გადახდას, ვინაიდან მიმაჩნია, რომ როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები იმავე დანაშაულს სჩადიან და არ ჯარიმდებიან, მათ არ აქვთ მორალური უფლება მე, ან ნებისმიერი სხვა დააჯარიმონ. თან არც ხელფასი მაქვს, არც - ბიზნესი, ასე
რომ, ჯარიმების ამოღების შანსი ნაკლები აქვთ.

- კონსტიტუციის საბოლოო რედაქციით, 20/20 არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული წესით ჩატარდება, რაც მისასალმებელია. მრავალფეროვანი პარლამენტი გვეყოლება, სავარაუდოდ...
- ამ ქვეყნისთვის უკეთესია არჩევნების პროპორციული, ვიდრე მაჟორიტარული სისტემით ჩატარება. კარგია, რომ გაკეთდა 120/30-ზე, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, პარლამენტში არ შეიქმნას რომელიმე ერთი პარტიის უმრავლესობა. ვთვლი, რომ ბარიერის 1%-ზე ჩამოყვანა ამომრჩეველს მისცემს საშუალებას, რომ ბევრ პარტიაზე გაკეთდეს არჩევანი. ჩემი აზრით, ამ ახალ პარლამენტში 12-13 პარტია შევა, რაც მას მრავალფეროვანს გახდის - უფრო ცოცხალი და საქმიანი დებატები იქნება, თუნდაც ჩხუბში გადაზრდილი და ამაში საქართველო არაა პირველი, მინახავს ისრაელის, იაპონიის, ინგლისისა და სხვა პარლამენტებში ჩხუბი. იმას კი არ ვამბობ, რომ ჩხუბი კარგია... ვფიქრობ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონები, თუნდაც ისეთი, როგორიც ახლა შემოიტანეს, ასე ნაჩქარევად, ერთი დღის მოსმენით კი არ უნდა მიიღებოდეს, არამედ ცხოველი დებატების შედეგად, როგორც პარლამენტს შიგნით, ისე მის გარეთ. არც ერთი კანონი კომპრომისის გარეშე არ უნდა მიიღებოდეს, როცა კომპრომისზე მიდის ორივე მხარე – უმრავლესობაც, უმცირესობაც. ვთვლი, რომ 20/20-ის პარლამენტი იქნება ზუსტად ასეთი. მართალია, ისეთი არ იქნება, დედა, ეს რა ვნახეო და ევროპელებს ვერ გავაკვირვებთ ჩვენი პარლამენტით, მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯი ნამდვილად იქნება.

- კანონები ახსენეთ და, რას უკავშირებთ ამ წინასაარჩევნოდ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებას, მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილების გაზრდას რომ ითვალისწინებს?
- ესაა ცენზურის დაწესება მედიაზე. ეს ნიშნავს ერთ რამეს, რომ ამ ქართულ პოლიტიკაში კიდევ ვერ გაიგენ ბერნარდ შოუს სიტყვები: "ისტორიის გაკვეთილები პირველ რიგში ისაა, რომ ადამიანები ვერ სწავლობენ ისტორიის გაკვეთილებს". ამ ადამიანებმა ვერ ისწავლენ ისტორიის გაკვეთილები. მაგ. ის, რომ სსრკ-ში, სადაც ცენზურა იყო ზენიტში აყვანილი, საზღვრები იყო ჩაკეტილი, არც ინტერნეტი და სოცგვერდები არსებობდა, ადამიანებთან მაინც აღწევდა ინფორმაციები და მაინც მოხდა ის, რომ კომუნისტური ხელისუფლება შეიცვალა. ე.ი. ცენზურამ შეიძლება დროში გაგატანინოს რაღაცა, მაგრამ საბოლოო გამარჯვებამდე ის ვერ მიგიყვანს. ესენი თვლიან, რომ ამით მიაღწევენ და შეინარჩუნებენ ხელისუფლებას, აბა სხვა რაში სჭირდებათ კანონის შეცვლა? რას ცდილობენ, იცით? წინასაარჩევნოდ უნდათ მედიის შეზღუდვა და მერეც, არჩევნები რომ დამთავრდება, ქუჩაში რომ გამოვიდეთ და დაიწყოს საპროტესტო მოწოდებები, იმის განხილვები, რომელ უბანზე რა გაყალბდა, ამ დროს ტელევიზიებს დაბლოკავენ, რათა ხალხმა არაფერი გაიგოს. ამას ცდილობს ხელისუფლება და ვეუბნები მათ, რომ როცა საზღვრები იყო დაკეტილი, ინტერნეტი არ არსებობდა და მაინც დეინგრა ის წყობა და ახლა, 21-ე საუკუნეში ჰგონიათ, სულ იქნებიან და ასე შეინარჩუნებენ ხელისუფლებას? გონია, ესენი მე-19 საუკუნეში არიენ ჩარჩენილები, რაის 21-ე? აზრის შეკავება არ არსებობს, ცივილიზაციას ვერ აჩერებს ვერაფერი.

- ქალთა კვოტირების კანონპროექტზე რას იტყვით და თქვენს პარტიას რა რესურსები აქვს ამ მხრივ?
- ნუ რადგან მიიღენ, მიიღენ, მაგრამ ამ კანონით დიდად მოხიბლული არ ვარ. ვთვლი, რომ ყველა ქალს ერთნაირად უყურებენ. ბიჯო, არის ქალთა კატეგორია, რომელთათვისაც ბედნიერება არის შვილების გაჩენა და გაზრდა, არაა მისთვის ეს პოლიტიკა საჭირო და საინტერესო. არიან ადამიანები, რაც უნდა უფლებებზე ელაპარაკო, მოწოდებით არის დიასახლისი. რა იძულებაა, ვერ გავიგე. რა ვქნა, კაცო, ამ ჩემს ოპოზიციურ პარტიაში არ უნდა ქალებს მოსვლა, უფრო მეტი შანსი, რომ აქვს გამარჯვების, იმ პარტიაში მიდიენ და მე სა ვეძიო ახლა ქალები?

- ანუ არ გყავთ საკმარისი ქალბატონები პარტიაში?
- პირობითად ვამბობ, თორემ გვყავს პარტიაში ქალები, რომლებსაც შევიყვანთ სიაში. ვერ გავიგე ახლა, ნინო ბურჯანაძე იქნება, ანა დოლიძე თუ სხვა, რად უნდა მაგათ კვოტა, თავისი ბრძოლით აღწევენ ყველაფერს. პირიქით, ქალებს ამით აკნინებენ და ეუბნებიან – შენ კვოტა თუ არ მოგეცი, ხელი თუ არ შეგიწყვე, ისე ვერ აღწევ ვერაფერსო. თუმცა ამ კანონს არ ვთვლი დიდ ტრაგედიად.

- მაჟორიტარობას თუ გადაწყვეტთ, სად უნდა იყაროთ კენჭი, ისევ ზესტაფონში?
- რა თქმა უნდა, ვიქნები პარტიულ სიაში. მაჟორიტარობას თუ გადავწყვეტ, ალბათ - ქუთაისში. ახლა ტრაბახს ვერ დავიწყებ, არიქა, გარანტირებული მაქვს გამარჯვება-მეთქი, ეს ტყუილი იქნება, მაგრამ სერიოზულ სიტყვას რომ ვიტყვი ამ არჩევნებზე, ამაში დარწმუნებული ვარ.

- რა იქნება თქვენი მთავარი პოლიტიკური ამბიცია?
- მინდა, ჩემი მოღვაწეობით მივაღწიო იმას, რომ რეგიონები განვითარდეს და მოხდეს დეცენტრალიზაცია, ამ ქვეყანაში დამთავრდეს ცენტრალური მმართველობა. ყველა ქალაქში არსებული მიწა, თუ შენობა-ნაგებობა უნდა იყოს იმ ქალაქის საკუთრება და ის უნდა განკარგავდეს, არა - ეკონომიკის სამინისტრო. რა თქმა უნდა, ცენტრალურ ბიუჯეტში უნდა შეჰქონდეს ნაწილი, მაგრამ ყველა თეთრი ცენტრალურ ხელისუფლებას მიჰქონდეს, ეს ანგრევს რეგიონებს და ასე ქვეყანა ვერ განვითარდება. ტრაგედიაა, როცა შარშან სექტემბერში 133 სოფლის სკოლაში პირველკლასელი არ შესულა. ე.ი. ის სოფელი პატარა ხანში აღარ იარსებებს. ეს თავკომბალობა და საქართველოს ნგრევა უნდა დამთავრდეს!

- "ოცნების" შანსებზე რას იტყვით, ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლაზე?
- მათი მცდელობა და სურვილი კი იკვეთება, მაგრამ ამის შანსი არ არსებობს. მაშინ რას ვერჩით პუტინს? რატომ ეუბნება საყვედურს ევროპა და ამერიკა? მაგენს ისე გოუტკბათ, მესამედ უნდათ და მეოთხედ არ მოუნდებათ? ხომ დავინახეთ, რომ როცა ხელისუფლებები არ იცვლება, იქ მყაყდება სიტუაცია, იმ ქვეყანაში არის სტაგნაცია. წავა "ოცნება", წავა, ამას ქართველი ხალხიც არ დაუშვებს და არც მეგობარი ქვეყნები, მოდის სიგნალები ევროპიდან და ამერიკიდანაც. ჩვენი ამოცანაა, ამ პარლამენტში შევიდეთ იმ რაოდენობით, რომ არც "ქოცს" ჰქონდეს უმრავლესობის შექმნის საშუალება, არც - "ნაცს". დომინანტი არ უნდა იყვნენ და მათ გარშემო არ უნდა იტრიალოს ყველაფერმა. ერთიც და მეორეც 30%-მდე შევიდნენ, დანარჩენი 40% იყოს სხვა პარტიებზე. ეს იქნება ქვეყნისთვის ყველაზე მაგარი ვარიანტი და ვეცდები, რომ ამას მივაღწიოთ. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს "ნაცის" და "ქოცის" ვითომ ერთმანეთში ჩხუბი.

- ქუთაისის ახალი მერის (მოვალეობის შემსრულებლის) მიმართ არ გაქვთ პრეტენზიები, აქცია-პერფორმანსებს რომ აღარ მართავთ?
- სანამ რეალური თვითმმართველობა არაა და ქუთაისის მერიას თბილისი უწყვეტს, რომელი გზა და როგორ დააგოს, სანამ თბილისი გაუყიდის ტერიტორიებს, მანამდე მერს რამე მოთხოვო, ესაა წყლის ნაყვა, მაგრამ მასაც ხომ შეუძლია რაღაცეების კეთება? ბოლო-ბოლო, ბრძოლა შეუძლია თავისი უფლებების დაცვისთვის, მაგრამ ამასაც რომ არ აკეთებს? კი მქონდა ბრიფინგები რამდენიმე თემაზე, მაგრამ ცენტრალურმა ტელევიზიებმა არ გააშუქენ, ჩათვალენ, რომ არ იყო აქტუალური. მაგ. 130 ათასის სკამები იყიდენ, კიდევ - 80 ათასის ყვავილები იყიდენ თურქეთში, როცა ქუთაისს სავარდო და სამაისო-ს უძახოდნენ. ქუთაისში ბოტანიკური ბაღია, სანერგე, სადაც მშვენიერი ადამიანები მუშაობენ და ყვავილებიც გამოჰყავთ და შენ ამ პანდემიის დროს თურქეთიდან რომ შემოგაქვს ყვავილები და თანამშრომლებს არ აძლევ შრომის საშუალებას, რა უნდა გელაპარაკო? საპროტესტო თემების მეტი რაა?

- ჭიღვარია რასა იქმს, თქვენგან დაისვენა, ალბათ...
- არ ვიცი სადაა ე კაცი, გადამალენ საცხა.

- დროშა თუ დაკიდენ?
- ნიკეას ქუჩაზე დადგენ სადგარი (სადაც უნდა დაკიდონ) რაშიც 60 000 ლარია დახარჯული და გამზადებულია დროშის დასაკიდად, მაგრამ დროში გააჭიანურენ... ტრაგედია იცით, რა არის? ეს დროშა იმხელაა, 2000 ლარამდე ჯდება, ნიკეა ქარიანი ადგილია და ე დროშა ალბათ კვირაში ერთხელ დაიხევა. რომ წარმოვიდგინოთ, წლის ბოლომდე რამდენი დროშა დაიხევა, ალბათ 50 მაინც იქნება დასაკიდებელი. ახლა, როცა ქალაქში პერსპექტივა არაა, ადამიანებს უჭირთ, ამ რაღაცაში თანხებს ხარჯავდე, სისულელეა. საერთოდ, ხელისუფლება უნდა ეცადოს, ადამიანები ისეთ პირობებში აცხოვროს, ქვეყნის დროშა გულში და თავში იყოს აფრიალებული.

(სპეციალურად საიტისთვის)


ტოტო
11 ივლისი 2020 19:48
რა კომიკოსი დავკარგეთ.
111
11 ივლისი 2020 13:27
მაგარი კაცი ))
ზურაბ
11 ივლისი 2020 13:16
კარგია ბევრი პარტია რომ შევა პარლამენტში, მაგრამ, საკითხავია როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მთავრობა, თუ კოალიციური მთავრობა იქნება,ასე სამკვდრო სასიცოცხლოდ დაპირისპირებული პარტიებიდან რა მთავრობა უნდა შეიქმნას? თავად კი იქნებიან კარგად, მაგრამ ხალხი,რა ქნას ხალხმა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები