საქართველო ვადაგასული უსაფრთხოების კონცეფციით მოქმედებს?! - კვირის პალიტრა

საქართველო ვადაგასული უსაფრთხოების კონცეფციით მოქმედებს?!

"ჰიბრიდული ომის ნიშნები სახეზეა, ყოველდღე ვხედავთ პროპაგანდისტული მანქანის მუშაობის მაგალითებს, არც კიბერშეტევა დაგვკლებია, არც ტერიტორიების ოკუპაცია და ფიზიკური აგრესია, მეტი რაღაა საჭირო იმისთვის, რომ უშიშროების საბჭომ საფრთხეების შეფასების დოკუმენტი განაახლოს?!"

"რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება თავს არიდებს საფრთხეების იდენტიფიცირებას, დოქტრინალიზაციას და მათ დასახელებას მთავარ დოკუმენტებში", - ასეთი მოსაზრება გამოთქვა უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა ლევან ბოძაშვილმა "კვირის პალიტრასთან" საქართველოში ჰიბრიდული ომისა და ფეიკნიუსებით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრისას.

შეკითხვაზე, თუ რატომ უნდა არიდებდეს ხელისუფლება თავს საფრთხეების იდენტიფიცირებას, ბატონმა ლევანმა გვიპასუხა: "ძალიან კარგი, ეს შეკითხვა რომ დასვით, მაგრამ ვერ გიპასუხებთ. მე მაქვს ჩემი ვერსიები, თუმცა ამაზე საუბარი დასაბუთების გარეშე ბრალდებად ჩამეთვლება, ჩემს ვერსიებზე დასაბუთებულად და არგუმენტირებულად საუბარს კი ერთი ცალკე ინტერვიუ უნდა. ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, პასუხი გაგვცენ, უსაფრთხოების საბჭომ რატომ ვერ განაახლა საფრთხეების შეფასების დოკუმენტი 2018 წლის შემდეგ?". ამჯერად ლევან ბოძაშვილი ამ საკითხზე უფრო ვრცლად გვესაუბრება:

- პრემიერმა გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას უსაფრთხოების შესახებ ისაუბრა და პრიორიტეტად დაასახელა კიბერუსაფრთხოება. ამაში ვეთანხმები, იმიტომ, რომ დღეს გარემო შეცვლილია და ურთიერთობების 90% კიბერსამყაროშია გადასული. შესაბამისად, საფრთხეების დიდი ნაწილიც იქ არის. კარგია, რომ პრემიერმა ამ მიმართულებაზე ისაუბრა, მაგრამ რაში გამოიხატება ამ საკითხზე მუშაობა?

ჩვენ არა გვაქვს პასუხი მთავარ კითხვაზე, რატომ არ შეიმუშავა უსაფრთხოების საბჭომ ახალი დოკუმენტი, როდესაც ძველს 2018 წელს გაუვიდა ვადა?

რაშია საქმე? იდენტიფიცირებას ვერ თუ არ აკეთებენ? კარგი იქნება, თუ ეს შეკითხვები შესაბამის უწყებამდე მივა, ჩვენ პასუხს მოვისმენთ და შემდეგ ოფიციალურ ვერსიას ექსპერტთა წრეებში შევაფასებთ.

- თუმცა თქვენ თქვით, რომ ვერსიები გაქვთ.

- რა თქმა უნდა, ვერსიები მაქვს, მაგრამ არ მინდა ეს ვერსიები მკითხაობას დაემსგავსოს. უსაფრთხოება ისეთი თემაა, რომელზეც ზოგადი შეფასებებითა და სავარაუდო ვერსიებით ლაპარაკი არასწორია.

არ მინდა ეს თემა პოლიტიკური მანიპულირების საგნად ვაქციო. თუმცა შეკითხვა მაქვს და პასუხს ველოდები. თუ საბჭო ახლა მუშაობს და პასუხი რაღაც დროის შემდეგ იქნება, ესეც უნდა ვიცოდეთ. ყოველ შემთხვევაში, პრემიერისგან ამ კითხვებზე პასუხი ვერ მოვისმინე. პრემიერმა ისაუბრა საკომუნიკაციო უსაფრთხოებაზე, ტექნოლოგიურ საკითხებზე. დღეს არ არსებობს უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ტექნოლოგიურ საკითხს ძალიან დიდ სივრცეს არ უთმობდეს. მაგალითად, 5G-ის უსაფრთხოების საკითხი. ვიღაცებს ჰგონიათ, ეშმაკისეულია და ვირუსების გავრცელებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ სინამდვილეში 5G სწორედ უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მონაცემების დაცვისთვის არის მნიშვნელოვანი. თითქმის ყველა ქვეყანამ შეიმუშავა სტრატეგია, ჩვენთან კი არაფერი ხდება.

უსაფრთხოების სტრატეგიის დანიშნულება რა არის? ქვეყანამ უნდა იცოდეს, რა ტიპის გამოწვევებს რა ტიპის პასუხი გასცეს.

- რუსეთმა ახალი ტიპის ომი წამოიწყო, რომელსაც სპეციალისტებმა ჰიბრიდული ომი უწოდეს და ყველაზე დიდ საფრთხედ შეაფასეს. ჩვენ თუ ვიცით, ჰიბრიდული ომის არსენალში რა ტიპის მექანიზმებია და როგორ უნდა გავუმკლავდეთ? - ჰიბრიდული ომის მექანიზმები ძალიან სწრაფად ვითარდება. ამ ეტაპზე ეს არის კიბერშეტევა, პროპაგანდისტული შეტევები, რომელიც არჩევნებს შეეხება. საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება, რომელიც საგარეო ორიენტაციაზე მოსახლეობის განწყობის შეცვლას ეხება. თუ რა არის ამ ყველაფრის საწინააღმდეგო ანტიდოტები, ეს უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში უნდა იყოს გათვლილი.

მაგალითად ავიღოთ ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის უსაფრთხოების სტრატეგია (უფრო ძლიერი რესურსების მქონე ქვეყნებს რომ არ შევადაროთ). ყველა ამ დოკუმენტში მთავარ საფრთხედ აღიარებულია რუსეთის ფედერაცია. ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რა ტიპის საფრთხეების წინაშე ვდგავართ. ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, ეკონომიკური საფრთხეები.

შეიძლება ვინმეს ჰგონია, ეკონომიკურ საკითხებში სტრატეგიული ინტერესები არ ფიგურირებს. არადა, პირიქით არის. რატომ იყო ანაკლიის პორტი ამერიკისთვის სტრატეგიული? იმიტომ, რომ ის ანეიტრალებდა რუსეთის კონკურენტუნარიანობას. ნახეთ, რა მოხდა, დაიბლოკა ანაკლიის პროექტი და სასწრაფოდ აშენდა ტამანის პორტი. საფრთხე ეკონომიკური იქნება, პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური, ყველაფერი გასაანალიზებელი და სამსჯელოა.

პრემიერმა გახარიამ უშიშროების საბჭოზე თავად თქვა, რომ ეს არის მაღალი დონის ინსტიტუცია. თუ ასეა, მაშინ გააკეთოს ამ ინსტიტუციამ თავისი მთავარი საქმე. იქნებ აღარ არის მთავარი საფრთხე ჩვენთვის რუსეთი? იქნებ ვინმეს სულაც აღარ უნდა მთავარ საფრთხედ რუსეთის დასახელება?

სასიცოცხლოდ აუცილებელია ვიცოდეთ, რა არის დღეს ჩვენთვის მთავარი საფრთხეები. ძალიან მაფიქრებს რუსეთის მუდმივი შეტევა ლუგარის ლაბორატორიაზე, გამუდმებით ატრიალებს ამ თემას და არავინ იცის, ხვალ რისთვის გამოიყენებს მიზეზად. ის მაინც გავარკვიოთ, მხოლოდ დასავლეთს უკიჟინებს ლუგარის ლაბორატორიის თემის მანიპულირებით, თუ პრევენციად იყენებს შესაძლო ბოროტებისთვის.

- არის თუ არა ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი პუტინის განცხადება, რომ თითქოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რიგმა ქვეყნებმა ნაჩუქარი ტერიტორიები თან გაიყოლეს და ეს საკითხი დღეს ჰაერშია გამოკიდებული? - რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რაც საფრთხეების სტრატეგიულ დოკუმენტში უნდა აისახოს. ძალიან შემაშფოთებელი განცხადებაა და ვერ გამოვრიცხავთ, რომ ამას რეალური მოქმედებაც არ მოჰყვება დღეს თუ ხვალ. რუსეთი არ არის ქვეყანა, რომელიც მხოლოდ იმუქრება. ამაში ჩვენ არაერთხელ დავრწმუნდით. სწორედ ამიტომ თითქმის ყველა პატარა ევროპული სახელმწიფო თავის მთავარ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს.

- ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. ასეთ ვითარებაში სამხედრო აგრესია ხელს რაში აძლევს? - არ ვიცი, ამაზე ჩვენ მხოლოდ მსჯელობა შეგვიძლია. ამაზე უშიშროების საბჭომ უნდა იმსჯელოს და სტრატეგიულ დოკუმენტში ასახოს ყველაფერი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებმა იცოდნენ, რა სიტუაციაში როგორ მოიქცნენ და კრიზისულ ვითარებაში ჰალსტუხის ჭამამ არ მოგვიწიოს.

დღეს ჩვენ თითქმის ყველა ტიპის საფრთხისგან გვაქვს მიღებული მწარე გამოცდილება. გამოიყენონ ეს პროფესიონალებმა, რას ელოდებიან?! ჰიბრიდული ომის ნიშნები სახეზეა, ყოველდღე ვხედავთ პროპაგანდისტული მანქანის მუშაობის მაგალითებს, არც კიბერშეტევა დაგვკლებია, არც ტერიტორიების ოკუპაცია და ფიზიკური აგრესია, მეტი რაღაა საჭირო იმისთვის, რომ უშიშროების საბჭომ საფრთხეების შეფასების დოკუმენტი განაახლოს?!

ხათუნა ბახტურიძე