"ნებისმიერი არჩევნებისას დასავლეთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ის ამ არჩევნებში მხარე გახდება" - კვირის პალიტრა

"ნებისმიერი არჩევნებისას დასავლეთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ის ამ არჩევნებში მხარე გახდება"

ქვეყანა შეძრა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებამ. უმძიმესი ტრაგედიის ირგვლივ გაჩენილი უპასუხო კითხვები პოლიტიკური განხილვის თემადაც კი იქცა. გასულ კვირას გამოქვეყნებულმა ექსპერტიზის დასკვნამ ახალგაზრდის გარდაცვალების გარემოებებს მეტ-ნაკლებად მოჰფინა ნათელი, თუმცა ბევრი რამ კვლავ გაურკვეველია, ამიტომ გრძელდება ამ ტრაგედიის პოლიტიკური ინტერესებით გამოყენების მცდელობაც. ექსპერტიზამ ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზად დაადგინა ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა, როგორც ირკვევა, ცხედარზე აღმოჩენილია მკვრივი ბლაგვი საგნით მიყენებული სიცოცხლის დროინდელი დაზიანებებიც. ამის გამო სისხლის სამართლის საქმის ახლანდელ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობა დაემატა.

ამ უმძიმეს ტრაგედიაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

- ასეთ ტრაგედიებს პოლიტიკური ელფერი ეძლევა მაშინ, როდესაც ქვეყანაში შესაბამისი სტრუქტურები ნდობით არ სარგებლობენ, რაც სამწუხარო რეალობაა. სწორედ ამიტომ საზოგადოებაში ჩნდება ეჭვები, კითხვები... ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, იყო პოლიტიკური ანგაჟირების მცდელობაც, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს სპეკულაციები და პოლიტიკური ანგაჟირებაც კი ხელს უწყობს საქმის ობიექტურად გამოძიებას, არ აძლევს რა სისტემას საშუალებას, დაფაროს დანაშაული და ძიება წაიყვანოს არასწორი მიმართულებით. ვფიქრობ, ბოლო პერიოდში მედიამ დიდი საქმე გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ შეთქმულების თეორიაც ბევრი იყო და ალოგიკური ვერსიაც...

ჩემი აზრით, მედიისა და საზოგადოების აქტიურობაა ერთ-ერთი მიზეზი, რომ დღეს ყველაფრის სამართლიანად წარმართვის ნიშნები გაჩნდა. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, ეს წინააღმდეგობრივ განცდას მიჩენს. რა თქმა უნდა, მე ვერ შევიჭრები იურისტთა კომპეტენციაში, მაგრამ ერთი კითხვა პირველივე დღეებიდან მაწუხებს და ვფიქრობ,  სპეკულაციები და პოლიტიკური ელფერიც ჩამოშორდებოდა საქმის გამოძიებას, ექსპერტიზას დროულად რომ გაეცა პასუხი მთავარ კითხვაზე - გიორგი შაქარაშვილი უკვე გარდაცვლილი აღმოჩნდა წყალში, თუ ასფიქსიით გარდაიცვალა?

ამაზე პასუხის გაცემას ერთი დღე სჭირდებოდა - როგორც ვიცი, გაკვეთის შემდეგ ვიზუალურად ჩანს, ფილტვებში წყალი არის თუ არა. ექსპერტიზას თავიდანვე რომ ეთქვა, რაც გასულ კვირას თქვა, ბევრ ინსინუაციას ავცდებოდით. ჩნდება მთავარი კითხვა: რატომ დუმდა ექსპერტიზა ამდენ ხანს საკითხზე, რომელიც შეიძლებოდა კარგა ხნის წინ გარკვეულიყო? სამწუხაროდ, კვლავაც ჩანს პოლიტიკური ინსინუაციების გაგრძელების საფუძველი და ავხსნი, რატომ. საქმე ის არის, რომ ასფიქსიით გარდაცვალება გამოძიებასა და სასამართლოს კვალიფიკაციასთან დაკავშირებით აძლევს მანევრირების საშუალებას. ჯერჯერობით არ მაქვს კითხვები პროკურატურასთან, რომელმაც კვალიფიკაცია დააზუსტა, მაგრამ ასფიქსია ისეთი რამაა, სხვადასხვა ვარიანტის განვითარების საშუალებას იძლევა და, შესაბამისად, თუ არ იქნება მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, საქმე შეიძლება დაინგრეს. ჩნდება თეორიული შანსი, რომ ვიღაცამ "იჩალიჩოს" კიდეც. ნუ ჩავთვლით, რომ საქმე დასრულებულია. ის მხოლოდ ახალ ეტაპზე გადავიდა და კვლავაც საჭიროა საზოგადოების მკაცრი მონიტორინგი.

არ ვარ მომხრე, ანალოგიებზე ვილაპარაკოთ, რადგან გირგვლიანის ტრაგედიის დროს სისტემამ ჩაიდინა დანაშაული და მერე სისტემავე ცდილობდა ამ დანაშაულის დაფარვას. პირველ ნაწილში ეს ორი სხვადასხვა საქმეა, მაგრამ გარკვეულ ჯგუფებს დანაშაულის დაფარვის ინტერესი რომ აქვთ, ეს გიორგი შაქარაშვილის საქმეშიც აშკარად ჩანს.

სამწუხაროდ, დღევანდელი ვითარება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ როგორც შემდგომი გამოძიების, ასევე სასამართლო განხილვისას პროცესს ყურადღებით დაკვირვება დასჭირდება.

- ამ ტრაგედიის შემდეგ გაჩნდა მოსაზრებაც, რომ საქმეს მედია იძიებდა, სამართალდამცავები კი მის ნაკვალევზე დადიოდნენ... - სამწუხაროდ, მეტსაც გეტყვით - მიჩნდებოდა განცდა, რომ საგამოძიებო უწყება საქმეს იძიებდა ზუსტად იმ დოზით, რა დოზითაც გამოიძიებდა მედია, ანუ მხოლოდ მედიის მოპოვებულ ინფორმაციაზე რეაგირებდნენ. დიდუბის ეპიზოდი გავიხსენოთ... მაინტერესებს, თუ ლურსმანაშვილი უკვე იდენტიფიცირებული იყო, რისთვის მიიყვანეს გამოკითხვაზე ბილანიშვილი? მიპასუხოს ვინმემ!.. ეს ყველაფერი სპექტაკლის შთაბეჭდილებას ტოვებს...

შეიძლება ჩვენი ეჭვი უსაფუძვლოა და ყველაფერი სწორედ ისეა, როგორც გამოძიება გვეუბნება, მაგრამ ისე საეჭვოდ იქცევიან, იმდენ უპასუხო კითხვას ტოვებენ, ისე ბურდავენ ვითარებას, მათი ნდობა ჭირს. შეიძლება ეს სიბრიყვით და არაპროფესიონალიზმითაც მოსდით, თუმცა დღეს მართლმსაჯულების ყველა ეტაპზე რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს, ცხადია...

ვიმეორებ, ბევრი სპეკულაციაა პოლიტიკოსების მხრიდან, რაც მართლაც გამაღიზიანებელია, მაგრამ ვფიქრობ, საკითხის მუდმივი აქტუალიზაცია საქმის გახსნას ხელს უწყობს, რადგან ამ დროს სისტემას ხელ-ფეხი აქვს შეკრული და დანაშაულის დაფარვა ძნელდება.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები ნდობით არ სარგებლობენ. მათ ენდობიან მხოლოდ ისინი, ვინც "ქართულ ოცნებას" ყველაფერს "უპრავებს". არადა, მართლმსაჯულების სისტემისადმი ნდობის დაკარგვა, მით უფრო - ასეთი დაბალი დონის პროფესიონალიზმის ფონზე, ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა.

- გასული კვირის მთავარ თემად იქცა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მომზადებული კანონპროექტი, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა ლაპარაკი. დოკუმენტს საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტება დაემატა და აღნიშნულია, რომ შესაძლოა საქართველომ დახმარების სახით მისაღები 132 025 000 აშშ დოლარის 15% ვერ მიიღოს მანამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და კომიტეტს არ წარუდგენს მოხსენებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ეფექტიანად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას; იცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგანაც; ეფექტურად ახორციელებს აუცილებელ პოლიტიკას და ა.შ.

- აშშ-ს იმ ქვეყნებთან, რომელთაც პარტნიორებად მიიჩნევს, ორი ტიპის ურთიერთობა აქვს. ერთი არის სტიმულირების მეთოდი და ტექნოლოგია, მეორე - იძულების. საბედნიეროდ, ათწლეულების განმავლობაში აშშ ჩვენთან ურთიერთობისას სტიმულირების მეთოდს იყენებდა, ამ ბოლო დროს კი იძულების მეთოდზე გადავიდა. მსგავსი რამ ხდება მაშინ, როდესაც აშშ-ის პოლიტიკური ელიტა ხედავს, რომ სტიმულირება ეფექტიანი აღარ არის. ეს პროცესი არ დაწყებულა ამ აქტით -

ჩვენ, კარგა ხანია, ვხედავთ, რომ კეთდება კრიტიკული, თითქმის მუქარანარევი განცხადებები არა მხოლოდ აშშ-დან, არამედ ევროპიდანაც და ამან შედეგიც გამოიღო - რომ არ ყოფილიყო ეს იძულების პოლიტიკური შტურმი, ჩვენ დღეს შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობა არ გვექნებოდა.

გვახსოვს ხელისუფლების პოზიცია, როცა არაფრის გაგონება არ სურდათ, მაგრამ ამ იძულების შტურმით დასავლეთმა თავისი გაიტანა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა. აშშ-ის პოლიტიკურმა ელიტამ დაინახა რა, რომ ეს მეთოდი მოქმედებს, და უკვე სისტემური საკითხების მოგვარებაზე გადავიდა, რაც უფრო რთულია... ერთია, ვიღაცას კონკრეტული საკითხი გადააწყვეტინო, მაგრამ მეორეა სისტემური პრობლემატიკის მოგვარება, რასაც მეტი ძალისხმევა სჭირდება. აქ მხოლოდ რიტორიკა საკმარისი აღარ არის და კონკრეტული ქმედებებია საჭირო. სწორედ ეს ქმედება დავინახეთ ამ აქტის სახით, თუმცა ეს არ არის წითლის ანთება, ეს არის ე.წ. ყვითელი, გამაფრთხილებელი ნიშანი, მაგრამ უკვე ქაღალდზე გადატანილი, რომელშიც იკვეთება ოფიციალური პოზიცია - საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის პოლიტიკური ელიტა უნდობლობას უცხადებს და მისგან სისტემურ ცვლილებებს მოითხოვსო. ყველაზე კარგი ის არის, რომ ისინი ამას თავისთვის კი არ აკეთებენ, არამედ - ქართველი საზოგადოებისთვის. ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ, მმართველ ძალას ვერაფერი გავაგონეთ, რადგან ადგილობრივი საზოგადოების მიმართ ეს ხელისუფლებაც ყრუ და ცინიკური გამოდგა. სწორედ ამიტომ ისინი ასეთი მკაცრი მეთოდებით ჩვენს ქვეყანას ეხმარებიან.

- მაგრამ ამას აქვს მეორე მხარეც - ეს იმპერატიული ტონი ჩვენი საზოგადოების ნაწილს ანტიამერიკულ განწყობას ხომ არ გაუმძაფრებს?

- მესმის ხოლმე აბსოლუტურად გაუგებარი განცხადებები, ვინ ეკითხება ამერიკელებსო... შეიძლება ამერიკელებს არ ეკითხებათ, მაგრამ მოდი, შინაარსზე დავფიქრდეთ. რას ითხოვენ ისინი? კორუფცია რომ არ უნდა იყოს, ეს ჩვენს ინტერესებს არ შეესაბამება? ან პირობას რომ დებ და ის უნდა შეასრულო, განა ჩვენც არ ვიცით?! გასაგებია, რომ ჩვენთან არიან დასავლეთისადმი სკეპტიკურად განწყობილი ძალები, რომლებიც ამაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ხელისუფლებაც ფარულად ამ ხაზს ატარებს, ანუ ანტიამერიკული განწყობის პროპაგანდას ეწევა, მაგალითად, იმით, რომ ამბობს, ამერიკის პოლიტიკური ელიტა ნაყიდი ჰყავს "ნაციონალურ მოძრაობას" და ეს ლობირებული თემებიაო... რა არის ლობირებული, რომ საქართველოში ჩრდილოვანი მმართველობაა? განა ეს ყველამ არ ვიცით? განა ქვეყანაში მოიძებნება საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტყვის, რომ გახარია მართავს ქვეყანას და არა ბიძინა ივანიშვილი? თუმცა, მიუხედავად ამისა, ამგვარი რიტორიკა, ფარული თუ აშკარა ანტიამერიკული განცხადებები საზოგადოების ნაწილზე უდავოდ ახდენს გავლენას. ლაპარაკი იმაზე, რომ არავინ ეკითხება ამერიკელებს, რომ თურმე ამერიკული დიქტატის ქვეშ ვართ, რუსული საქმეა. მერე ამ რიტორიკას, როგორც წესი, ემატება რელიგიური მოტივები, ერთმორწმუნეობის შეხსენება, საბჭოთა ცხოვრების მონატრება... ასეთ ნოსტალგიურ-ანტიიმპერიალისტურ აჯაფსანდალში ადამიანები, რომლებიც არ ფიქრობენ და ფეხის ხმას ადვილად ჰყვებიან, ამ პროპაგანდის მარწუხებში ექცევიან, თუმცა ჯერჯერობით ეს განწყობა შემაშფოთებელია, მაგრამ არა - სახიფათო. საქმე ის არის, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და ის ადამიანებიც კი, ვისაც დასავლეთი ძალიან აღიზიანებს, ამას ვერ გაურბიან. ამიტომაც ამ მხრივ მნიშვნელოვან პრობლემებს ჯერჯერობით არ ველი.

- "ქართული ოცნებისადმი" დასავლეთის სკეპტიკური დამოკიდებულება თვალსაჩინოა. როგორ შეიძლება ეს აისახოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე? - რა თქმა უნდა, ნებისმიერი არჩევნებისას დასავლეთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ის ამ არჩევნებში მხარე გახდება. ოპოზიცია სწორედ ამას ელოდება და დიდ შეცდომასაც უშვებს. ამ შეცდომის გამოვლენა იყო ის, რომ მათ მონაწილეობა არ მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში, იმ საკითხის მიღებაში, რომლისთვისაც თითქოს მთელი წელი იბრძოდნენ და ამასთან, არაკორექტული, მეტიც - სკანდალური შეტევა წამოიწყეს გერმანიის ელჩის წინააღმდეგ (მიუხედავად იმისა, ელჩმა სწორად თქვა რამე თუ არა). ეს გააკეთეს იმიტომ, რომ გაუჩნდათ განცდა, დასავლეთი უკვე ჯიბეში გვყავს და ყველაფერი გვეპატიებაო, თუმცა ასე არ მოხდა. მათაც კი, ვისაც დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, არ ესმით, რა არის რეალურად დასავლეთი და მიიღეს კიდეც შესაბამისი პასუხი, რაც ხელისუფლებამ ძალიან კარგად გამოიყენა. დასავლეთი ამ არჩევნებში ჩაერევა მხოლოდ იმ დოზით, რომ არჩევნები ჩატარდეს კონკურენტულ გარემოში და შედეგმა ქართველი საზოგადოების რეალური განწყობა ასახოს.

დღეის მდგომარეობით ვერ ვიტყვით, რომ ოპოზიცია უკეთესად გამოიყურება, ვიდრე ხელისუფლება. ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ.

როდესაც დასავლეთი მხარს გიჭერს, ეს ლამაზი თვალების გამო კი არ ხდება, არამედ იმიტომ, რომ რაღაცას სწორად აკეთებ, მათ კი უმნიშვნელოვანეს კენჭისყრაზე ყველაფერი თავდაყირა დააყენეს და აბსურდად აქციეს - ვინც ცვლილებებს ითხოვდა, ის კენჭისყრას არც კი დაესწრო და ვინც კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მან ეს საკუთარ გამარჯვებად მიითვალა. საპარლამენტო ოპოზიციის ასეთ დამოკიდებულებას ვერც ერთი ევროპელი თუ ამერიკელი ვერ გაიგებს. ეს იყო არასახელმწიფოებრივი ნაბიჯი, რადგან ეს კოდექსი სწორედ სახელმწიფოს სჭირდებოდა! კიდევ უფრო გაუგებარი იყო ზემოთ ხსენებული შეტევა გერმანიის ელჩზე. სწორედ ამგვარი ოპოზიციაა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენის მთავარი შანსი.

- ოპოზიცია ინერტულად იქცევა, ის ორიენტირებულია მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკაზე და რჩება შთაბეჭდილება, რომ ემზადებიან არა არჩევნების, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, იმედოვნებენ რა, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით გაბეზრებული საზოგადოების ნაწილი ქუჩაში გავა...

- არა მგონია, მაგრამ თუ ასე ფიქრობენ, ძალიან ბრიყვები ყოფილან... ამ ქვეყანაში და ამ პოლიტიკური ელიტის ხელში კუნთების თამაშით რამის მიღწევა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია... დღეს ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი არჩევნის გარეშეა დარჩენილი, რადგან ამ ნეგატიური დაპირისპირებით ამომრჩეველს სთავაზობენ არჩევანს წარსულსა და აწმყოს შორის, მას კი სჭირდება მომავალი, პოზიტიური პერსპექტივა... ხელისუფლებაც სისტემურად ვერაფერს ცვლის... სხვას რომ თავი დავანებოთ, ამ პოსტპანდემიურ პერიოდში ოთხი თვე დაიკარგა, არადა, მთელი ეს ხანი გაიძახოდნენ, ტურიზმიო და შუა ტურისტულ სეზონში აღიარებენ, რომ წელს ტურიზმი ჩავარდა... ამის პროგნოზირება რომ შეიძლებოდა. ტურიზმზე ლაპარაკის ნაცვლად აუცილებელი იყო ეკონომიკური პროცესის მოდერნიზება... დღემდე არ იციან, რა გააკეთონ და ასე უნდათ არჩევნების გადაგორება - ხალხი გაღატაკებული იქნება და ადვილად ვიყიდითო...

- ყველა მოუთმენლად ელოდება მმართველი პარტიის საარჩევნო სიას. რამდენიმე დღის წინ პრემიერ გიორგი გახარიას ჰკითხეს, იქნებოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიაში და მან განაცხადა, შესაძლებელიაო... - რა გითხრათ... თუ ასე მოხდა, ეს იქნება ლოგიკური და სწორი ნაბიჯი, მით უფრო ვითარებაში, როცა ხვალ და ზეგ ივანიშვილს შეიძლება რეალურად გაუჩნდეს საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების პრობლემა. ერთადერთი, რამაც შეიძლება მას გარკვეული პერიოდით იმუნიტეტი შეუქმნას, არის მისი ინსტიტუციონალიზაცია, ანუ მისი რეალური სტატუსის ფორმალიზება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მართვის ეფექტიანობა გაიზარდოს, ამისთვის კი საჭიროა ფორმალური მმართველობის დასრულება. არ შეიძლება მუდმივად იმაზე იყოს ლაპარაკი, სად და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს. ასეთი მანკიერი, ანაქრონისტული მართვის ფორმა, როგორიც აქ გვაქვს, აღარსად დარჩა... ყველაზე დიდი დიქტატორებიც კი ფორმალიზებული არიან... 21-ე საუკუნეში კულისებიდან მართვა დიდი სირცხვილია...

- თუმცა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისას რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილებებს გიორგი გახარია იღებდა და არა ბიძინა ივანიშვილი... - გეთანხმებით, გახარია იქცა ძალიან საინტერესო ფაქტორად. ის გამორჩეული პოლიტიკოსია, გამოავლინა სახელმწიფოს მართვის განსაკუთრებული უნარი, საღი აზრი და გახდა ავტორიტეტი, რაც, ბუნებრივია, ჩამოყალიბებულ მანკიერ სისტემას ნაწილობრივ არღვევს, შესაბამისად, მის მიმართაც გაჩნდა გაორებული დამოკიდებულება. ერთი მხრივ, ის არის ძალიან საჭირო და აქვს პოტენციალი, მეორე მხრივ კი ამ მმართველობით სისტემას საფრთხეს უქმნის. ივანიშვილის შექმნილ რელიგიაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ლამის მის სიმაღლემდე ავიდა. გახარია ერთი მხრივ პერსპექტიულია, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მოლიპულ გზაზე დადის. ვფიქრობ, არჩევნებამდე მას არაფერი ემუქრება, მაგრამ მერე რა მოხდება, საკითხავია...