"ამერიკა შიშობს, რომ შესაძლოა პრობლემები შევქმნათ და დამცავ მექანიზმებს ქმნის" - კვირის პალიტრა

"ამერიკა შიშობს, რომ შესაძლოა პრობლემები შევქმნათ და დამცავ მექანიზმებს ქმნის"

"ეს კანონპროექტი ჯერ კიდევ არ ნიშნავს სანქციების დაწესებას, მაგრამ თუ ვერ დავადასტურებთ, რომ რეალურად ვავითარებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და კანონის უზენაესობას ვცნობთ, მაშინ ამერიკული დახმარება შეიკვეცება, ეს კი ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს დააზარალებს"

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კანონპროექტში საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

დოკუმენტში ვკითხულობთ, საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132.025.000 აშშ დოლარს მიიღებს. თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ ამ დახმარების 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა მანამდე შეჩერდეს, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვისთვის. კანონპროექტის მიხედვით, დახმარება არ შეუჩერდება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.

აქტით გათვალისწინებულ დახმარებას არ გამოუყოფენ იმ ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელსაც სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს როგორც ქვეყანას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებს აღიარებს ან მათთან დიპლომატიური კავშირი აქვს.

ქართველ ოპოზიციონერთა აზრით, ეს კანონპროექტი ძალიან სახიფათო სიგნალია ქვეყნისთვის, მმართველი გუნდისთვის, ხელისუფლების წარმომადგენლები კი გვარწმუნებენ, რომ როგორც ქუხს, ისე არ წვიმს. "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, აშშ-ს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, კითხვები არ დარჩეს... მე არა მაქვს მოლოდინი, აშშ ოფიციალურ დონეზე იტყვის, რომ საქართველოში დემოკრატია გაუარესდა, იმიტომ, რომ საქართველოში დემოკრატია წინ მიდის და არა უარესდება", - განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა სოფიო კილაძემ.

რას ნიშნავს ასიგნებების კომიტეტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და შეიცვლება თუ არა ამერიკულ-ქართული პარტნიორობის ფორმატი, საერთაშორისო საკითხების ექსპერტი გიორგი გობრონიძე გვესაუბრება:

- ჩვენი ხელისუფლება დასავლეთის სიგნალებს უკვე დიდი ხანია სათანადოდ არ აფასებს. არ ვიცი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, სერიოზულად არ აღიქვამს იმ პრობლემებს, რომლებიც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან გვაქვს.

საერთაშორისო პოლიტიკა მრავალწახნაგოვანია და განსაზღვრულ ეტაპზე შეიძლება მოკავშირეებს შორისაც იყოს უთანხმოება, მაგრამ ის უნდა გადაიჭრას. ყველაფერი მმართველი ელიტის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ქვეყნის პირველი პირები უნდა აცნობიერებდნენ, რა მნიშვნელობა აქვს პარტნიორთან, მოკავშირესთან ურთიერთობას და ქვეყნის ინტერესებს პარტიულზე მაღლა უნდა აყენებდნენ. სამწუხაროდ,

რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას ასეთი კომპლექსური მიდგომა არა აქვს, სახელმწიფოებრივად არ აზროვნებს და არ მოქმედებს.

შესაბამისად, უკვე სახეზეა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი. მოცემულობა, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს, სახარბიელო ნამდვილად არ არის. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არ გვენდობა, შიშობს, რომ შესაძლოა პრობლემები შევქმნათ და დამცავ მექანიზმებს ქმნის. უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანა, რომელიც ჩვენს დემოკრატიულ განვითარებაში დიდ რესურსს დებს, ჩვენგან შედეგსაც ელოდება. ამერიკამ ჩვენ მოკავშირედ გაგვიხადა, იმიტომ, რომ მის დეკლარირებულ ღირებულებებს ვიზიარებთ. დიახ, ეს კანონპროექტი ჯერ კიდევ არ ნიშნავს სანქციების დაწესებას, მაგრამ თუ ვერ დავადასტურებთ, რომ რეალურად ვავითარებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და კანონის უზენაესობას ვცნობთ, მაშინ ამერიკული დახმარება შეიკვეცება, ეს კი ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს დააზარალებს. ის, რომ აშშ განიხილავს, თუ რა პირობებში არ შეგვიმცირდება დახმარება, ან ჩვენი ურთიერთობა თუ ისევ ძველებურად გაგრძელდება, მრავლისმეტყველია. ამაზე მმართველი ელიტა უნდა დაფიქრდეს. საერთაშორისო, თუნდაც შიდა პოლიტიკის ასე წარმართვა არ შეიძლება. ჩვენ სისტემური და შეუქცევადი დემოკრატიზაცია გვჭირდება. მხოლოდ საარჩევნო სისტემასა და მედიასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ ვგულისხმობ, არც კონკრეტული პირის თუ მმართველი ელიტის შეცდომებს. ვგულისხმობ მთლიანად პოლიტიკურ კლასს. დღეს ხშირად ვამბობთ, რომ საზოგადოება პოლარიზებულია. დიახ ასეა, თუმცა არც ერთი პოლუსი არ არის იმ დემოკრატიული დღის წესრიგის მატარებელი, რომელიც აუცილებელია საქართველოსთვის. მთელმა პოლიტიკურმა კლასმა უნდა შეცვალოს პოლიტიკის კეთების მეთოდი. მწვავე პრობლემები გვაქვს პოლიტიკური კულტურისა და პოლიტიკოსთა მიერ პასუხისმგებლობის გააზრებაში.

როდესაც პარლამენტის სხდომებს ვუყურებ, არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი დეპუტატები სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, საზოგადოების დაკვეთას ასრულებენ ან გრძელვადიანი პოლიტიკური ხედვა აქვთ.

ჩვენ, პოლიტიკური მეცნიერებით დაკავებული პირები, კარგად ვიცნობთ ცნობილი პოლიტიკოსების ბიოგრაფიებს. უნდა ვთქვა, რომ

დღეს ქართულ საკანონმდებლო ორგანოში რეალური პოლიტიკის პაროდიას ვუყურებთ. მხოლოდ პოლიტიკური ხედვის დეფიციტი რომ იყოს, კიდევ რა გვიჭირს, ერუდიციის დეფიციტიც არის.

შეუძლებელია ასეთმა პოლიტიკურმა კლასმა ნორმალური პოლიტიკა შექმნას. შესაბამისად, არათანამიმდევრულები ვართ საგარეო პოლიტიკაშიც. ვამბობთ, რომ ჩვენი საგარეო კურსი პროდასავლურია, სინამდვილეში ძალიან გაუგებარია, რა გვინდა, როგორი ორიენტირი გვაქვს. რუსეთთან ურთიერთობა ავიღოთ - ამ ქვეყანასთან ომი გვქონდა, დავდეთ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიების 20% და ამის პარალელურად გვაქვს უვიზო რეჟიმი, თანაც ცალმხრივი, დავდევთ მათ ტურისტებს, ვეკიდებით მათ ეკონომიკას. ესე იგი, პოლიტიკურად თითქოს დასავლეთისკენ მივდივართ, ეკონომიკურად კი რუსეთის ფედერაციისკენ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ როგორც ძველ, ისე ახალ ხელისუფლებაში იყვნენ და არიან პოლიტიკოსები, რომელთა აზრით, რუსულ ფულს სუნი არ ასდის და შეიძლება ქვეყანაში რუსი ინვესტორებიც შემოდიოდნენ. ოკუპანტი ქვეყანა, რომელმაც ტერიტორიის 20% წაგართვა, არ შეიძლება შენი ეკონომიკური პარტნიორი გახდეს; არ შეიძლება შენი პარტნიორი ქვეყნის, ანუ ამერიკის სახელმწიფო მდივანს რაიმეს შეჰპირდე და მერე "გადააგდო"; ასევე არ შეიძლება საკუთარი მოსახლეობის წინაშე დადო პირობა და მერე ფეხებზე დაიკიდო. ეს გაუგებრობების კასკადი საბოლოოდ არასანდო პარტნიორის იმიჯს გვძენს.

- ოპოზიციური პარტიები გამუდმებით აპელირებენ, რომ მათ დასავლეთის მხარდაჭერა აქვთ. თქვენი ვერსიით, მართლაც ასეა, თუ ოპოზიცია ცდილობს ილუზიის შექმნას?

- ყველა პოლიტიკური პარტია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ დასავლეთი მას, ხოლო რუსეთი მმართველ გუნდს უჭერს მხარს. ეს იმას მოწმობს, რომ შიდალეგიტიმაციის პრობლემები აქვთ. ცოტა ხნის წინ ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა ქართულ პოლიტიკაში - ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის, გერმანიის ელჩი პარტიულ-პოლიტიკურ დაპირისპირებაში გარიეს. ეს კიდევ ერთი ანომალიაა, რომელიც მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს.

ერთი რამ მინდა ვკითხო ჩვენს პოლიტიკურ ელიტას - რომ ამბობენ, დასავლური სამყარო ჩვენ გვიჭერს მხარსო, ისიც გვითხრან, რა ფაქტორები განაპირობებს მხარდაჭერას? ჩვენ რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ელიტა გვყავდეს, ამ საარჩევნო პერიოდში მაინც შემოგვთავაზებდნენ ხედვას, თუ როგორ აპირებენ საგარეო პოლიტიკაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეთანხმდეს პოლიტიკური კლასი, რომ როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ.

- კულუარებში გავრცელდა მოსაზრება, რომ შესაძლოა აშშ-მა ჩვენი ქვეყნის თავდაცვის დაფინანსებაზეც თქვას უარი. თქვენი ვერსია როგორია?

- ამის საფრთხეს ვერ ვხედავ. ეს საკითხი საქართველოსა და ამერიკას შორის აღებული სხვა ვალდებულებებით არის განმტკიცებული. თუმცა ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით.

თუ კონგრესმენებისა და სენატორების წერილები, ევროპარლამენტარების მითითებები და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გზავნილი ცივი შხაპი არ აღმოჩნდა ჩვენი პოლიტიკური კლასისთვის, შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებშიც შესუსტდეს თანამშრომლობა. იმედია, საქმე აქამდე არ მივა.

- ამის იმედს რა გაძლევთ? - პრემიერმა გახარიამ სწორად შეაფასა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი არ არის სახარბიელო დოკუმენტი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს მაძლევს იმედს, რომ ქართული პოლიტიკური კლასი გააანალიზებს ამ რთულ ვითარებას და სახელმწიფოს ინტერესებს პარტიულ თამაშებს არ გადააყოლებს.

სხვათა შორის, "ქართულ ოცნებას" ეძლევა შანსი, ისტორიაში შევიდეს პოლიტიკური ძალის სახელით, რომელმაც ქვეყანაში დემოკრატიული კონსოლიდაცია დაამყარა. იმედია, მიხვდებიან, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მათთვის ეს გაცილებით ფასეული იქნება, ვიდრე ხელისუფლებაში ერთი ან ორი წლით დარჩენა.

- თქვენვე გაქვთ ნათქვამი, რომ საქართველოში პოლიტიკა კეთდება ერთი პირის განწყობისა და ხუშტურების გათვალისწინებით. იმ ერთი პირის ინტერესში რამდენად შეიძლება შედიოდეს ამ თეორიის პრაქტიკაში დანერგვა?

- მთავარი სირთულეც ეს არის. ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი და ხელისუფლება, რომლებიც ყოფილან საქართველოში, კონკრეტულ ლიდერზე იყვნენ დამოკიდებული. ჩვენ არ გვყოლია პოლიტიკური კლასი, ელიტა, ინტელექტუალური მასა, რომელიც ლიდერს მიაწვდიდა პროდუქტს.

დღეს პოლიტიკური სირთულე იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად შეძლებს პოლიტიკური კლასი ლიდერის დარწმუნებას. ლიდერებს, მით უფრო მათ, ვინც დისტანცირებული არიან პოლიტიკური პროცესებისგან და შორიდან მართავენ სიტუაციას, უჭირთ ვითარების ადეკვატურად აღქმა. რატომ? არავის უნდა გადაწყვეტილების მიმღებსა და ამავე დროს მის მარჩენალს უთხრას, შეცდომა დავუშვიო. სულაც არ არის გამორიცხული, რომ მმართველი კლასი თავის ლიდერს არასწორ ინფორმაციას აწვდის. ესეც ქართული პოლიტიკის სირთულეა. ორმაგი სირთულის წინაშე ვდგავართ: ერთი პრობლემა ის არის, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი თავად ქმნის პრობლემას და მეორე ის, რომ მას ვერ უბედავენ სიმართლის თქმას. მარტივი სქემაა - ჩემი კეთილდღეობა ლიდერზეა დამოკიდებული. ამიტომ მასთან არასდროს ვაღიარებ ჩემს შეცდომას და ყველაფერს გადავაბრალებ ოპოზიციას, ლობისტებს და კიდევ ათას სხვა ვინმეს.

ხათუნა ბახტურიძე