"რაც უფრო მეტად ღარიბი იქნება ხალხი, ივანიშვილის აზრით, მით უფრო ადვილად, იაფად გაიყიდება" - რა განაცხადა სააკაშვილმა? - კვირის პალიტრა

"რაც უფრო მეტად ღარიბი იქნება ხალხი, ივანიშვილის აზრით, მით უფრო ადვილად, იაფად გაიყიდება" - რა განაცხადა სააკაშვილმა?

100 დღეში საქართველო ან გადარჩება და იქნება ქვეყანა, ან საქართველო აღარ იქნება. საქართველო იშლება, ბოლომდე ჩამოხმა და გაუბედურდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა ახალგაზრდებთან ონლაინ ჩართვის დროს განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, სამშობლოს გარეშე დარჩენას არ აპირებს.

"თუ ესენი დარჩნენ, საქართველო აღარ იარსებებს, ეს იქნება შეუქცევადი. მე თავი გადადებული მაქვს ნამდვილად. უკრაინაში ძალიან კარგი პოზიციები, პერსპექტივები მაქვს. ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანაა. პრაქტიკულად ჩემთვის მშობლიური ქვეყანაა, იმიტომ, რომ აქ თავს სახლში ვგრძნობ. მე არ ვგრძნობ თავს ემიგრანტად. აქ, კიევში 15 წლის ასაკში ჩამოვედი. ეს არის ჩემი წრე, ჩემი ახლობლობა, მაგრამ სამშობლოს გარეშე დაჩენას ნამდვილად არ ვაპირებ და ჩემი სამშობლო არის საქართველო. არც ერთი თქვენგანი არ უნდა დარჩეს სამშობლოს გარეშე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, ახლა, შემდეგი 100 დღე არის გადამწყვეტი.

"საქართველოში ჩვენ გვიკეთებენ ანესთეზიას - დაწყნარდით, გაჩუმდით, ხელი, ფეხი არ გაანძრიოთ, ეკონომიკას კლავენ. რატომ არ უშვენებ ტურისტებს?! ტურისტები არის ერთადერთი, რითაც ცხოვრობს საქართველო. არ უშვებენ იმიტომ, რომ რაც უფრო მეტად ღარიბი იქნება ხალხი, ივანიშვილის აზრით, მით უფრო ადვილად, იაფად გაიყიდება. ამიტომ, ამის გადატეხვა შეიძლება მარტო ახალგაზრდული ენთუზიაზმით, ყველასთან მისვლით, ყველა ადამიანთან დალაპარაკებით, რწმენის დაბრუნებით, იმიტომ, რომ ისინი საკუთარი მომავლის, რწმენის განადგურებაზე მუშაობენ. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ამ რწმენის დამკვიდრებაზე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. შემდეგი 100 დღე ნიშნავს იმას, რომ ასმაგად უნდა ვიმუშავოთ. 100 დღე ნიშნავს, რომ საერთოდ აღარ უნდა გვეძინოს, მე ნამდვილად აღარ მძინავს. 100 დღე ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ, როგორც არასდროს ორგანიზებულები. არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიაა, ვინ ვისთან ძოვს, ვერ ძოვს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სახელებს და გვარებს. ჩვენ ქვეყანა ან გვაქვს, ან აღარ გვაქვს. ან საქართველო, რომელიც აქამდე მოვიტანეთ და რამდენიმე წლის წინ იყო პერიოდი, რომ ის იყო მსოფლიოს პირველი რეფორმატორი, მთელი მსოფლიო ახსენებდა, ყველა ჩვენზე ლაპარაკობდა , მთელ რეგიონში ძალიან დიდი გავლენა მოვიპოვეთ, ახლა აბა ახლა რის ხარჯზე ვართ უკრაინაში ?! იმდროინდელი გავლენის და მონაპოვრების ხარჯზე რამდენიმე დღეში უკრაინაში ჩვენს რამდენიმე ადამიანს მაღალ თანამდებობებზე ნიშნავენ. გატაცებაზე არიან, იმიტომ, რომ იციან, თავის დროზე საქართველოში ჩვენ სასწაული მოვახდინეთ. ეს ყველაფერი მთავრდება. საქართველო აღარ იარსებებს... ეს რომ აღარ იყოს ახლა, თითოეული თქვენგანის ხელშია, თქვენთვის წარმოუდგენელი შანსი და პასუხისმგებლობაა, მე ასე მგონია. ჩემი მხრივ, მეც შევდივარ სპორტულ ფორმაში, ვემზადები ასევე გადამწყვეტი ნახტომისთვის, მაგრამ ეს ნახტომი სასურველია არ იყოს უფსკრულში, იმიტომ, რომ უფსკრულში უკვე მიდის ჩვენი ქვეყანა. უნდა მოვახდინოთ ამ უფსკრულიდან ქვეყნის აქეთ გამოყვანა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.