"სააკაშვილი, როგორც კერძო პირი გამოდის, უკრაინა კი მისი მოქმედების შედეგებს "ხვეტავს“ - რა განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა? - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი, როგორც კერძო პირი გამოდის, უკრაინა კი მისი მოქმედების შედეგებს "ხვეტავს“ - რა განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა?

14 ივლისს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ ბრიფინგი გამართა, რომლის დროსაც, სხვა საკითხებთან ერთად, რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო ხანებში გაკეთებული განცხადებების შესახებაც ისაუბრა, რაც კიევისა და თბილისის ურთიერთობებში გარკვეულ დაძაბულობას იწვევს.

"არის უკრაინის მოქალაქე, რომელიც არ არის უფლებამოსილი ქვეყნის პოზიცია გამოხატოს, მაგრამ რომელიც აქტიურად უკეთებს კომენტარს საქართველოში შექმნილ სიტუაციას არჩევნების წინ. ამ მოქალაქის სახელია მიხეილ სააკაშვილი. მისი ყოველი განცხადება იმით მთავრდება, რომ უკრაინის ელჩს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იძახებენ და უკმაყოფილებას გამოხატავენ ბატონ მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამის გამო. დისბალანსი იმაშია, რომ კერძო პირი გამოდის, სახელმწიფო კი მისი მოქმედების შედეგებს, ბოდიში და "ხვეტავს", - განაცხადა მინისტრმა და იქვე აღნიშნა: "მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებული სიტუაცია სინანულს იწვევს, რადგან უკრაინის მოქალაქე, რომელიც უფლებამოსილი არ არის უკრაინის სახელმწიფოს პოზიცია გამოხატოს, მაინც აქტიურად უკეთებს კომენტარს საქართველოს სიტუაციას".

დმიტრი კულებას თქმით, უკრაინა გაგებით ეკიდება და აცნობიერებს საქართველოში არჩევნების წინა პერიოდში შექმნილ "მგრძნობიარე ვითარებას" და მაღალ დონეზე აფასებს მეგობრობას საქართველოსთან და შავიზღვისპირეთში სხვა პარტნიორ მეზობელ ქვეყნებთან.

"იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობა სტაბილური გახდება და გამაღიზიანებელი ფაქტორი აღარ იარსებებს. იმიტომ, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, კერძო პირის განცხადებები ვერ დაანგრევს ვერც ჩვენს ხალხებს და ვერც ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას", - თქვა დიმიტრი კულებამ.

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია მაქსიმალურად მკაფიოა: ბატონი მიხეილ სააკაშვილი კერძო პირია და თავის კომენტარებში, საქართველოსთან მიმართებით, უკრაინის პოზიციას არ გამოხატავს", - დაამატა მინისტრმა.

მოამზადა სიმონ კილაძემ